დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაგავი ურნების წინ...
2010/10/11 12:33:52

„ბუნებაში არ არსებობს ნარჩენები. ყველაფერი იბადება, კვდება, იშლება და ისევ მიწას უბრუნდება“, - ეს ქუთაისის ქუჩების პროზაული სინამდვილეა...

 

ჩვენს ქალაქში ნარჩენების მართვის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურია. ამ პრობლემას ვერ დამალავ, ვერ მიჩქმალავ. ყველაფერი თვალშისაცემია - ნაგავი ქუჩებში, უფრო ზუსტად - ზედ ურნებთან „განფენილი“. მოქალაქეებს იმდენი მოთმინება აღარ ჰყოფნით, რომ ნაგვის ურნამდე მიტანილი ნაგავი შიგ ჩაჰყარონ და იქვე არ დააგდონ. თან, თუ ქარიცაა (როდის არაა ქუთაისში ქარი), რა მრავალფერი ხდება ეს ნაცრისფერი ქალაქი: ხეებზე, ფანჯრების წინ, ქუჩებსა თუ სადარბაზოების შესასვლელებთან მოფარფატე პოლიეთილენის ფერად პარკებს თუ დავაკვირდებით.

დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი ბესიკ გიორბელიძე გვაიმედებს, რომ ქალაქს უკვე 250 ახალი ნაგვის ურნა აქვს. ქალაქის ბიუჯეტიდან 750.000 ლარი უკვე დაიხარჯა. ახალი ტექნიკა განბაჟების მოლოდინშია და, ჯერჯერობით, საწყობში აწყვია.

„რამდენიმე დღის წინ შემოვიდა ურნების პარტია - 250 ახალი ურნ, 500 ცალი განათების ბოძებზე დასაკიდებელი პლასტმასის ურნა, ორი ნაგავშემკრები „ფორდის“ ტიპის ავტომანქანა და ორი ოპერატიული მანქანა „მერსედეს ბენცის“ მარკის. განბაჟების შემდეგ, ეს ყველაფერი უახლოეს ხანში შეემატება ქალაქს. ჯერ მანქანები უნდა შემოწმდეს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. უნდა მოხდეს მათი ადაპტაცია. შესწავლა და ტრენინგები დასჭირდებათ მძღოლებსაც, ამ უახლესი ტექნიკის ექსპლუატაცია რომ შეისწავლონ“.

ახალი ურნების ცენტრალურ მაგისტრალებზე განთავსების შემდეგ (ჭავჭავაძე, ფალიაშვილი, რუსთაველი, თამარ მეფე, წერეთელი), ძველ ურნებს პერიფერიებში გადაიტანენ.

„ურნები არის, მაგრამ ან პირამდე სავსეა, ან ნარჩენები შიგ არ ყრია. ქუჩაში საშინელი მდგომარეობაა“, - გვეუბნება ერთ-ერთი გამვლელი, ქალბატონი ნანა უგულავა.

„გამოსწორების გზაზე ვდგავართ, მაგრამ ბოლომდე არა. ხალხი ვერ მიეჩვია ურნაში ჩაყრას“, - აღნიშნავს მეორე ქალბატონი.

ახლად შემოსულ და განბაჟებულ ტექნიკას, რომ გამოყენება სჭირდება, ეს დასუფთავების სამსახურშიც ესმით. ამიტომ, გადამზადებას და ახსნა-განმარტებით სემინარებს, მომუშავე პერსონალთან ერთად, მოსახლეობასაც უტარებენ.

„პირველ რიგში, ჩვენ ვეწევით ახსნა-განმარტებით მუშაობას. ჩართულია ტელევიზია, პირადად მე ჩემს მოადგილესთან ერთად დავდივარ საშუალო სკოლებში და ახალგაზრდა თაობას ვხვდები. უკვე 6 სკოლაში ვიყავით: ნიკეაზე, ავანგარდში, სულხან-საბაზე, ვაკის უბნის დასახლებაში და ბავშვებს ნახევარსაათიანი ლექცია-სემინარი ჩავუტარეთ: როგორ უნდა ვიცხოვროთ სუფთა ქუთაისში. ეს იმ შედეგს მოგვცემს, ბავშვი სახლში რომ მივა, მშობელსაც მიუთითებს, მის ტოლსაც, რომ ქუჩაში არ გადააგდონ კოკა-კოლას ბოთლი თუ მზესუმზირის ნაფცქვენი.

ამას გარდა, ქალაქის მერი ხვდება მუნიციპალიტეტების მიხედვით ბინის წარმომადგენლებს, იქაც იგივე საუბარი გვაქვს, - რომ ეს არ გავაკეთოთ.

ჩვენ ჩამოვიტანეთ ტექნიკა, შემოვიტანეთ ურნები. ახლა თვითონ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად გაუფრთხილდებიან ჩვენს ქალაქს“.

ქალაქის კიდევ ერთი პრობლემა - მაღალი კორპუსებია.

„ნიკეას, ვაკის უბნის, სულხან-საბას, ავტოქარხნის დასახლებებში, სადაც მაღლივი კორპუსებია, ცხრასართულიან სახლებში არსებობს ბუნკერები, რაც არის ანტისანიტარიის კერა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, 2011 წლისთვის ყველა ბუნკერი გამოვათავისუფლოთ და მათ მაგივრად კიდევ დამატებით 400 ცალი ურნაა საჭირო, რომ ჩვენ მთლიანად მოვიცვათ მაღლივი კორპუსები,“ - ამბობს ბესიკ გიორბელიძე.

ტრენინგ-სემინარებთან ერთად, ამ სამსახურს ქალაქის დასუფთავებაში ახლადშემოღებული ჯარიმებიც დაეხმარება.

„ჯარიმებთან დაკავშირებით ჩვენი სამსახური ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ახდენს პატრულირებას, კონტროლს. ჩემს სამსახურს 146 პრიმა მუხლით ევალება ჯარიმის დაწერა, რომელიც ფიზიკურ პირზე 200 ლარიანი ჯარიმაა, ხოლო იურიდიულ პირზე - 1000 ლარი. ამას გარდა, გარემოს დაცვის ინსპექციაც გვეხმარება. მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მანქანიდან სიგარეტის ნამწვავის გადმოგდებისათვის 200 ლარიანი ჯარიმებია უკვე დაწესებული და ამ მხრივ კონტროლი იქნება“.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი 750.000 ლარი უკვე დახარჯულია. ახლა დამატებითი ტექნიკის შესაძენად ელოდებიან თანხებს.

„დამატებით რაც ფული შემოვა ბიუჯეტში, იმას გამოვიყენებთ დამატებითი ტექნიკის შესაძენად.

ურნებს პლუს მოსახლეობის მხარდაჭერაც უნდა იყოს და დამგველების რაოდენობაც. სიმართლე გითხრათ, არ არის საკმარისი და არ მოდის ხალხი - მინიმუმ 200 ლარი იქნება დამგველის ხელფასი, მაგრამ, რატომღაც, თავს იკავებენ. ჩვენ მზად ვართ, ამ წუთას 40 დამგველი მივიღოთ.

ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში და თითოეულმა ვიზრუნოთ ამაზე“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია