დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვისთვისაა ქუთაისის კლინიკური საავადმყოფო „კარგი ლუკმა?“
2010/04/26 17:03:11

ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო პერსონალმა, საავადმყოფოს პრივატიზებასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობის გასარკვევად, სპეციალური კრება მოიწვია. შეხვედრა ექიმთა პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი კოტე ხელაძეც ესწრებოდა. სამედიცინო პერსონალის ინიციატივა იმ შუამდგომლობის წერილს ეხებოდა, რომლითაც ეკონომიკის და ჯანდაცვის  სამინისტროებს მიმართეს.  ისინი თავისივე ხარჯებით საავადმყოფოს შეძენას გეგმავენ. კლინიკურ საავადმყოფოს 2006 წლიდან დღემდე რამდენიმე მფლობელი ჰყავდა: „PSP“, „ავერსი“ და „ბლოკ ჯორჯია“. დღეს კი საავადმყოფოს შესყიდვაზე თავად იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალი ფიქრობს.

თუმცა კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა კოტე ხელაძემ თავიდანვე განაცხადა, რომ: „ეს კრება არ არის თანამშრომელთა საერთო კრება, რადგან არ არის არც ქვორუმი და არ აქვს ამ კრებას უფლებამოსილება. თქვენი საქმე თქვენ იცით, მაგრამ მერე, ალბათ, იურიდიულად გაირკვევა, არის თუ არა ეს თანამშრომელთა საერთო კრება. ამას შეიძლება დაერქვას პროფკავშირის კრება, რომელიც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის წევრია.“

კოტე ხელაძის ამ განცხადებას მედიკოსების აღშფოთება მოჰყვა, რადგან ისინი პირველი პირისგან რეალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ.

ექიმ ნიკოლოზ ზიბზიბაძის თქმით: „სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ გავიგეთ, ვინ გვხელმძღვანელობდა და ვის მფლობელობაში ვიყავით. ჩვენ დღესაც გაურკვევლები ვართ. ამ ფაქტს ჩვენი კოლექტივის შრომისუნარიანობის მხრივ არ უმოქმედებია. დღეს კლინიკურ საავადმყოფოს კარგი შემოსავლები აქვს და მენეჯმენტი კარგია. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ეს საავადმყოფო წამგებიანია და მისი კოლექტივი შრომისუუნარო - პირიქით. ამ დრომდე ერთი თეთრიც კი არც ერთ ინვესტორს საავადმყოფოს განვითარებისთვის არ ჩაუდვია. მიუხედავად ამისა, საავადმყოფო ვითარდება და ყველაფერი ჩვენი შემოსავლებით კეთდება. ვინაიდან საკუთრების ფორმა დღემდე განუსაზღვრელია და არ ვიცი, ვის და რა ფორმით ვეკუთვნით, ამიტომაც შევიკრიბეთ და გვაინტერესებს, რა ხდება. ფაქტია, რომ ტენდერებმა ჩვენ დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა. ახლა ჩვენ ვდგავართ გადაწყვეტილების წინაშე - როგორ მოვიქცეთ და რა გზას დავადგეთ.“

კლინიკური საავადმყოფოს გასხვისებისთვის ტენდერი ეკონომიკის სამინისტროს 19 აპრილს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიშალა.

საავადმყოფოს დირექტორი კოტე ხელაძე ამბობს: „დღესდღეობით კლინიკური საავადმყოფო რჩება „ბლოკ ჯორჯიას“ განკარგულებაში და ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნებული არ არის. ირაკლი გიორგობიანის სიტყვებით, ამ საკითხს და გაყიდვის ფორმასაც თვის ბოლოს პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს. გადაწყდება ისიც, გადაეცემა ეს კოლექტივს თუ მოვა ვინმე და იყიდის. შეიძლება ნაწილ-ნაწილაც გაიყიდოს. ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, თუ ვისია ეს საავადმყოფო და რა ფორმით გადაწყვიტეს ეკონომიკის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა ამ საავადმყოფოს გაყიდვა, ეს ნაბიჯი ნაადრევად მიმაჩნია. მე გეტყვით, რომ თბილისში რამდენიმე საავადმყოფოს კოლექტივმა თავად გადაწყვიტა საავადმყოფოს შესყიდვა, მაგრამ არ გამოვიდა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფომ, მთავრობამ ამ საავადმყოფოების გასხვისება გადაწყვიტა არა კოლექტივზე, არამედ - სხვაზე. შესაბამისად, გეგმები ჩაიშალა. სიტყვა „ერთად დგომა“ ძალიან კარგი სიტყვაა, მაგრამ 2005 წლის ივნისიდან მე ამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვარ და აქ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთად დგომა არ მინახავს. მიუხედავად ამისა, საავადმყოფო არ დაქცეულა. შეგიძლიათ, ჩაიხედოთ უწყისებში და ნახოთ, ვის რამდენი ხელფასი აქვს. შეგიძლიათ, ფინანსური მენეჯერისგან მოითხოვოთ ანგარიში - რამდენი მოგება დარჩა 2009 წელს საავადმყოფოს. ასევე ნახოთ, რამდენი აპარატურაა რა თანხად შეძენილი. ამის მიხედვით შეძლებთ შეაფასოთ იმ ჯგუფის მუშაობა, ვინც მენეჯერულ ფუნქციას ასრულებდა. შუამდგომლობის აღძვრა საავადმყოფოს შესყიდვაზე კი მიმაჩნია ნაადრევად. მე მაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები ვისაც ამ საავადმყოფოში თანხის ჩადება სურთ? ერთი - ბატონი მურმან ბანძელაძე, მეორე - ბატონი პაატა თუთბერიძე, დანარჩენები ვინ არიან? ჩემი აზრით, ჩვენს საავადმყოფოს ცალკე დამოუკიდებლად არსებობა ძალიან გაუჭირდება. მაგრამ მე მინდა განგიმარტოთ, თუ რას ნიშნავს „ინვესტორი“. ინვესტორი ნიშნავს მფლობელს და არა - ინვესტიციის ჩამდებს. „ინვესტორი“ არის მფლობელი, რომელიც შესაბამისად განახორციელებს მის მენეჯმენტს და ეს მისი სურვილია, აღჭურვოს თუ არა მისი ქონება. აქამდე არც ერთი თეთრი კლინიკურ საავადმყოფოში ინვესტირებული არ არის. მცნება „ინვესტორიც“ არ არსებობს და თუ რატომ, ეს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ჰკითხეთ.“

კლინიკურ საავადმყოფოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წელია მოგებაზეა ორიენტირებული, 712 000 ლარი სახელმწიფოს ვალი ერიცხება, რომელიც 2005 წლამდეა დაგროვილი. გრაფიკის მიხედვით, ეს ვალი რესტრუქტუირებულია და მისი გადახდა პირველ წელს კვარტალში 27 000 ლარით იწყება. ეს თანხა შემდეგ წლებში იკლებს. საავადმყოფომ ვალის გადახდა მიმდინარე წლის მაისიდან უნდა დაიწყოს. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, თანხა რესტრუქტუირებულია 6%-იანი მოგებით სახელმწიფოს სასარგებლოდ.

გარდა ამისა, 2005 წელს კლინიკური საავადმყოფოს ღირებულება 800000 ლარით განისაზღვრებოდა. საავადმყოფოს დღეს ძირეული რეკონსტრუქციაც სჭირდება, თუმცა კოტე ხელაძის კითხვა თანამშრომლებისადმი მხოლოდ ერთია - მზად არიან თუ არა საავადმყოფოს შესყიდვის მსურველები ქუთაისში სამედიცინო ბიზნესის განსავითარებლად?

კლინიკური საავადმყოფო პაციენტების ურგენტულ მიღებაზეა დამოკიდებული. 446 000 ლარი ის თანხაა, რომელიც სადაზღვეო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგმა“ გასული წლის მომსახურებისთვის საავადმყოფოს ხელმძღვანელებს წარუდგინა. თუმცა 46 000 ლარის ჩამოკლების ალბათობაც თან დაურთო, რადგან გეგმა გადაჭარბებული აღმოჩნდა სახელმწიფო სტანდარტზე. კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს: „მიუხედავად იმისა, 2006 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, კერძო სადაზღვეო კომპანიები 2006 წლის ურგენტული ფასებით გვამუშავებენ.“

ექიმი პაატა თუთბერიძე ამტკიცებს, რომ: „კლინიკური საავადმყოფო „ბლოკ ჯორჯიას“ გარკვეული პირობით გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თავად განაცხადა, რომ „ბლოკ ჯორჯიამ“ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. ამიტომაც, მისი უფლება ჯერჯერობით შეჩერებული და ჩამორთმეულია. ამ ქონების განკარგვა შემდეგ ეტაპზე გადაწყდება. ამ წუთში ჩვენ „არც მიწისა ვართ და არც ცისა.“ მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად არ აღჭურვისა, კლინიკური საავადმყოფო მაინც „კარგი ლუკმა“ ჩანს და „ბლოკ ჯორჯიას“ არ უნდა, ხელი გაუშვას. იმიტომ, რომ ამ პირობებშიც კი საავადმყოფო მოგებაზე მუშაობს. ეს აქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა. დღევანდელ სამედიცინო ბიზნესს სადაზღვეოები ამ სტილში თუ გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება.“

„დღეს აქ შეკრებილი ხალხი ხვალინდელ დღეზე ფიქრობს - რა გვეშველება! იმის მტკიცება, რომ თუ ამ შუამდგომლობას გავაგზავნით, დავიღუპებითო, ტყუილია. ეს არის ტრადიციული ტაძარი, რომელმაც თავის დროზე იმერეთში ამ სფეროში თავისი სიტყვა თქვა. რაც შეეხება დაღუპვას, თუ ამ ხუთი წლის მანძილზე კოტე ხელაძის ხელში ვიყავით და მოგებაზე ვიმუშავეთ, ახლა ჩვენი, რომ იქნება, რა გაგვაჩერებს? აქ არის კარგი მენეჯმენტი ჩასატარებელი.  ჩვენს ხელში გაზრდილმა ბავშვებმა „ცივ ქვაზე“ ააშენეს საავადმყოფოები და ახლა მოგებაზე არიან. იმათ კოლექტივი და კარგი ექიმები საძებარი ჰყავთ. ჩვენთან კი მენეჯმენტი არ იმართება სწორად, რის გამოც კადრები იკარგება. მე ვფიქრობდი, რომ ეს კრება მართლაც ნაადრევი იყო, მაგრამ - არა. იცის ვინმემ გადაჭრით, რა მოუვა „ბლოკ ჯორჯიას“ ხვალ და ზეგ? ამ საავადმყოფოში არიან ადამიანები, რომლებიც 35-40 წელი მუშაობენ, მათ ყველას რაღაც ორი კაპიკი გააჩნიათ და სურთ, აქ, ამ საავადმყოფოში, ჩადონ. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ!“ - ამბობს ექიმი ომარ ღიბრაძე.

კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის, ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრების, იმერეთის გუბერნატორის და ქუთაისის ქალაქის მერის სახელზე შუამდგომლობის წერილს უახლოეს დღეებში გააგზავნიან. ისინი საავადმყოფოს შენობის კოლექტივისთვის უზურფრუქტის წესით გადაცემას ითხოვენ. კლინიკური საავადმყოფოს „ბედი“, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გადაწყდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია