დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტები ლექტორებს იცავენ
2010/03/29 12:35:32

ქუთაისის უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებისთვის ღელვა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გასულ კვირას სწავლა დაიწყო და, შესაბამისად, ამ საკითხით სტუდენტებიც დაინტერესდნენ. ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა, ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტებმა  და დოქტორანტებმა განცხადებით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი ონიანს. განცხადების შინაარსი ასეთია:

„შევიტყვეთ რა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებული ლექტორ-მასწავლებელთა კონკურსის შედეგების შესახებ, გაკვირვებულნი დავრჩით და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ყურადღება სამ ლექტორზე გაგვემახვილებინა: ბ-ნი ტარიელ ფუტკარაძე, ქ-ნი რუსუდან საღინაძე და ქ-ნი ეკა დადიანი.
აღნიშნული კონკურსის შედეგად ბ-ნი ტარიელი უნივერსიტეტის მიღმა დარჩა, ქ-ნი რუსუდან საღინაძისა და ეკა დადიანის შეფასება, ჩანს, არაობიექტურად მოხდა, რის გამოც ქ-ნ ეკა დადიანს ჩამოერთვა ლექციების წაკითხვის უფლება, ქ-ნი რუსუდანი კი უსამართლობის გამო უნივერსიტეტის დატოვებას აპირებს...
მოგახსენებთ, რომ ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი მიუძღვით სტუდენტების მეცნიერულ აღზრდაში. ბ-ნი ტარიელის დაუღალავი შრომა, კონფერენციები და საჯარო ლექციები, ექსპედიციები არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებშია ცნობილი. ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი სპეციალობის სტუდენტების აკადემიური დონე უმცირეს ნიშნულს გაუტოლდებოდა.

წარმოუდგენელია ქ-ნი რუსუდან საღინაძის გარეშე უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრება. მთელი მისი ცოდნა, ძალა და ენერგია ჩვენზე, სტუდენტებზეა მოტივირებული, რასაც საენათმეცნიერო წრის არაერთი ღონისძიება და კონფერენცია ადასტურებს. ქ-ნი რუსუდანი ჩვენთვის ნათელი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ენათმეცნიერი, მეტიც - იგი ჩვენთვის ქართულ ენასთან ასოცირდება!
ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რა პრინციპებით მოქმედებდა ბ-ნი ექსპერტი, როცა მონაცემებს განიხილავდა, მაგრამ იმას კი აშკარად ვამჩნევთ, რომ ეს შედეგები, უბრალოდ, ჩვენი უნივერსიტეტის დაცინვაა. თუ არა ეს გარემოებები, მაშ, რა უნდა იქნას გათვალისწინებული ლექტორ-მასწავლებელთა შეფასებისას: გვაინტერესებს, რატომ არ ითვალისწინებენ სტუდენტების ინტერესებს, ლექტორი ხომ არა ექსპერტის, ან სხვა ვინმეს, არამედ ჩვენს წინაშე უნდა წარსდგეს და სალექციო კურსი წარმართოს! სამართლიანი იქნება, თუ შეფასების კრიტერიუმებში რაღაც პროცენტით მაინც ჩავრთავთ სტუდენტების აზრს, ჩვენ ხომ ამ უნივერსიტეტის ისტორიას ვქმნით, ამ უნივერსიტეტში ვსწავლობთ და არა მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებას ვაპირებთ!
ამ ყველაფრის ფონზე, ეჭვქვეშ ვაყენებთ ექსპერტის კომპეტენციას და, თუკი მდგომარეობა არ შეიცვლება, ვითხოვთ, განმეორებით ჩატარდეს კონკურსი.
ეს არის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის უკლებლივ ყველა სტუდენტის გულწრფელი აზრი. გვაპატიეთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა სწავლის გაგრძელება იმ უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს არ წაიკითხავენ ბ-ნი ტარიელ ფუტკარაძე, ქ-ნი რუსუდან საღინაძე და ქ-ნი ეკა დადიანი, სადაც არ გაითვალისწინებენ სტუდენტთა უფლებებსა და თხოვნებს.“ განცხადებას ხელს სულ 80 სტუდენტი აწერს.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების კონკურსში ქართული ენის მიმართულებით გამოცხადებული იყო სამი სრული პროფესორის ადგილი. ერთი ადგილი, ჯერჯერობით, კვლავ ვაკანტურია. ქართული ენის კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიზებულს უწოდებს თავად ბატონი ტარიელ ფუტკარაძე. 

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა: მე, ჯერჯერობით, უნივერსიტეტს მიღმა აღმოვჩნდი, ხოლო სხვა ორი ადგილი დაიკავა ორმა თავისთავად ნორმალურმა ადამიანმა, რომელთა საკონკურსო მონაცემები აშკარად ჩამოუვარდება ჩემსას (ამას თავადაც აღნიშნავენ, წუხან და გაკვირვებულნი არიან ამ ულოგიკო შედეგით):
სხვა თუ არაფერი, მე ვარ 6 დოქტორის აღმზრდელი. ამჟამად უნივერსიტეტში ამ სპეციალობით მოქმედებს მხოლოდ ჩემს მიერ დაწერილი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ეს აქტივობები სხვა კონკურსანტებს არა აქვთ; ჩემი სხვა მონაცემებისათვის ჩემი CV შეგიძლიათ იხილოთ. კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ავთანდილ არაბული. როგორც კომისიის სხვა წევრები ამბობენ, ავთანდილ არაბულის მიერ ჩემი „დისკრიმინაციის“ საბაბი თუ მიზეზი (ესეც გასარკვევია!) აღმოჩნდა ჩემივე ერთ-ერთი სამეცნიერო თვალსაზრისი, რომელიც მოკლედ ასე ჩამოყალიბდება: ქართველებს ერთი დედაენა გვაქვს.“

თუმცა, ბატონ ტარიელს სხვა საკითხების მიმართაც აქვს თავისი თვალსაზრისი: ფონეტიკის, ბრუნვათა რაოდენობის, მწკრივთა რაოდენობის, ზმნის სრული პარადიგმის შესახებ და სხვ.
საკონკურსო კომისიას კონკურსანტების ფაქტობრივი მონაცემების შედარებით არ მოუხდენია შედეგების დადება, ფაქტია, სამეცნიერო დისკუსია ანგარიშსწორების მოტივად აქცია.
ქართული ენის ქვეკომისიამ სალექციო პრაქტიკას ჩამოაშორა ასევე სხვა სპეციალისტები (ეკა დადიანი, მაია მიქაუტაძე...), რომლებიც ტარიელ ფუტკარაძის მიერ ჩამოყალიბებულ დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობენ და უშუალოდ მისი თანამოაზრეები არიან. არაადეკვატურად შეფასდა რუსუდან საღინაძის მონაცემებიც. რომელიც სრული პროფესორობისათვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა, კომისიამ ასე არ ჩათვალა.

ტარიელ ფუტკარაძე კონკურსს ასეთ შეფასებას აძლევს: „ბოლშევიკური ანგარიშსწორება განსხვავებული თვალსაზრისის გამო“

ქალბატონი რუსუდანი, ჯერჯერობით, პრესასთან კომენტარს არ აკეთებს და სააპელაციო კომისიის დასკვნას უცდის.

გაზეთი „P.S.“ კომისიის წევრს ავთანდილ არაბულსაც დაუკავშირდა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ კონკურსანტების პრეტენზიები არასამართლიანია.

„მე საერთოდ არ ვიცი ტარიელ ფუტკარაძის მონაცემები, ამ მონაცემებს ჩემს ხელში არ გაუვლია, შესაბამისად, ტყუილად მაბრალებენ, რომ თითქოს, განსხვავებული აზრის გამო, მე დავბლოკე მისი კანდიდატურა სრული პროფესორის თანამდებობაზე.“

ბატონი ავთანდილ არაბული კომისიაში ქართული ენის ერთადერთი სპეციალისტი იყო და წარმოუდგენელია კონკურსანტთა საბუთებს მის ხელში არ გაევლო.

სტუდენტებიც და ლექტორებიც სააპელაციო კომისიის დასკვნას ელოდებიან. მისი სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. ესეც კანონის დარღვევაა. თუმცა, უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი ონიანი ამბობს, რომ ამას თავისი საპატიო მიზეზები აქვს.

„სხდომა რომ გამართულიყო, დამატებითი ექსპერტების მოწვევა იყო საჭირო. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის ექსპერტები, რომლებიც მოვიწვიეთ სააპელაციო კომისიაში, არ დათანხმდნენ: ზურაბ ჭუმბურიძე, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი.“

ამ ფაქტის გამო გადაწყვეტილების მიღება ისევ ძველ კომისიას მოუწევს, ოღონდ, როგორც რექტორი ამბობს, სააპელაციო განცხადებებსაც განიხილავენ.

„შედეგი რომ სხვაგვარი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სხვა სტუდენტები სხვა ლექტორების მიმართ გამოხატავდნენ მხარდაჭერას. კონკრეტულად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტებთან შესათანხმებელი არაფერი აქვს, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ის ლექტორები ეყოლებათ, რომლებიც მათ უყვართ და პატივს სცემენ.

რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებას, მე ღრმად მწამს, რომ პროფესურა პოლიტიზებულ  გადაწყვეტილებას არ იღებს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ კომისიის ზოგიერთი წევრის პოლარულმა შეხედულებებმა ეს თემა წამოწია. მე ვფიქრობ, რომ კომისიის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.“

სტუდენტებიც და ის ლექტორებიც, რომლებიც თვლიან, რომ კომისიამ მათი მონაცემები არასამართლიანად შეაფასა, სააპელაციო კომისიის დასკვნას ელოდებიან.

სტუდენტები აცხადებენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ლექციებზე სიარულს შეწყვეტენ, დოქტორანტებიც და მაგისტრანტებიც უნივერსიტეტის დატოვებით იმუქრებიან.

„37 წელია, განსხვავებული შეხედულებებისთვის ადამიანებს რომ ვსჯით?“ - აცხადებენ ისინი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია