დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მე-13 ხელფასი მასწავლებლების ღირსების საქმეა!
2009/12/21 12:23:13

15 დეკემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ორგანიზებით, მასწავლებლებმა საქართველოს პარლამენტის შენობა მეცამეტე ხელფასის მოთხოვნით ხელმოწერების „ალყაში მოაქციეს. მათ თოკზე ასხმული ხელმოწერის ფურცლებით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პარლამენტის შენობის ირგვლივ განლაგდნენ. აქვე პრესკონფერენცია გამართა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცეპრეზიდენტმა, ქალბატონმა მანანა ღურჭუმალიძემ.

„მე-13 ხელფასი არის ჩვენი ღირსების საქმე, როცა არჩევნები იყო, მაშინ მისცეს პედაგოგებს ეს ხელფასები,ხოლო ახლანდელი დაპირება დაავიწყდათ, ან კიდევ ფიქრობენ, რომ თავად მასწავლებლებს დაავიწყდებათ აპრილამდე. ჩვენ არ გვინდა, რომ პედაგოგები გახდნენ ტყუილების ობიექტები, ამიტომ აუცილებლად დავიცავთ მათ უფლებებს,“ - აღნიშნა ქალბატონმა მანანა ღურჭუმალიძემ.

პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ, სპმთპ-ის ხელმძღვანელებმა 50000-მდე მასწავლებლის ხელმოწერა ოფიციალურად მიიტანეს პრეზიდენტის  რეზიდენციაში.

მე-13 ხელფასის მოთხოვნით 18 დეკემბერს პრესკონფერენცია ქუთაისელმა მასწავლებლებმაც გამართეს.

პედაგოგთა მთავარი გაღიზიანება რამდენიმე დღის წინ განათლების ახალი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია - რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე მე-13 ხელფასი ვერ გაიცემოდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მე-13 ხელფასს ყოველ წელს მიიღებს ქართველი პედაგოგი, მაგრამ ერთჯერადი აქცია აღმოჩნდა და ამიტომაც დაარქვეს „პრეზიდენტის საჩუქარი“. მე მისგან სასაჩუქრო არაფერი მაქვს, მე-13 ხელფასი - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა სახელმწიფო მოხელეთათვის. სკოლაც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და, თუ დანარჩენი საჯარო სამართლის იურიდიული პირები იღებენ მე-13 ხელფასებს, მასწავლებელმა რა დააშავა?“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მე-14 სკოლის პედაგოგმა ნანა სვანიძემ.

იმერეთის პედაგოგების გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ თბილისში მასწავლებლებზე საკმაოდ ბევრი შეღავათი გამოიყო: გაზის და დენის 100 ლარიანი ვაუჩერი, ხელფასზე 30 და 60 ლარიანი დანამატი, შეღავათები ტრანსპორტზე, ათლარიანი დანამატი პენსიაზე.

„თუ ეს თბილისის მერის წინასაარჩევნო პიარკამპანიაა, კი ბატონო, იყოს, ჩვენ მივესალმებით, რომ იქ მასწავლებლებს აქვთ ეს დანამატი, მაგრამ ასეთი პირობები საქართველოს ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. ჩვენ გვინდა მივაწვდინოთ ხმა ქალაქის ხელმძღვანელობას, მასთან სერიოზულ თანამშრომლობას ვაპირებთ, გარკვეულ წინადადებებს მივაწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, იმიტომ, რომ მასწავლებლები მხოლოდ არჩევნების წინ არ გამოიყენონ. როცა ქვეყანაში არის პრიორიტეტი განათლების სისტემა, პირველ რიგში პრიორიტეტი უნდა იყოს მასწავლებელი და ბავშვი“, - აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლია რატიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია