დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავარია, „ბაგრატმა“ ზამთარს გაუძლოს!..
2009/10/19 15:02:17

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, მრავალდისციპლინარული კომისია, 30 კვალიფიციური სპეციალისტის შემადგენლობით, 15 ოქტომბერს ჩამოვიდა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის შეჩერებული სამუშაოების დასათვალიერებლად.

სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპის 70%, რომელიც ტაძრის საძირკვლის გამაგრებას მოიცავს, დასრულებულია. მრავალდისციპლინარული კომისიის, ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციის კომისიის, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს 30%-ის გაგრძელებაზე საუბრობდნენ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კომისიის სრული შემადგენლობით ჩამოსვლის მიზეზი წერილში იტალიელი არქიტექტორის ის მიმართვა გახდა, რომლის გაცნობის შემდეგ ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა საპატრიარქოს მიწერეს. წერილში ეწერა: „საძირკვლის ჩაბეტონება საძირკვლის პერიმეტრზე, სამუდამოდ ანადგურებს ტაძრის უძველეს ფენას. საფრთხე ემუქრება ინტერიერში გახსნილ იატაკის ქვეშ არსებულ ძველ სამშენებლო არქეოლოგიურ პლასტებს. დაშლილია გუმბათქვეშა სვეტები და ჩრდილოეთ მკლავისა და საკურთხევლის ბურჯთან დამაკავშირებელი თაღები. სვეტების ბაზისების გული გაბურღულია და შიგნით დამონტაჟებულია ლითონის არმატურა რკინა-ბეტონის ხიმინჯის მოსაწყობად.“  

ოდნავ მოგვიანებით მთავარი რესტავრატორი ვანო გრემელაშვილი და კომისიის წევრები დეტალების გასაცნობად ტაძარში შევიდნენ. ტაძრის ორივე კარი მკაცრად დახურული აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის, კომისიის წევრები კი 4 საათის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოების და პროექტის დეტალებზე მსჯელობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვანო გრემელაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უკომენტაროდ დატოვეს ბაგრატის ტაძარი კომისიის ოპოზიციური აზრის მქონე წევრებმაც. კითხვაზე, თუ რატომ არ სურდათ პრესისთვის თავიანთი აზრის გაზიარება, მათ, „უბრალოდ, დაღლილობა“ მოიმიზეზეს. მიუხედავად მათი უარისა, ზოგიერთის აზრის ჩაწერა მაინც მოვახერხეთ.

ნატა ცინცაბაძე, კომისიის წევრი: ჩვენ ახალ რეალობასთან გვაქვს საქმე. ამაზე მეტად დანგრეული ძეგლები რომ დაუნგრევიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაგრატიც ანალოგად გამოდგება. ძეგლს გუმბათის აღდგენამდე გაუჩნდება პრობლემა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ხელმოწერილ წერილში ჩამოთვლილია და ერთ ადგილზეა ნახსენები, რომ აფთენტური ბაზები მოიხსნას. სწორი იქნებოდა, ეს ბაზები მოგვეხსნა და მისი ასლით მოგვეპირკეთებინა. ეს არის ელემენტარული კონსერვაციული მეთოდი. ის ორმეტრნახევრიანი ბაზები მოხსნის შემდეგ დაიმტვრა და განადგურდა. ბატონმა ვახტანგ ცინცაძემ ეს ძეგლი აღადგინა და არც ერთი ძველი დეტალი არ გაუნადგურებია. პროექტის ავტორ-კონსტრუქტორები მოითხოვენ დაწყებული საქმის რაღაც დონემდე მიყვანას და ისე დაფიქსირებას, იმიტომ, რომ ეშინიათ, ზამთარში არ დაზიანდეს. ჩვენი აზრით, მისაღები იქნებოდა, გაკეთებულიყო დროებითი გადახურვა, რაც საშუალებას მოგვცემდა, ნალექები აგვერიდებინა და კედლები დროებითი ბიჯგებით გაგვემაგრებინა. ჩემი აზრით, მოხდა ზედმეტად აგრესიული ჩარევა.

მეუფე დავითი, ალავერდელი მიტროპოლიტი, საპატრიარქოს გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ბაგრატის ტაძარი არის ღვთის სახლი. იგი დანგრეული სახით ვერ იქნება ერის ღირსების გამომხატველი და ლოცვის სრულფასოვანი ადგილი. ბაგრატი ჩვენი ქვეყნის და ერის ისტორიაში არის მნიშვნელოვანი ტაძარი, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული მნიშვნელობით. ვფიქრობთ, ტაძარი, როგორც ღვთის სახლი, უნდა დასრულდეს იმ ზომით, რომ ეს იყოს მოსახერხებელი მრევლისთვის, ერისთვის, ლოცვისათვის და თავისი ისტორიის გააზრებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ სამუშაოების შემდეგ ამ ძეგლს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიიდან არავინ ამოიღებს. ჩვენ გვინდა, ტაძარი დავამთავროთ სრულად. და თუ როგორ დავასრულებთ, ამის მეთოდი, პროექტის სახით, წარმოდგენილია. თუ ვთანხმდებით ყველა, რომ ტაძარი დასრულდეს სრულად ისე, რომ შიგნით ღვთისმსახურებას ხელი არ შეეშალოს, მაშინ შესათანხმებელი დაგვრჩა მეთოდი და კვლევა, რაც, შესაძლოა, კიდევ ერთხელ განვიხილოთ.

მანანა სურამელაშვილი, კომისიის წევრი: ჩვენ გვაქვს ბაგრატის ტაძარი - აფეთქებული მე-17 საუკუნეში და 21-ე საუკუნე დაიწყო და ჩვენ ბაგრატი, აი, ასეთი ვიცით. ჩაუტარდა მეცნიერული რესტავრაცია და სტიქიურ ნანგრევს მიეცა მოწესრიგებული სახე. ითვლებოდა და ეს შეფასებულიც იყო, რომ ცოტა გადაჭარბებული და თამამი იყო ის ჩარევა, რომელიც განახორციელა რესტავრატორმა. აი, ამ მდგომარეობაში მიიღო იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ცნო ის განსაკუთრებული ღირებულების საეკლესიო ნაგებობად და ამის დაცვის ვალდებულება ვიკისრეთ ჩვენ. ახლა შეიქმნა რეალობა, რომ ეკლესიას უნდა დასრულებული სახით ტაძარი, რომ იქ სრულფასოვანი წირვა-ლოცვა ჩატარდეს. სახელმწიფოც გარკვეულწილად იზიარებდა ამ აზრს და, აი, აქ უნდა მოსულიყო სპეციალისტი, რომელიც შეეცდებოდა, ეს ამოცანა უმტკივნეულოდ განეხორციელებინა. ჩვენი, როგორც სპეციალისტების, ამოცანა უნდა ყოფილიყო ტაძრის მხატვრულ - ისტორიული ღირებულების შენარჩუნება. ამის შემადგენელი ნაწილია კედელი, ქვის დამუშავება, საძირკველი, დეკორი და ყველა შემავსებელი შემადგენლობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი იყო ფასეულობა და ღირებულება.

მეუფე კალისტრატე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი: აქ თითოეული დეტალი დაანგარიშებულია და ქართველი კაცი მუშაობს, რომ ჩვენი სულიერება გადავარჩინოთ. ბაგრატი ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამის წინააღმდეგია, ის ბოროტი სულია. ბაგრატის ტაძარი აღდგება და ვერავინ ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ეს არის რწმენის სახლი, ჯერ რწმენაა და მერე ხელოვნება. პროფესიით ინჟინერი გახლავართ, ნახეთ ჩემი აშენებულები. მე არ მესმის, რა უნდა გავაკეთოთ?  მაგრამ არის თაობები, რომლებიც ათეიზმის დონეზე დარჩნენ და მიწაზე იყურებიან. მათ ავიწყდებათ, რომ წუთისოფელი წარმავალია და მარადიული - თაბორის ნათელია. ვისურვებდი, რომ ყველას გვევლოს თაბორის ნათელისკენ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე.

ლერი მეძმარიაშვილი, არქიტექტორი: მე ვთვლი, რომ თავის დროზე იუნესკოსთვის ყველა დეტალი ცნობილი უნდა ყოფილიყო. ჩვენ არ ვიცით, როდესაც იუნესკო ამ პროექტს განიხილავს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია, რა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა. ბაგრატის ტაძარი აღდგეს, როგორც ქვის ნაგებობა, მაქსიმალურად მიახლოებული კვლევებთან, თუ ანალოგებს მიმსგავსებული. მე ვაღიარებ, რომ საკმაოდ ტაქტიანად და მოფიქრებულად ტარდება საძირკვლების და კედლების გამაგრება. რაც შეეხება დაბურღვას, ამ მეთოდს მსოფლიოში ყველა ხმარობს. რკინა-ბეტონის გარეშე კი ძველი ნანგრევების გამაგრება ან თუნდაც კონსერვაცია შეუძლებელია. საუბარია იმაზე, რომ იქნებ დაველოდოთ იუნესკოს გადაწყვეტილებას. მაგრამ კონსტრუქტორების მიერ მოწერილ წერილში ნათლად ჩანს, რომ ტაძრის ამ ფორმით დატოვება არ შეიძლება, რადგან ატმოსფერული ნალექების შედეგად საძირკველი უფრო შესუსტდება. ის, რაც ამ ეტაპზეა გასაკეთებელი, ეს სურათს არ შეცვლის იუნესკოსთვის. აუცილებლად რესტავრატორებს უნდა მიეცეთ საშუალება, გადაუდებელი სამუშაოები ჩაატარონ და შემდეგ ეტაპზე იუნესკოსთან საღი დიალოგი გაიმართოს. პროექტი მათაც უნდა ვაჩვენოთ, რათა კონსულტაციები მივიღოთ.

მაკა შავიშვილი, კულტურის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი: კონსტრუქტორების გადაწყვეტილებით ტაძარი საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს და გამაგრებას, იმიტომ რომ არ შეიძლება გაშიშვლებული სახით იყოს დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს.

ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი: შორიდან, როცა ამ ყველაფერს ხედავ, მართლაც შეიძლება შეგეშინდეს. კარგია, რომ ეს ადამიანები ჩამოვიყვანეთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ თავიდან გავიარეთ. ცხადია, ჩვენს მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ აქვს. თუ ჩვენ გვინდა ბაგრატის ტაძრის აღდგენაზე და გადარჩენაზე ვიფიქროთ, ამ სამუშაოების მიმდინარეობას ალტერნატივა არ აქვს. მეორე ეტაპი გაგრძელდება, რადგან ეს ტაძრის სტრუქტურის გაძლიერებას მოიცავს. ყველა დეტალი შეჯერებულია არქეოლოგებთან, კონსტრუქტორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან და შორიდან შიში პროცესს მხოლოდ თუ შეაფერხებს.

ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძრის დღევანდელ მდგომარეობას იუნესკოს შესაბამის კომისიას თვის ბოლოს თავად გააცნობს. თებერვალში კი იუნესკოს წარმომადგენლები ძეგლის შესწავლის მიზნით ქუთაისს თავად ეწვევიან. უახლოეს მომავალში, საპატრიარქოსთან ოფიციალური დეტალების დაზუსტების შემდეგ, ტაძრის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები გაგრძელდება, რადგან სარესტავრაციო სამუშაოების მყისიერი გაჩერება, შესაძლოა, ტაძრისთვის უარესი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია