დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჟვანიას სკოლაში“ საყველპურო ქართულს ასწავლიდნენ
2009/10/05 12:07:28

რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლა დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა. იგი, ძირითადად, ეროვნულ უმცირესობებზე იყო გათვლილი. რომელთაც ქართული უნდა ესწავლათ. თუმცა, ქართულის შემსწავლელ პროგრამასთან ერთად სკოლაში მეორე - სახელმწიფო მართვის პროგრამითაც მიმდინარეობდა მუშაობა.  გასული წლის მაისის შემდეგ სკოლას ახალი ნაკადი არ მიუღია. ამის ოფიციალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოები სახელდება, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ხოლო არაოფიციალურად ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ქართული მხოლოდ ისე ისწავლეს, გაქცეული ქართველის უკან მობრუნება რომ შეძლონ, ადმინისტრაციულ ქართულზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

სასწავლო პროგრამებს თავისი ხარვეზები რომ ჰქონდა, ამას ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ცუცხვაშვილიც არ მალავს.

გია ცუცხვაშვილი: „გასულ წელს უნდა დაწყებულიყო რემონტი, მაგრამ აგვისტოს ომის გამო ფინანსური პრობლემები გაჩნდა, მერე ტენდერი ჩაიშალა, რადგან ფირმებმა შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ კოლოსალური თანხა მოითხოვეს, შემდეგ სამინისტროში ხელმძღვანელობა შეიცვალა და პროექტის გადაკეთება გახდა საჭირო. უკვე ყველაფერი მოწესრიგდა. ტენდერში ფირმამ  „მაკრონები 21“ გაიმარჯვა, რამდენიმე დღეა, რაც სარემონტო სამუშაოები დაიწყო. მალე აქ ყველაფერი შეიცვლება.“

ერთ-ერთი ვერსიით, „დაჩქარებული რემონტი“ იმიტომ გახდა საჭირო, რომ განათლების სამინისტრომ არაოფიციალური მონიტორინგი ჩაატარა, ერთ-ერთ სკოლადამთავრებულს დაურეკეს და „სკოლის ხარვეზებიც“ აღმოაჩინეს - იგი ქართულად ვერ საუბრობდა.

„მონიტორინგი არ ყოფილა. არც ქაღალდზეა სადმე დაწერილი, რა იყო ცუდი და რა  - კარგი. სკოლაში ახალი ნაკადის მიღების შეჩერების მთავარი მიზეზი მაინც, სარემონტო სამუშაოებია, რადგან საერთო საცხოვრებელში ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო. თუმცა, იმ დონით, რა დონითაც ჩვენი მსმენელები სკოლას ასრულებდნენ, მე თვითონაც არ ვიყავი კმაყოფილი.“ - გვითხრა  გია ცუცხვაშვილმა.

მართალია, ქართული ენის სწავლებისა და სახელმწიფო მართვის პროგრამები განათლების სამინისტროში, ექსპერტების მიერ იყო შექმნილი, მაგრამ მათ აშკარად არ გაამართლეს, რადგან ერთმანეთთან ძალიან ხისტად იყო დაკავშირებული.

გია ცუცხვაშვილი: „ქართულის სწავლების პროგრამა განიხილებოდა, როგორც მოსამზადებელი ეტაპი მეორე პროგრამისთვის, რაც, მე ვთვლი, რომ არ იყო სწორი. შეიძლება უკვე მუშაობს ადამიანი საჯარო მოხელედ და მას არა აქვს საშუალება, რომ კიდევ სამი თვე გააგრძელოს სწავლა. ისწავლებოდა მხოლოდ „საყველპურო“ ქართული და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ადმინისტრირებასთან.  ქართული ისწავლეს, მაგრამ - მხოლოდ სალაპარაკო, მეორე პროგრამაში კი ისეთი რამეებია, რომ მხოლოდ სალაპარაკო ქართულით ვერ ისწავლი. სტატისტიკაც ძალიან ცუდი გვაქვს. გამოცდების დროს, 70 კაციდან პირველსავე გამოცდაზე ჩაიჭრა 26 და ესენი ყველანი იყვნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

სახელმწიფო მართვის პროგრამასაც აქვს თავისი ხარვეზები, ეს პროგრამა გათვლილი იყო სამინისტროში მომუშავე საჯარო მოხელისთვის და განსხვავება არც თანამდებობებს შორის გახლდათ და არც იმაში, თუ რომელი რეგიონიდან იყო საჯარო მოხელე.“

პროგრამების შეცვლა აუცილებელია. მომავალი სასწავლო წლიდან, სავარაუდოდ, ოთხი პროგრამით წარიმართება მუშაობა: ორი - ქართული ენის სწავლების იქნება, ორიც - სახელმწიფო მართვის, რემონტი კი  დეკემბერში უნდა დასრულდეს. თუმცა,  სწორედ იმიტომ, რომ პროგრამებია შესაცვლელი, ახალი ნაკადის მიღება აპრილიდან დაიწყება, სკოლა პედკოლექტივითაც თავიდან დაკომპლექტდება, რადგან თებერვალში ძველ მასწავლებლებს ხელშეკრულების ვადა დაუსრულდათ.

(სურათზე გია ცუცხვაშვილი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია