დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პიერანჯელის „რაფანო სერვისი“ და... დაბინძურებული ქუთაისი
2010/02/08 13:40:05

უკანონო ნაგავსაყრელები ქალაქის მერის ნუგზარ შამუგიას გათავისუფლების შემდეგ მოექცა დასუფთავების საქალაქო სამსახურის ყურადღების ქვეშ. დასუფთავების აქციები ჯერ ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაიწყო, შემდეგ გარეუბნებში გაგრძელდა.

თავდაპირველად ავანგარდის დასახლებაში ის უკანონო ნაგავსაყრელი გაასუფთავეს, სადაც პრეზიდენტმა ქალაქის მერს თითი დაუქნია.

უკანონო ნაგავსაყრელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდება.

ქუთაისის დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსის ნიკოლოზ მაჩიტიძის განცხადებით: „ჩემი მუშაობის პერიოდში უნებართვო ნაგავსაყრელები ქალაქში აღარ იქნება. მე ქალაქის მერსაც და ვიცე-მერსაც ვესაუბრე, რათა ამ კუთხით ერთობლივად ვიმუშაოთ. ამაში მოსახლეობაც უნდა მოგვეხმაროს. პარალელურად ჩვენ გვყავს კონტროლ-ჯგუფები, რომლებიც ქალაქში უკანონოდ დაყრილი ნაგვის პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას აძლევენ. ნაგვის გაუტანლობისთვის ვაჯარიმებთ მოსახლეს და ინდმეწარმეს 200 ლარით, მაქსიმუმი კი  1 000 ლარია.“

დასუფთავების კუთხით განსაკუთრებული რთული ვითარება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. დასუფთავების სამსახურის უფროსი თვლის, რომ თუ გარემოვაჭრეების პრობლემა მოგვარდება, მაშინ დასუფთავების პრობლემაც გარკვეულწილად გადაიჭრება.

მეორე პრობლემა კანონიერ ნაგავსა-ყრელს უკავშირდება, რომელიც ნიკეას ქუჩის ბოლო მონაკვეთში მდებარეობს.

 

***

ჯერ კიდევ 2008 წლის 25 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ ცენტრალური რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ კეპულაძე კომუნალურ სამსახურს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“  კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებას სთხოვდა, რის საფუძველზე საწარმოს 2009 წლის 1 იანვრამდე ნებართვა უნდა მიეღო. ამავე წლის 30 დეკემბერს ქუთაისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ ცენტრალურ რეგიონულ სამმართველოს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „გვატყობინებდით, რომ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად აუცილებელი იყო, ქალაქის ნაგავსაყრელს მიეღო ნებართვა 2009 წლის 1 იანვრამდე. გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხის დაფინანსება ვერ მოხერხდა 2008 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში თანხის გაუთვალისწინებლობის გამო. თანხა გათვალისწინებული იქნება 2009 წლის ბიუჯეტში.“

2009 წლის 14 აგვისტოს კი ქუთაისის მერიამ დააფუძნა შპს „მწვანე ქუთაისი“, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანი ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის მოწესრიგება და გამართული ფუნქციონირებაა. ამავე წლის 14 სექტემბერს შპს „მწვანე ქუთაისის“ 100%-იანი წილის მართვის უფლება იტალიურ კომპანიას გადაეცა. შპს „რაფანო სერვისი“-ს იურიდიული მასამართია იტალია, ქალაქი ფოსომბრონე, გარიბალდის 171. მისი ადმინისტრატორი მაურიციო პიერანჯელია, რომელიც იტალიის ქალაქ კორინალდოში ცხოვრობს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, თუ რა საქმიანობითაა დაკავებული შპს „რაფანო სერვისი“ იტალიაში. თუმცა ვებ-გვერდზე მხოლოდ ადმინისტრატორის მაურიციო პიერანჯელის პირადი ინფორმაციაა. თავად „რაფანო სერვისის“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დევს. „რაფანო სერვისის“ ტექნიკური დირექტორის, თამაზ ჩაკვეტაძის თქმით კი შპს იტალიაშიც ანალოგიურ საქმიანობას ეწევა. მას იტალიაში ორი ინდუსტრიული  ნაგავსაყრელი და ამ სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

ამჯერად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება შპს „მწვანე ქუთაისმა“ უნდა უზრუნველყოს. თუმცა ეს პირობა დღემდე ვერ შესრულდა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე კონტროლი ქალაქის დასუფთავების სამსახურს ევალება, რომელმაც შპს „მწვანე ქუთაისი“ უკვე ორჯერ დააჯარიმა1 000-1 000 ლარით. სამსახურის უფროსის ნიკა მაჩიტიძის განცხადებით, მესამე შემთხვევაზე „მწვანე ქუთაისს“ 3 000 ლარით დააჯარიმებენ. იმ შემთხვევაში, თუ შპს „მწვანე ქუთაისი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს და თებერვლის ბოლომდე ქალაქში დამატებით 200 ბუნკერს, ორ მხვეტავ და ერთ ბუნკერების შესაცვლელ მანქანას არ შეიძენს.

 

***

„რაფანო სერვისმა“ ქუთაისის ნაგავსაყრელზე მმართველობა 30 წლით აიღო. უახლოესი 4 წლის მანძილზე მან 3 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს 1205000 ევრო დაიხარჯება, ნაგავსაყრელის უსაფრთხო მდგომარეობაში მოსაყვანად, გადასაფარად და შემოღობვისთვის - 200 000 ევრო, ხოლო სპეცმანქანების შეძენისთვის - 600 000 ევრო (დიდი ექსკავატორისთვის - 100 000 ევრო, მუხლუხა ტრაქტორისთვის „კატერპილა“ - 200 000 ევრო), დარჩენილი თანხა კი ოფისის მოწყობას მოხმარდება. ეს ყველაფერი მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. ტექნიკური დირექტორი თამაზ ჩაკვეტაძე ამ ყველაფერს შესაძლებლად მიიჩნევს და ამბობს: „ფირმას აქვს ორი ვალდებულება აღებული. ერთი ნაგავსაყრელის ტერიტორიის მოწესრიგება და იქ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაა და მეორე - მომსახურების სფერო, რომელსაც ის ქალაქის ტერიტორიაზე ახორციელებს. ამის შესრულების ვადები წლის ბოლომდეა. ოთხი წლის მანძილზე  დახარჯული თანხის გადაფარვაც უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი ინვესტორის ინტერესშიც შედის. მას არამარტო ქალაქის ხელმძღვანელობასთან, არამედ იტალიაში ბანკებთანაც აქვს გარკვეული ვალდებულება აღებული, საიდანაც კრედიტი აქვს მიღებული.“

 

***

შპს „რაფანო სერვისსა“ და ქალაქის მერიას შორის ხელშეკრულების დადებიდან უკვე 5 თვე გავიდა. მთავარი და უპირველესი პრობლემა, რომელიც ნაგავსაყრელის შემოღობვას ეხებოდა, ამ ხუთი თვის მანძილზე ვერ მოხერხდა. ქალაქის კანონიერ ნაგავსაყრელზე სრულიად „უკანონოდ“ მსხვილფეხა პირუტ-ყვი შედის, რომელიც ნაგავსაყრელზე საკვებს პოულობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ საკვებისთვის საჭირო ფულის საშოვნელად მოსახლეობაც დადის. ისინი ნაგავსაყრელზე მეტალებს და  მტვრევას გადარჩენილ მინის ბოთლებს აგროვებენ. ფოტოგადაღების დროს ჩვენ ამ ადამიანებთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

ფერადი ცელოფნების პარკებითაა დაფარული ახლომდებარე ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრად და სასოფლო-სამეურნეო მიწებად იყენებს. აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებაზე პასუხისმგებლობას დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი ნიკა მაჩიტიძე ნაგავსაყრელის მმართველს აკისრებს, რადგან ტერიტორიის დაბინძურება ნაგავსაყრელიდან ხდება. თამაზ ჩაკვეტაძე აცხადებს: „ნურავის ექნება ილუზია იმის შესახებ, რომ შემოღობვის პრობლემა ერთ ან ორ თვეში მოგვარდება. ამას თავისი ეტაპები და სტანდარტები აქვს. კომპანიას შემოაქვს სპეციალური ინერტული მასალა, რომლითაც მოხდება ნაგავსაყრელის გადაფარვა. სანამ ეს არ მოწესრიგდება, მანამდე ქარხნის მშენებლობა არ დაიწყება. ეს ნაგავსაყრელი ინერტული მასალით რომ გადაიფაროს, მინიმუმ ოთხი თვე დასჭირდება. მოსამზადებელ სამუშაოს, ვფიქრობ, სექტემბრამდე მოვრჩებით. ინერტული მასალის შემოტანა კი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდება. თუმცა ეს ხელშეკრულებაში არ წერია, მაგრამ გულისხმობს ამ პრობლემების მწვანე ჩამონათვალის მოწესრიგებასაც. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიას, ის კერძო საკუთრებაა და მისი გაწმენდა ჩვენ არ გვეკუთვნის, თუმცა ერთ სამუშაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების კუთხით ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ. ამის შემდეგ კი იქ დაყრილ ნაგავზე თავად მეპატრონეები აგებენ პასუხს.“

ვაჟა გ. რომელიც 67 წლისაა, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საძოვრებია, საკუთარ და მეზობლების  მსხვილფეხა  პირუტყვს  მწყემსავს. „შვილო,  აქ ყველაფერი ცელოფნებითაა დაფარული. ეს რომ ძროხამ შეჭამოს, ჯერ წველას მოუკლებს, დაასუსტებს და ერთ თვეში კი უნდა დაკლა, სანამ შემოგაკვდება. ამ ცელოფანს ძროხის კუჭი ვერ ამუშავებს. დავიღალე ამათი დევნით, არადა, ერთმა სიომ რომ დაუბეროს, საკმარისია, ცელოფნები პეპლებივით დაფარფატებენ ჰაერში,“ - გვითხრა ბატონმა ვაჟამ.

სოფელ გეგუთისკენ მიმავალ ყველა მგზავრს, საკუთარი ავტომანქანით თუ ავტობუსით ნაგავსაყრელთან გავლის დროს, საშინელი სუნი აწუხებთ. ნაგავსაყრელთან ახლოს სასაფლაოა, რომელიც ასევე ფერადი ცელოფნებითაა დაფარული. ქალბატონი ნათელა, რომელიც მზიან და მშრალ ამინდში თითქმის ყოველკვირას მეუღლის საფლავზე დადის, მხოლოდ ერთ პრობლემას უჩივის: „სასაფლაოს შიგნით ათასფერი ცელოფნებია, ქარის მოტანილი. ყოველ კვირაში დავდივარ აქ, შვილო, და ყოველ მოსვლაზე ცელოფნებს ვწვავ. შეხედეთ, ხეების ტოტებზე როგორაა შერჩენილი, ნატვრის ხე გეგონებათ. არ მგონია, ამას რამე ეშველოს, მაგრამ კარგია, ვინმე მაინც თუ მიაქცევს ამ ადგილს ყურადღებას,“ - გვითხრა მან.

ქალბატონმა ნთელამ ნამდვილად არ იცოდა, ნაგავსაყრელს უკვე „პატრონი“ თუ ჰყავდა. მეტიც, ამ „პატრონმა“ ხელშეკრულების - მეორე წელს 1 400 000 ევრო უნდა დახარჯოს კომპოსტირების, დანადგარისა და ნაგვის მექანიკური სეპარატორისთვის. მესამე წელს კი ქალაქის ქსელთან მიერთებისთვის საჭირო მოწყობილობებისა და სამუშაოებისთვის 85 000 ევრო უნდა გაიღოს. მეოთხე წელს - 130 000 ევრო დიფერენცირებული შეგროვებისთვის აუცილებელი დანადგარის შესყიდვას მოხმარდება. 

თუ ინვესტორი ყველა ამ პირობას შეასრულებს, შესაძლოა, ნაგავსაყრელის ფართობი საგრძნობლად შემცირდეს. ხელშეკრულებით კი შპს „მწვანე ქუთაისის“ საწესდებო კაპიტალში არსებული მიწის ფართობი - 151461მ2-ია. ქარხანაში, რომელიც დახარისხებულ ნაგავს გადაამუშავებს, 70-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა მათ ზედამხედველობას მაქსიმუმ სამი იტალიელი გაუწევს. ასეთ შემთხვევაში, კი წილის იტალიელ მმართველს მაურიციო პიერანჯელის ქუთაისში ხშირი სტუმრობა და მედია საშუალებებთან ურთიერთობაც მოუწევს, რადგან, იმ ფონზე, როცა იტალიაში ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით გასულ წელს პერმანენტული აქციები მიმდინარეობდა, იტალიელი ინვესტორი საქართველოში, ქუთათურებს, დაჰპირდა ამ პრობლემის მოგვარებას. 

 

***

პარალელურად, ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოს ლიდერმა ქვეყნებმა მავნე ემისიების გაფრქვევის კიოტოს ოქმით შემცირება დაიწყო. ემისიებით ვაჭრობა მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ ძვირადღირებულად ითვლება. „კიოტოს პროგრამა ითვალისწინებს, რომ გარემო მავნე ნარჩენებისგან გათავისუფლდეს. ამ კუთხით ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს აღებული და, შესაბამისად, ფირმაც არ არის ვალდებული. მაგრამ თუ ინვესტორს ამ კუთხით მუშაობის სურვილი გაუჩნდება, ის ივაჭრებს თუ მუქთად გააკეთებს, მისი გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე კი მას ქალაქის მიმართ მხოლოდ ორი ვალდებულება აქვს აღებული - დროზე გაიტანოს ნაგავი ქალაქის ტერიტორიიდან და დანერგოს ევროსტანდარტის ტექნოლოგიები და მეორე - ნაგავსაყრელის მოწესრიგება,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამაზ ჩაკვეტაძემ.

ემისიებით ვაჭრობის პოცესში ჩართვით საქართველოს გარკვეული თანხის მოზიდვა თავის სასარგებლოდ შეეძლო. თუმცა, იყო თუ არა ამ კუთხით საინტერესო იტალიელი ინვესტორისთვის ქუთაისის ნაგავსაყრელზე ინვესტიციის განხორციელება, კვლავ გაურკვეველია. ემისიების გამოფრქვევის შემცირების ვალდებულებას იტალიაც შეუერთდა. ამდენად, შესაძლოა საქართველოში მიღებული მცირე ქვოტა მაურიციო პიერანჯელიმ თავის ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს, რაც გაცილებით მეტ ფინანსურ მოგებას მოუტანს, ვიდრე ქუთაისის ნაგავსაყრელი და გადამამუშავებელი ქარხანა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1778
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია