დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
24-საათიანი წყალმომარაგება აბსურდია
2009/09/18 13:37:35

ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციის 27 მილიონიანი პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს მოსახლეობა უხარისხოდ თვლის. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად უკვე რეაბილიტირებული ჩეხოვის ქუჩა გამოდგება. ამ ქუჩის მკვიდრები ამბობენ, რომ მათთან წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის და მდგომარეობა ადრინდელზე მეტად დამძიმდა: მილები უკვე დასკდა და ქუჩაც იტბორება. „ქუჩა გადათხრილი დაგვიტოვეს, სამუშაოების შესრულების დროს კანალიზაციის მილებიც კი დატყდა. ამ ადგილებზე ხის სოლები ჩაარჭვეს, ასეთი რეაბილიტაცია მოხდა ჩვენთან,“ - გვიყვება ჩეხოვის ქუჩის მკვიდრი მარინა იობიძე.

 

რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები იმასაც უკავშირდება, რომ სამუშაოები დათქმულ ვადებს გასცდა. არადა, 2009 წლის ნოემბერში უკვე EBRD-დან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ნასესხები თანხის გასტუმრება უნდა დაიწყოს. ამ დროისათვის  „ქუთაისის წყალს“ 125 000 ევრო ექნება გასასტუმრებელი. როგორ გადაიხდის ამ ვალს კომპანია, ბუნდოვანია, მაშინ, როცა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურსაც კი სახელმწიფო ბიუჯეტი უხდის. თუმცა წყალმომარაგება 2009 წლის ივნისიდან თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება აღარ არის. ამ დროიდან წყლის მართვის სააგენტო ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც ორი ახალი კომპანია - შპს „დასავლეთის წყალი“ და შპს „აღმოსავლეთის წყალი“ შეიქმნა.

ქვეყნის პრემიერი ნიკა გილაური კი ყოველთვიურად განკარგულებას აქვეყნებს, ადგილობრივი წყლის კომპანიებს, მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რომ გადაერიცხოთ.

„ჯერ იმის ეკონომიკური დასაბუთებაც არ გვინახავს, რას მოიტანს რეორგანიზაცია და რა ეფექტის მომტანი იქნება, თუნდაც, „დასავლეთის წყლის“ ჩამოყალიბება. გასარკვევია ისიც, არის თუ არა „დასავლეთის წყალი“ „ქუთწყალკანალის“ ვალდებულებების მემკვიდრე,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე პაატა კლდიაშვილი.

„დასავლეთის წყლის“ ქუთაისის სერვისცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსი ალეკო ბაძგარაძე ადასტურებს იმას, რომ მათი კომპანია „ქუთწყალკანალის“ სამართალმემკვიდრეა, მათ შორის - ვალებისაც.

მისი თქმით, ნოემბრისათვის „დასავლეთის წყალი“ 125 000 ევროს გადახდას ვერ შეძლებს და ამ ვალის გადავადებას ითხოვს. არადა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირობები საკმაოდ მკაცრია - იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელები არ იქნება დროულად გადახდილი, მაშინ ვადაგადაცილებულ თანხებზე დაერიცხება ჯარიმა წლიური 8%-ის ოდენობით - აღნიშნულია სასესხო ხელშეკრულებაში.

ვალის გადავადების შესახებ და პროექტის მიმდინარეობის დროს შექმნილ შეფერხებებზე კომპანიამ წყლის მართვის სააგენტოს უფროსს უკვე მისწერა. წერილში საუბარია, რომ პროექტის შესრულებას ხელს ტენდერების, შემდეგ კი ხელშეკრულებების დაგვიანებით გაფორმებამ შეუშალა ხელი.

ამ სასესხო ხელშეკრულებაში „წყალკანალს“ გარანტორად ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა დაუდგა და, შესაბამისად, ვალის გასტუმრების პასუხისმგებლობა მასაც აკისრია.

როგორც ვალის გასტუმრების საკითხია გაურკვეველი, ასევე ბუნდოვანი რჩება პროექტთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი - რამდენსაათიანი წყალმომარაგების გრაფიკი ექნება ქალაქს პროექტის დასრულების შემდეგ; როგორი იქნება დანაკარგი ქსელის აღდგენის შემდეგ; გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება მომხმარებელთან?

განსხვავებული შეკითხვები აქვს იმერეთის სამეცნიერო საინფორმაციო ასოციაცია „ასას“, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით წყალმომარაგების პროექტის მონიტორინგს ახორციელებს:

„როცა ტენდერები დასრულებულია, მაშინ როგორღა მიმდინარეობს პროექტირება?

როგორ გახდა საკმარისი 5 მილიონი ლარი 28 ქუჩისა და 31 კილომეტრიანი ქსელის რეაბილიტაციისათვის? - კითხულობს „ასას“ გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ხელაძე.

ამ კითხვებიდან „დასავლეთის წყლის“ ქუთაისის სერვისცენტრს პასუხი ზოგიერთზე აქვს: „24 საათიანი წყალმომარაგების დაპირება ქუთაისში აბსურდია, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ წყალი იქნება ზოგიერთ უბანში 12 საათი, ზოგიერთში - 16 ან 18 საათი. პროექტის დასრულების შემდეგ კი დაახლოებით ქსელის 30-35% იქნება რეაბილიტირებული. დანაკარგის შესაძლო მოცულობაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც ციფრები ამ შემთხვევაში მიახლოებითია. დღესდღეობით ყოველდღიურად 12 დაზიანება მაინც გვაქვს, იმდენად მოძველებულია ქსელები,“ - აღნიშნავს ალეკო ბაძგარაძე.

წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტის მილიონები წყალს გატანებული რომ არ არის, ეს ქუთაისელებს საკუთარ ონკანებზე ჯერ არ უგრძვნიათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია