დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტკბილი შაქარი შეიძლება, მალე გაგვიმწარდეს!
2010/02/22 12:13:55

ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტები თანდათან ძვირდება. განსაკუთრებით თვალში საცემია შაქრის ფასი, რომელიც კვირიდან კვირამდე იმატებს. ამჟამად 1კილოგრამის ღირებულება 2 ლარიდან 2,20 ლარამდე მერყეობს. თუმცა ეს მისი სტაბილური ფასი არ იქნება. შაქრის ფასის კვლავ მატებას არ გამორიცხავენ -  ცოტა ხნის წინ კომპანია „ქუალითი შუგარის“ გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზედემ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ასეთი პროგნოზი გააკეთა.

ქუთაისელი დიასახლისი ნუნუ კახიძე იმაზე სწუხს, რომ ყველაფერს ცეცხლის ფასი დაედო და ფული აღარ ფასობს: „ასეთ პირობებში ცხოვრება ძალიან ძნელია, თუ პროდუქტებზე ფასებს აძვირებენ, მაშინ უნდა გაზარდონ შემოსავალიც. რამდენს უნდა გაწვდეს კაცი: გადაიხადოს გადასახადები, თუ ლუკმა პური ჭამოს, ჩაცმაზე რომ აღარაფერი ვთქვა. პირველადი მოხმარების პროდუქტები მაინც დატოვონ ხელშეუხებლად! თუ ცოტა ხნის წინ 10 ლარად შაქარსაც ვყიდულობდი, ზეთსაც, პურსაც, მარილსაც და ერთი კვირა მყოფნიდა, ახლა, დიდი-დიდი, იმავე ფასად პური და შაქარი თუ ვიყიდე და სამ დღეში ისიც აღარ არის, რაც არ უნდა ეკონომიურად გამოვიყენო.. ან რანაირად გინდა გაუკეთო ეკონომია: დილა ჩაის სმით იწყება და საღამო ჩაის სმით მთავრდება, სხვა პროდუქტს ვერც კი გაეკარები.“

ეს პრობლემა მხოლოდ ამ ქალბატონს როდი აწუხებს.

ამ პრობლემების მიზეზების გარკვევაში კი ნაკლებად დაგვეხმარნენ ჭავჭავაძის პროსპექტზე განლაგებული საწყობების მმართველები, ამიტომ, შესაბამისად, ვერ გავიგეთ, თუ რატომ შემოდის მხოლოდ ერთი ფირმის შაქარი. ამ კითხვას თავი აარიდა ასევე ფირმა „ტექსუნის“ უფროსმა სიმონ ჩიქოვანმა, თუმცა გვითხრა: „უკვე დიდი ხანია, რაც ამ ფირმის შაქარი შემოდის. 50კგ-იანი ტომარას 94ლარად ვყიდით და ლაპარაკია კვლავ ფასის ზრდაზე.“

***

შაქრის გაძვირებას სხვა საკონდიტრო პროდუქტებზე ფასების ზრდაც მოჰყვა. უკვე ერთი თვეა, გაძვირდა ზეთი. იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდა უფრო შესამჩნევი მას შემდეგ გახდება, როცა ძველი მარაგები გამოილევა და ახალი პარტიების შემოტანა მოუწევთ უკრაინიდან, თურქეთიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც საქონელს დოლარით ყიდულობენ.

ექსპერტების აზრით, შაქარზე ფასმა ორი მიზეზის გამო მოიმატა: საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებისა და ლარის კურსის კლების გამო. ზოგი დეფიციტის უმთავრეს მიზეზად 2009 წელს შაქრის ნედლეულის უდიდეს მწარმოებელ ქვეყნებში - ინდოეთსა და ბრაზილიაში უამინდობასა და ცუდ მოსავალს ასახელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აგერ უკვე 9 თვეა, რაც საქართველოში მხოლოდ ფირმა „აგარის“ შაქარი შემოდის. სწორედ ამ ფაქტის გამო არის ბაზარზე ფასი გაძვირებული. მარკეტების მფლობელებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს: „შაქარს ვიბარებთ 1.95 ლარად და ვუმატებთ მხოლოდ 5 თეთრს, რათა ფასი ასე თვალში საცემი არ იყოს. ვეღარც იმ რაოდენობით ვიტოვებთ შაქარს, რა რაოდენობითაც ადრე ვიტოვებდით და მოთხოვნაც შედარებით ნაკლებია. თუ ადრე დღეში 10კგ-ს ვყიდდით, ახლა, დიდი-დიდი 2-3კილოგრამს თუ გავყიდით.“

მომწოდებლებმა, რომლებსაც პროდუქტი უცხოეთიდან შემოაქვთ, რეგიონული დამკვეთები წინასწარ უკვე გააფრთხილეს, რომ ორშაბათიდან შეკვეთები ახალი პრაისლისტებიდან (საწყობებიდან) უნდა გააკეთონ, სადაც პროდუქტებზე საშუალოდ 10%-ით მაღალი ფასები იქნება. მოსახლეობა მოითხოვს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები არ გააძვირონ, რადგან შიშობენ, რომ ჩაის გარეშეც დარჩებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია