დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სლობოდა“ - ქუთაისური თუ რუსული მაიონეზი?
2010/06/28 12:44:36

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაიონეზის სახელწოდებასთან დაკავშირებით ორ ფირმას შორის სასამართლო დავა გაიმართა. მაიონეზი „სლობოდა“ რუსეთიდან შემოდის და მას კარგად იცნობს ქართველი მომხმარებელი. ამ სახელწოდების მაიონეზი რუსეთში 1992 წლიდან იწარმოება. ის დარეგისტრირებულია ქ. ალექსეევკაში, ს.ს. „ეფირნოეს“ მიერ. ამავე სახელწოდების მაიონეზი კი ახლახან ქუთაისმაც გამოუშვა. შპს „ჯი თი სი & კომპანი“-მ შეძლო საქპატენტში შესაბამისი სასაქონლო ნიშნის მოპოვება.

სასამართლოს ს.ს. „ეფირნოეს“ ქართველმა წარმომადგენელმა კობა ბობოხიძემ მიმართა. მან „ჯი თი სი & კომპანის“ „სლობოდას“ აღმნიშვნელი სასაქონლო ნიშნის გაუქმება და ამ სასაქონლო ნიშნით აღნიშნული მაიონეზის სამომხმარებლო ქსელიდან ამოღება მოითხოვა. „კობა ბობოხიძის განმარტებით,   ს.ს.   „ეფირნოეს“   „სლობოდას“  სამრეწველო  ნიშანზე პატენტი მოპოვებული აქვს „საქპატენტში“ 2007 წელს. მოწინააღმდეგე ფირმამ კი 2009 წელს მოახდინა იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. ბობოხიძის განმარტებით, კონკურენტმა ფირმამ ამით დაარღვია საავტორო უფლებები, „სლობოდას“ საყოველთაოდ ცნობილი ეტიკეტის მითვისებით თავის კომერციული მიზნების რეალიზება არაკეთილსინდისიერი გზით მოახდინა. მოპასუხე ფირმა კი „საქპატენტის“ მიერ გაცემული უფლებით მანიპულირებს.

სასამართლომ „ეფირნოეს“ წარმომადგენელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რისთვისაც საქართველოს კანონები დაიმოწმა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ფირმას რუსეთსა და სხვა ქვეყნებში სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული აქვს მხოლოდ სიტყვა „სლობოდა“, ხოლო სხვა ნებისმიერი ასო, სიტყვა და ფერთა შეხამება დაცული არ აქვს.

სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ჯი თი სი & კომპანი“ და  „ეფირნოეს“ იდენტური სავაჭრო ნიშანი აქვს. ეს დასკვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ რუსულ „სლობოდას“ და მის ქუთაისურ, სეხნიას ზუსტად იდენტური სავაჭრო ნიშნები არ აქვთ. თურმე ქუთაისური ოდნავ განსხვავდება მისი რუსული წინამორბედისაგან. ამდენად, რომელი მაიონეზის შეძენა სურს, რუსული „სლობოდას“ თუ ქუთაისურის, ამის გარკვევა მომხმარებელს თავად მოუწევს. ისე, სასამართლო დავა ამით არ დასრულებულა, „ეფირნოესა“ და ქუთაისურ ფირმას შორის სახელწოდებისთვის ბრძოლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია