რამდენიმე წელია, იმერეთის რეგიონის სოფლებში მგლები გამოჩნდნენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან მგლებისგან მიყენებულმა ზარალმა რამდენიმე ასეულ ლარს მიაღწია.
ნადირი სოფლის მცხოვრებთა შინაურ მსხვილფეხა პირუტყვს საძოვრებზე თავს ესხმის. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით ცხადაძემ წერილით მოგვმართა: „ქუთაისის გარეუბანში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ნაპირზე, ჭოგნარის ტერიტორიაზე, ქუთაისიდან ორ კილომეტრში, გამოჩნდნენ მგლები, რომლებიც მუსრს ავლებენ ადგილობრივი მოსახლეობის მსხვილფეხა პირუტყვს. ორიოდე კვირის უკან მგელმა სამი სული დეკეული გაუნადგურა სოფელ პატარა ჭოგნარში მცხოვრებ ოთარ ბანძელაძეს, ხოლო ერთი სული - დავით ტუკვაძეს. ორიოდე დღის უკან კი ერთი სული ძროხა შეუჭამა სოფელ ოდილაურის მცხოვრებს. მოსახლეობა სასწრაფოდ შველას ითხოვს. ჩვენ ქუთაისის გარემოს დაცვის ინსპექციას მივმართეთ და ველოდებით ქმედით დახმარებას, თუმცა, ჯერჯერობით მათი მხრიდან დახმარება არავის აღმოუჩენია.“
გარემოს დაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსის თემურ კეპულაძის განცხადებით: „ჩვენ ამ ფაქტების შესახებ ვიცით. გარდა ამ სოფლისა, მგლებმა ორი სული მსხვილფეხა პირუტყვი ზედა საზანოს მცხოვრებსაც შეუჭამეს. ამიტომ ჩვენ ინფორმაცია ზემდგომს მივაწოდეთ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას დირექტივები მივეცით. იმ შემთხვევაში, თუ მგლები სოფლის მცხოვრებლებს ზიანს მიაყენებენ, შეუძლიათ ლიკვიდაცია თავად მოახდინონ, ოღონდ მოკვლის შესახებ აუცილებლად აცნობონ გარემოს დაცვის ინსპექციას, რათა ცხოველი დაიმარხოს. არ მოხდეს მგლის გატყავება და არ შეიქმნას იმის ეჭვი, რომ მისი ბეწვის გატანა ვინმეს საზღვარგარეთ სურს. აქვე გეტყვით, მგლის ხროვას აქვს ასეთი ჩვევა, რომ ისინი 50 კილომეტრის რადიუსში ეძებენ საკვებს და მის მოსაპოვებლად დადიან. ჩვენ შესაბამისად, უნდა დავადგინოთ, არიან თუ არა თერჯოლის რაიონის სოფლებში სხვადასხვა დროს გამოჩენილი მგლები ერთი და იმავე ხროვის. თუმცა მანამდე მოსახლეობას თავად შეუძლია, საფრთხე თავიდან აიცილოს.“
გარდა იმერეთისა, ბოლო პერიოდში მგლები სამეგრელოს და კახეთის რეგიონებშიც გამოჩნდნენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მგლების ბარად ჩამოსვლას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთი - იმ წონასწორობის დარღვევაა, რაც გარეული მტაცებელი ცხოველისთვის საჭირო საკვების შეზღუდვას ეხება.