დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ასლან აბაშიძის საქმის განხილვა ქუთაისში იწყება
2010/04/19 13:14:06

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის საქმის განხილვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უახლოეს მომავალში შეუდგება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აბაშიძის საქმე 2007 წელს განიხილა და მას დაუსწრებელი განაჩენი გამოუტანა. აჭარის ყოფილი ლიდერის უფლებებს ცნობილი ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავდა.

ასლან აბაშიძე აჭარას 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან ამავე წელს დააფუძნა „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“, რომელიც 2004 წლის მაისის ცნობილ მოვლენებამდე არ დაუტოვებია.

იმ მრავალრიცხოვან ბრალდებათაგან, რომელიც „აჭარის ლომს“ წარუდგინეს, უმთავრესი ერთპიროვნული მმართველობის დამყარებაა - ბრალდებაში ნათქვამია: „მან თავისი და მისი ნათესაურ-კლანური გარემოცვისთვის ფინანსური გამორჩენისა და პოლიტიკური უპირატესობის მიღების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის მიღების საშუალებები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, რითაც, ფაქტობრივად, ერთმმართველი გახდა.

1993 წლის 14 მარტის დადგენილებით, აბაშიძემ შეიარაღებული ფორმირება ჩამოაყალიბა, რომელსაც „ტერორიზმისა და ბანდიტიზმის“ წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. ეს რაზმი საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში არ შედიოდა, რაც ქვეყნის ძირითად კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. აბაშიძეს ბრალი დასდეს იმ ფაქტის გამოც, რომ 1993 წელს მან ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე ხიდის დანაღმვის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც 2004 წლის მაისამდე ხიდი დანაღმული იყო. ნაღმს ყოველწლიურად ამოწმებდნენ და აახლებდნენ, ბოლოს კი გამოიყენეს კიდეც.

აბაშიძე თავის ნებაზე განაგებდა აჭარის ბიუჯეტს, 1997 წლის ნოემბერში კი მან დააფუძნა „მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდი“, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინიდან, სახელმწიფო ორგანოებიდან და საწარმოებიდან უკანონოდ ირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები. მათ  აბაშიძე თავისი შეხედულებისა და სურვილების მიხედვით განაგებდა. საქმე მილიონებს ეხება. ბრალდების თანახმად, ასლან აბაშიძის მიერ გაფლანგულმა თანხამ 98 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აბაშიძემ თავისი შეხედულებისამებრ შეცვალა ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობაც.

აბაშიძის ადვოკატი მისი კლიენტისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა, მისი მტკიცებით, მის მიერ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა არ დასტურდება, მას არც საზოგადოებრივი ინტერესებისა ან ცალკეული მოქალაქეების უფლებებისთვის მიუყენებია ზიანი. ბათუმის სასამართლო აჭარის ყოფილი ლიდერისადმი განსაკუთრებით მკაცრი იყო. სასამართლომ აბაშიძის ქმედებებში შემამსუბუქებელი გარემოებები ვერ იპოვა და მას, საერთო ჯამში, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე იმ თანხის - 98 მილიონი ლარის დაფარვა, რომელიც სასამართლომ მისი და მისივე გარემოცვის მიერ გაფლანგულად გამოაცხადა.

აქამდე დევნილობაში მყოფ პირებს კანონი დაუსწრებელი განაჩენის გასაჩივრების უფლებას არ აძლევდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ კანონის ეს მოთხოვნა შეიცვალა და, ამდენად, აბაშიძის ინტერესების დამცველებსაც შესაძლებლობა მიეცათ, ბათუმის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გასაჩივრებისა, საქმის განხილვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მალე დაიწყებს, თუმცა შეიცვლება თუ არა ამით რაიმე განაჩენში, ამის თქმა, ჯერჯერობით, ძნელია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია