დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამცდარი ხელები
2010/05/24 12:28:06

უბრალო მუშა კაცი ვარ, ხშირად ახალგაზრდობის პარკთან ვდგავარ ხელოსნების ბირჟაზე...

ბუზღუნით გადმოვჭერი პროსპექტი, წვიმისაგან ერთიანად სველი და შემცივნებული მეათასედ ვაგინებდი და შეჩვენებას ვუგზავნიდი დღევანდელ კლიენტს. ოჰ, რამდენი მაწვალა იმ ოჯახდასაქცევმა, რაღაც თხუთმეტი წუთის საქმე მაქვსო და არ დამაღამებინა?! მერედა, სულ რაღაც 20 ლარის გულისთვის.

დილიდან უჟმური დღე იყო, ძლიერი ქარ-წვიმა კიდევ უფრო ამძაფრებდა ნეგატიურ განწყობას, ერთი კლიენტი რაა, ისიც კი ვერ მოვიხელთე, არ ჩანდა ხალხი. ასეთ ამინდში, ეტყობა, ყველას ეზარება საქმეზე სირბილი, მთელი დღე უქმად მყოფს მშიერსა და გათოშილს ვიღაც ქოლგიანი კაცი მომადგა:

- აბაზანაში წყალი მეღვრება, მგონი, სიფონია გამოსაცვლელი, აქვე ვცხოვრობ, გზის მეორე მხარეს, წამოხვალ?

- წამოვალ?

მთელი დღე ვერაფერი ვიშოვნე, იქნებ პურის ფული მაინც შევიტანო საღამოს სახლში, წავყევი.

... ახლა გვიანია, მორიგე ტრანსპორტიც უკვე აღარ იქნება, ტაქსის გაჩერებას გავხედე, ისევ ტაქსისტების ლუკმა უნდა გავხდე. მთლიანად სველი ვარ, ჩემი ძველი ფეხსაცმლის დამბალი ლანჩები აძრობის პირასაა, თან დაღლილსა და განერვიულებულს ფეხით სიარულის თავი ნამდვილად არა მაქვს.

გაჩერებაზე მივედი. თითქოს ჯიბრზე, არცერთი ნაცნობი მძღოლი არ დამხვდა, ვიღაც უცნობი ლაწირაკი იჯდა ნაავარიებ „გოლფში“ და რადიოს უსმენდა. „უცხოა, დავიცდი, იქნებ ვინმე ჩვენი ბიჭებიდან მობრუნდეს და ნორმალურ ფასში ჩამიყვანოს,“ - გავიფიქრე.

თაღებს ქვეშ ვიღაც, ჩემსავით დაგვიანებული ამაოდ ცდილობდა, სვეტს ამოფარებულს თავი დაეცვა ძვალ-რბილში გამჭოლი, სუსხიანი ქარწვიმისაგან. მის მაგალითს მივბაძე და სვეტს ამოვეფარე.

- ტრანსპორტი იქნება ვითომ? - მკაფიო მეგრული კილოთი მკითხა უცნობმა. მოვიხედე. წეღანდელი, ქართან მებრძოლი მამაკაცი წამოწეული საწვიმარის საყელოთი გაყინული ხელების ფშვნეტით მომიახლოვდა.

- არა მგონია, გვიანია უკვე - პესიმისტურ პერსპექტივასთან გასამკლავებლად სიგარეტი ამოვიღე.

- მასე მგონია მეც. მომაწევინე ერთი!.. და თანხმობამდე გამოიშვირა ხელი ჩემი სიგარეტის კოლოფისაკენ. უხმოდ მივაწოდე, ამოიღო, მოუკიდა და მადიანად გააბოლა.

- აგაშენა ღმერთმა... ერთი საათია, აქ ვდგავარ და არაფერმა არ გამოიარა, მოვკვდი, გავიყინე კაცი.

უცნობი კარგად შევათვალიერე. გამხდარ, ჩაცვივნულ ყბებზე რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი ჯაგარივით ადგა. სახეზე აშკარად ჩანდა მომქანცველი ფიზიკური შრომის კვალი. - მუშა კაცის! არადა ჩვენს ბირჟაზე არასოდეს მინახავს. ნეტავ, ვინ არის?

- სადაური ხარ, მეგობარო? - მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ჩავ-ყევი დიალოგში.

- ზუგდიდელი.

- ზუგდიდელი, კაცო?! - აშკარად დავიტყვე გაკვირვება.

- ხო, გიზო ვარ მე, სტადიონს ვაშენებთ, ახლა მოპირკეთებაზე ვმუშაობთ. ხუთ დღეში მიშა ხსნის ობიექტს, ამიტომ გვაჩქარებენ, გვიანობამდე ვმუშაობთ, არადა, ამის ბოლომდე ნორმალურად მომთავრებას, მინიმუმ, ერთი თვე მაინც უნდა კიდევ.

ყველაფერი ნათელია, სტადიონის რეკონსტრუქციაზე მუშაობს... ვიცი, მეც ვიყავი მისული, დამასაქმეთ-მეთქი. ვერაო! ობიექტი თბილისის ფირმას აქვს აღებული და მუშებიც მათ აყავთო.

ტაქსის მძღოლი დროდადრო იმ კაცის თვალებით გადმოგვხედავდა, სოროს ხვრელთან რომ ზის და ასპროცენტიანი ნადავლით წინასწარ ტკბება. ტაქსთან მივედი და მინაზე დავუკაკუნე. ჩამოსწია:

- რამდენად წამიყვან, ძმაო?

- ათი ლარი! - მოკლედ და თითქოს შეუვალად მიპასუხა მან.

- არ გრცხვენია? ხუთი კილომეტრიც კი არ არის. რა ათი ლარი, გვძარცვავ? - წარმოვიდგინე, დღევანდელი ჩემი ნაშრომ-ნაწვალებიდან მეოთხედი მაინც ამისათვის როგორ უნდა მიმეცა და მოლაპარაკება ვცადე.

უშედეგოდ.

- ხუთ-ხუთი ლარი დადეთ და იაფად გამოხვალთ. - მირჩია პრაქტიკულმა მძღოლმა.

- ფუ, შენი!- კარგად შევუკურთხე გულში უნამუსო მძღოლს, - მივაშავოთ ხუთ-ხუთი ლარი და წავიდეთ, აქ ხომ არ გავიყინებით. - მივმართე მეგრელს.

- სხვა გზა რადგან არ არის - დამყვა ხუტა.

ტაქსშიც და შემდგომ მთელი საღამო ვფიქრობდი...

რატომ აშენებს ქუთაისს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოყვანილი ხალხი - ქუთაისელების გარდა, ყველა... მაშინ, როცა ამ ქალაქის მცხოვრებლები დილიდან საღამომდის ხშირად უსაქმოდ ვდგავართ?!

განა ზუგდიდელს, თელაველს, გორელს, თბილისელს უფრო ეყვარება ქუთაისი, ვიდრე მე? ჩემზე უფრო დიდი რუდუნებითა და პასუხისმგებლობით ამოიყვანს კედელს, დააგებს ქვაფენილს ქუჩაზე, რომელზედაც თავად, შეიძლება, აღარც კი მოუწიოს გავლა?!

ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, სიხარულიც და გაჭირვებაც ბევრი მინახავს. მიყვარს ჩემი ქუთაისი, სულითა და გულით მინდა იმ მცირედ აღმშენებლობაში მაინც მივიღო მონაწილეობა, რაც კეთდება. თითქოს ვერც კვალიფიკაცია უნდა დამიწუნონ. ბევრ აქ ჩამო-ყვანილ მუშას ათი თავით აღვემატები პროფესიონალიზმით, მაგრამ?!!

ქუთაისის გარეუბნების დიდი ნაწილი ჩემს ბავშვობაში აშენდა. მახსოვს, პატარა ბავშვი როგორი აღფრთოვანებით ვადევნებდი თვალს მშენებარე კორპუსების ხარაჩოებზე მოფუსფუსე ადამიანებს. ბავშვური გულუბრყვილობით ვნატრობდი, მალე გავზრდილიყავი მეც მათსავით მეშრომა, მეშენებინა მაღალი და ლამაზი სახლები. დღეს თითქოს რაღაც შენდება, მაგრამ მე ისევ გარედან შევცქერი ყოველივეს. თითქოს შანსიც კი არა მაქვს... დამკვეთისაგან აჩქარებული, ჩამოყვანილი მშენებლები კი ნაუცბათევად, ერთი ხელის მოსმით ამთავრებენ ყველაფერს, მათი უგულოდ შესრულებული სამუშაო ხშირად რამდენიმე თვეში ფუჭდება.

ქაღალდზე გაკეთებული საქმე კი ქუთათურების გულისტკივილსა და წყრომას იწვევს მხოლოდ!

რატომ არ გვაშენებინებენ ჩვენ ჩვენსავე ქალაქს? ნეტა, ვინ წყვეტს ამ ამბავს, ან ვისი ნებასურვილით შენდება ქალაქი ჩვენს გვერდით?

 

მანუჩარ კუბლაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია