დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას აპროტესტებენ სახელმწიფო უნივერსიტეტში?
2010/03/22 13:33:56

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს ორი დღის მანძილზე ორი პედაგოგი აპროტესტებდა. პროტესტმა კულმინაციას 16 თებერვალს მიაღწია, როცა ამ ადამიანებმა შიმშილობა უნივერსიტეტის პროფესურის კაბინეტში დაიწყეს. მათ ისინიც შეუერთდნენ, რომლებმაც კონკურსის შედეგად თანამდებობების და სამუშაო ადგილების დაკავება ვერ შეძლეს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის სპეციალური ბრძანებულება არსებობს. საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2010 წლის 29 იანვრიდან 2010 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსი კი - 15 თებერვლიდან 15 მარტამდე. 

სპეციალური კომისია, სადაც ექსპერტები თბილისიდან იყვნენ მოწვეულნი, შემდეგ კრიტერიუმებს ითხოვდა - პირველი კატეგორია: ფორმალური სამეცნიერო  კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; მეორე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; მესამე კატეგორია: სამეცნიერო კვლევა; მეოთხე  კატეგორია: სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი); მეხუთე კატეგორია: სამეცნიერო კვლევის კონცეფცია  და მეექვსე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილება.

ეს კრიტერიუმები 412 პროფესორ-მასწავლებელმა გადალახა, ხოლო 195 სამსახურის გარეშე დარჩა. თუმცა უნივერსიტეტში 19 ვაკანსია დარჩა.

ბადრი ფორჩხიძე, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ყოფილი ასოცირებული პროფესორი: „ვაპროტესტებ არაობიექტურ, უსამართლო პოლიტიკას, დივერსიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ასახავს არა კონკურსის პროცედურას, არამედ პირდაპირ ტერორს კომპეტენტური სპეციალისტების წინააღმდეგ. ვინაიდან ამას აშკარად ადასტურებს ის აუთვისებელი ვაკანსიები, რომლებიც ცალკეულ დეპარტამენტებში არის დადებული, კომპეტენტური სპეციალისტები კი უმუშევრად დარჩნენ. მე განცხადება მქონდა შეტანილი სრული პროფესორის ვაკანსიის დასაკავებლად. თუ ამ კონკურსის შედეგები სამართლიანი არ იქნება, მივმართავ სასამართლოს და კანონიერი ნორმების დაცვისთვის ვიბრძოლებ. თუ ამანაც არ გაჭრა, არ ვაპირებ სამოწყალო ლუკმებით თავის გატანას ყოველგვარი პატივაყრილობის და დამცირების სახით და საბოლოოდ დავტოვებ უნივერსიტეტს. თუმცა, ხელმძღვანელობამ შემომთავაზა დახმარება კონტრაქტის სახით, რაზეც მე უარი განვაცხადე. ის, რაც მე მოვითხოვე, მთელი დეპარტამენტის აზრია, რომ ობიექტურად მეკუთვნის.“

რამაზ ნამიჭეიშვილი, ეკონომიკის დეპარტამენტის თანამშრომელი, პრეტენდენტი სრული პროფესორის თანამდებობაზე: „ყველა დონეზე მივმართავ საჩივარს, რათა ეს საკითხი ობიექტურად განიხილონ. ჩვენ გაბრაზებულები კი არ ვართ,  ამ ყველაფერს საღი თვალით ვუყურებთ. ეს არის დემაგოგიური გეგმა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებგანვითარებული ადამიანები დააწინაურონ. მე მხედველობაში მაქვს ეკონომიკის  დეპარტამენტი. მნიშვნელობა არ აქვს  თუ როგორი განათლება გაქვს. ზურაბ მიქაბერიძე შესანიშნავია, მაგრამ გამოაგდეს და ის დატოვეს, ვისაც არაფერი აქვს გაკეთებული. ჩემი კათედრიდან 4 ადამიანი ვაპროტესტებთ“.

ნადეჟდა ქაჯაია, სლავისტიკის დეპარტამენტი: „ვაპროტესტებთ შედეგებს, რომლის საფუძველზეც მე დავრჩი უმუშევარი. მინდა, რომ საჯაროდ განვიხილოთ და გავიგოთ, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ამდენი ადამიანი უმუშევრად დარჩა. მინდა გავიგო, მე რა კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილე და რა აქვს სხვას. მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით მოხდა ლექტორ-მასწავლებლების შერჩევა, რადგან იმ კრიტერიუმებს, რაც დაიდო, ყველას ვაკმაყოფილებდი. თუმცა იყო ერთი პუნქტი, რომელიც გრანტებს ეხებოდა და ამას ვერ ვაკმაყოფილებდი. კომისია ძალიან კომპეტენტური და კვალიფიციური იყო, მაგრამ რა მოხდა, არ ვიცი. მინდა, ეს პროცესი გამჭვირვალე გახდეს და ჩემი თვალით ვნახო, რა მაქვს მე და რა - სხვას. შიმშილობას გავაგრძელებ მანამ, სანამ მტკიცე პასუხს არ მეტყვიან. აქ ექვსი ადამიანი ვშიმშილობდით, ახლა კი 2 დავრჩით. დანარჩენები წავიდნენ და იმალებიან.“

ნანა ლუხუტაშვილი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ტექნიკის აკადემიური დოქტორი: „ქვეყანაში შექმნილი  ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ასე დიდია უმუშევართა რაოდენობა, არ არის მართალი, ზოგიერთ პიროვნებას სხვადასხვა უნივერსიტეტებში ეკავოს ერთდროულად აკადემიური თანამდებობები და ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებშიც. ვთვლი, რომ ბევრი ნიჭიერი და ღირსეული პედაგოგი დარჩა სამსახურის გარეშე და ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოწესრიგდეს, რადგანაც ამ ადამიანების მოღმა ოჯახებია. მე ბიზნესი არ მაქვს, რომ ოჯახი ვარჩინო. რაც მქონდა - 140 ლარი ხელფასი - კმაყოფილი ვიყავი.    

განაწყენებული ლექტორ-მასწავლებლების გვერდით აღმოჩნდნენ ლეიბორისტები. საკრებულოს წევრის და ლეიბორისტური პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, სამსონ გუგავას განცხადებით: „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, ვინც უკანონოდ დაიჩაგრა. ეს არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მორიგი ვანდალური აქტი განათლების სისტემაზე. რადგანაც ამ ადამიანების განთავისუფლებით, ერთია, რომ ზრდიან უმუშევართა რიგებს და მეორეა - უნივერსიტეტიდან უშვებენ ისეთ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში სტუდენტებს ცოდნას აძლევდნენ. მათი გაზრდილებიდან კი ბევრი ხელისუფლებაშია, ზოგი - ბიზნესში და ასე შემდეგ. განათლების სისტემის რღვევას ხელს უწყობს ისიც, რომ წამყვანი დარგები, როგორიცაა ეკონომიკა, აქ შეიზღუდა, ხოლო წახალისება ხდება ისეთი დარგების, სადაც ფართო მოთხოვნაა არაა, ანუ ეს არის მიზანმიმართული განათლების სისტემის ნგრევის პროცესი, რომელიც ხელისუფლებას 2004 წლიდან აქვს დაწყებული. ეს არის მორიგი საკადრო წმენდა, საინტერესოა ისიც, რომ ისინი ამ ადამიანებს უმუშევრად ტოვებენ და ვაკანსიები კი არსებობს. ეს არის სავაჭროდ დატოვებული, ამით ცდილობენ, ამ პროფესორ-მასწავლებლებს ღირსება აყარონ. მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანებს შეუვალი პოზიცია აქვთ და აპირებენ, ბოლომდე იბრძოლონ. ამ ბრძოლაში ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და შევეცდებით, ნებით თუ არა, ძალით მაინც დავაბრუნოთ ისინი უნივერსიტეტში.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი ონიანი კი უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „ამ ადამიანების პროტესტი კონკურსის შედეგებმა გამოიწვია. კონკურსი ყოველთვის გვიჩვენებს იმას, რომ საშტატო ადგილების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, ვიდრე კონკურენტთა რაოდენობა. მე ვერ ვიტყვი, რომ პროტესტი გამოხატა ბევრმა, ან რადიკალურ ზომას მიმართა. თუ თქვენ კონკრეტულად აქციას გულისხმობთ, რაც შიმშილობით გამოიხატა აქ იყო ორი ჩვენი კოლეგა. მე მათ პატივს ვცემ და ალბათ საჭიროა მეტი კონსტრუქციულობა. ვფიქრობ, რომ მათ ამის გათვალისწინება შეძლეს და შიმშილობა არ გრძელდება. რა ელოდება ამ ჩვენს თანამშრომლებს - დავიწყოთ იქიდან, თუ რა შესთავაზა უნივერსიტეტმა საკუთარ თანამშრომლებს. ჩვენს უნივერსიტეტში კონკურსი გამოცხადებული იყო 412 პოზიციაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მაჩვენებელი გახლავთ ერთი პროფესორი 16 სტუდენტზე. ასეთი პროპორცია საქართველოს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ აქვს. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტის ფინანსური რესურსი მიმართულია ლექტორ-მასწავლებელთათვის პირობების შექმნაზე. ამის მიუხედავად 600-მდე კონკურენტი იყო. კომისიის გადაწყვეტილების გაიგივება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მცდარი მოსაზრებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენს კოლეგებს აქვთ კითხვები, რომელზეც პასუხებს უნივერსიტეტის რექტორისგან მოელიან. მინდა განვმარტო, რომ საკონკურსო დებულებაში არის ჩადებული აპელაცია და საგამოცდო კომისიის მიერ მათი დასკვნების გადახედვა. კონსტრუქციულ ჭრილში ყველა ჩვენი კოლეგა მიიღებს პასუხს კითხვაზე, რაც მათ ბედს უკავშირდება. ჩვენ განზრახული გვაქვს ვაკანტურად დარჩენილ შტატებზე კონკურსის გამოცხადება. საკონტრაქტო ხელშეკრულებით პირობების შეთავაზება ჩვენი კოლეგებისთვის. თუმცა ამ კონკურსანტებიდან ყველა ჩვენი კოლეგა არ იყო, იმიტომ რომ დაახლოებით 600 კონკურსანტიდან 100-ზე მეტი იყო ისეთი პირი, რომელიც ჩვენთან საშტატო ერთეულს არ ფლობდა. და იმ ადამინების რიცხვი, რომელბმაც ამ კონკურსის პირობებით შტატი დაკარგა 15-ს არ აღემატება. შტატი არ არის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ერთადერთი ფორმა, ვაპირებთ მასწავლებლის შტატების შემოღებას განსაკუთრებით უცხო ენების დეპარატამენტში. მართალია, ჩვენ ვცხოვრობთ კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები შევთავაზოთ.“

მოშიმშილე ორმა ქალბატონმა შიმშილობის აქცია 16 მარტს საღამოს შეწყვიტა. მათ ამავე დღეს შესაბამის კომისიაში სააპელაციაო განაცხადი შეიტანეს. ამდენად ნადეჟდა ქაჯაია და მზია ცერცვაძე უმუშევრად დარჩენილი სხვა კოლეგების მსგავსად შესაბამისი კომისიის ახალ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია