დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოსკოვის „საჯილდაო ქვა“ და თურქეთის „მეხუთე კოლონა“ საქართველოში
2009/07/01 09:59:48

გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს ყაზბეგის რაიონის ჩრდილოეთ საზღვართან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის შემდეგ კი რაჭაში, მამისონის უღელტეხილზე მომხდარი აფეთქება ტელევიზიების მთავარ თემად იქცა. აქაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია ორად გაიყო: ერთნი აფეთქების ფაქტს ადასტურებდნენ, ხოლო მეორენი (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები) - ხიდის არარსებობას ადიდებულ მდინარეს აბრალებდნენ.

რამდენიმე დღის წინ მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ „თავისუფალი აზრის სახლში“ ბრიფინგი გამართა, სადაც მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ინტერესებზე ისაუბრა. ოდნავ მოგვიანებით ამ ფაქტზე „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ალაპარაკდა. მისი აზრით, მდგომარეობა კავკასიის ქედზე საგანგაშოა, რადგან რუსეთის სავარაუდო ინტერესები იხატება. ამდენად, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რადგან, შესაძლოა, ნებით თუ უნებლიედ, კიდევ ერთი ტერიტორიის დაკარგვის ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ.

საინფორმაციო ომი ყაზბეგის ტერიტორიის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით კი ოსურ პრესაში გაცილებით ადრე მიმდინარეობდა, ვიდრე ეს ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა. ერთ-ერთმა ოსურმა გამოცემამ, „ოსეთის პულსი“, გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა სტატია „ყაზბეგის საკითხი“. ჟურნალისტს დასაწყისშივე აქვს კითხვა დასმული - „არ დადგა დრო, რომ დაისვას საკითხი ძირძველი ოსური მიწების - თრუსოს და გუდის ხეობის და კობის უღელტეხილის დაბრუნებისა, რომელიც უკანონოდ გადასცეს საქართველოს და დღემდე რჩება საქართველოს შემადგენლობაში?“ ჟურნალისტი დარწმუნებით წერს, რომ ეს ადგილები რუსეთის ფედერაციის საკუთრებაა და ჩრდილო-ოსეთს ეკუთვნის. „ყაზბეგის რაიონი კი ოსეთის დედაქალაქიდან, ვლადიკავკაზიდან, 54 კილომეტრში მდებარეობს,“ - როგორც სტატიის განვითარებიდან ირკვევა, ესეც მათთვის ერთ-ერთი არგუმენტია.

საქართველოს საზღვრები დღემდე კვლავ დაუცველი რჩება. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა აფხაზეთის და ოსეთისა, რამდენიმე ადგილზე სასაზღვრო ზოლმა, ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ გადმოიწია. ამჯერად საქართველოს ტერიტორია 1921 წლიდან დღემდე ორი მესამედით შემცირდა. საზღვრებთან არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის რაიონის საზღვრებსაც გვედავებიან. რა ხდება, მართლა გვართმევენ ამ კუთხეს?

- მოდით, ჯერ ნუ გავამწვავებთ ვითარებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ინგუშებს, რომლებმაც ეს მასალა მოგვაწოდეს და განგაშის ზარი შემოჰკრეს - ეს არის ინგუშების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, ვინც ჩვენთან კონტაქტშია. მათ გამოგვიგზავნეს ინფორმაცია, რომ ჩრდილოოსურ პრესაში  2008  წლის  სექტემბერში  დაიწყო  კამპანია   ყაზბეგის   რაიონის   კუთვნილებასთან დაკავშირებით. ეს არის ოსური მიწა, რომელიც სტალინმა თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა საქართველოს და რადგან საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა ისე, რომ არ გაითვალისწინა ოსი ხალხის ნება, ამიტომ ეს მიწები უნდა დაუბრუნდეს ოსებსო - ეს არის მათი აზრი. საერთოდ ითვლება, რომ ეს ადგილი იყო სამხრეთ ოსეთის დასავლეთი ნაწილი. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ომის პირველ დღეებში ახალგორის რაიონის მთიანი ზონის ოსური მოსახლეობა ოს მოროდიორებს ყაზბეგის რაიონში ემალებოდა. ეს კამპანია წამოიწყო ოსურმა გაზეთმა, რომელსაც ჰქვია „ოსეთის პულსი.“ ერთი შეხედვით, რამდენი პატარა რაიონული გაზეთი რაღაცას დაწერს, რეაქცია თითქოს არ უნდა გქონდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გაზეთი ეკუთვნის რუსეთის დუმის დეპუტატს არსენ ფაძაევს, რომელიც არის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში. მახსოვს მისი ჩამოსვლები თბილისში, როგორ ელაქუცებოდა და ეპირფერებოდა ლევან თედიაშვილს და სხვა ქართველ მოჭიდავეებს. ეხლა გახდა დუმის დეპუტატი და ანტიქართველი. ის თავის საქციელით და გაზეთის ტონალობით უხერხულ მდგომარეობაში აგდებს იმ ოს მოსახლეობას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და თავის სამშობლოდ საქართველოს თვლის.

- რატომ წამოიწყო ეს კამპანია?

- ეს არ არის არსენ ფაძაევის პირადი ინიციატივა. ეს არის საჯილდაო ქვა, სასინჯი ქვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ინიცირებულია მოსკოვიდან. ფაძაევი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობით იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც დამოუკიდებლად მოიფიქრებდა ასეთ სვლას. ის, რომ თავის დროზე რუსეთმა „კეთილი ნება“ გამოიჩინა და ყაზბეგის რაიონის მცხოვრებლებს დართო ნება, ვიზების გარეშე გადაეკვეთათ საზღვარი (ვისაც უწერია პასპორტში ყაზბეგის რაიონი, მას შეუძლია, პრობლემის გარეშე გადაკვეთოს რუსეთის საზღვარი), მაშინ ახსნილი იყო ასე, რომ ყაზბეგის რაიონის და სტეფანწმინდის მოსახლეობა არის ოდითგანვე ინტეგრირებული ჩრდილო ოსეთთან და მათთვის უვიზოდ გადასვლა მოსახერხებელია.

- რომელი მხრიდან იყო ასე აღქმული?

- რუსული მხრიდან. ეკონომიკური თვალსაზრისით ისინი მართლაც მათ სივრცეში იყვნენ ინტეგრირებულები. ეს იყო შორეული ჩანაფიქრი, რათა ეს კამპანია შემდგომ ეტაპზე ეწარმოებინათ. ლარსის საგუშაგოს მოულოდნელი გახსნაც რუსეთის მხრიდან იყო პროვოკაციული ქმედება, რაც ეჭვს ბადებს. ეს ფაქტი რუსულმა მხარემ ასე ახსნა - მისი ერთგვარი კეთილი ნება საქართველოს მიმართ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები აღდგეს და ეს იყო ნაბიჯი სომხებთან მიმართებაში, რადგან მათ არ აქვთ სხვა კომუნიკაციის საშუალება რუსეთთან. ეს არის ზედაპირზე დადებული ქმედებები, მაგრამ არის სხვა ჩანაფიქრიც: ერთის მხრივ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა და მეორეს მხრივ, არ არის გამორიცხული, სხვადასხვა გზით დაიწყოს ყაზბეგის მოსახლეობაზე ზემოქმედება. დაიწყება ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მოსახლეობა არ არიან ქართველები, ან კიდევ არიან ქართველები, მაგრამ დაჩაგრული - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი კოორდინირებული ზრუნვის ფორმა ამ რეგიონის მცხოვრებთა მიმართ არ აქვს. გაზის საკითხი ავიღოთ: მოსახლეობის დაჟინებული თხოვნით, სახელმწიფომ დაიწყო საფასურის გადახდა, ახლა კი უცებ შეუწყვიტა გაფრთხილების გარეშე. არსებობს საქართველოს კანონი მთიან რეგიონებთან მიმართებაში, რომელიც უნდა მუშაობდეს ყაზბეგის რაიონში, რადგან ეს ერთადერთი რეგიონია, რაჭის და სვანეთის შემდეგ, სადაც მოსახლეობა შენარჩუნებულია. თუშეთი, ხევსურეთი დაცლილია და საზღვრები მოშიშვლებული. საქართველოს ხელისუფლება უნდა გადაჰყვეს მთიანეთს, რომ იქ როგორმე მოსახლეობა დაბრუნდეს. აქედან გამომდინარე, ყაზბეგის მოსახლეობის სულმოკლე ნაწილის გადაბირების ალბათობა რუსეთის მხრიდან ძალიან მაღალია. იქ 3 000 კაცი ცხოვრობს და რუსებისთვის მათი გადაბირება საკმაოდ იოლად შეიძლება. საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფრთხილად და ყურადღებით და არა მარტო ხელისუფლება, ასევე ტელევიზიები, საზოგადოება. საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს კი საერთოდ არ ადარდებს, რა ხდება თავისი კონკრეტული დასახლებული პუნქტის გარეთ.

- სახელმწიფოს არ შეუძლია, ახლა, დროებით მაინც, გააძლიეროს ეს საზღვრები?

- მე სახელმწიფოსთან პრობლემები რომ მაქვს, იმიტომაც ვაკრიტიკებ და ვაფასებ მის ქმედებას კატასტროფულად. ხელისუფლების დანაშაულის აღწერა შეუძლებელია, თუმცა საზოგადოებაც უნდა იყოს აქტიური. 1921 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორია 60 000 კვადრატული კილომეტრით შემცირდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რაც ბევრს არ ანაღვლებს საქართველოში.

- კონკრეტულად, რა ადგილებზეა საუბარი?

- სოჭის მხარე, არდაგანი. ობიექტურები რომ ვიყოთ, ის რუსეთის იმპერიის მიერ იყო დაბრუნებული, მაგრამ ქართული სისხლიც დაიღვარა. საინგილო, ლორე, იქ, სადაც ახტალის ცნობილი ეკლესიაა. კომუნისტების ბატონობა ამით დამთავრდა. მანამდე, 80-იან წლებში, ჩვენ გადავეცით ყვარლის რეგიონის ერთი ნაწილი დაღესტანს. ჩვენ მათ სამაგიეროდ დაგვითმეს ყიზლარის საძოვრები. დამთავრდა საბჭოთა კავშირი, ყიზლარიც დავკარგეთ და ეს მთა რუსებმა დაისაკუთრეს, სადაც დღეს დიდი რადიოსალოკაციო სადგურია. დავთმეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს - რაც მსხვილი ტერიტორიები იყო. ხევსურეთში დავკარგეთ საკმაოდ დიდი სოფელი - ფიჭვები. დავკარგეთ ინგუშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო ნაწილი, რომელიც მესაზღვრეებმა დაიკავეს. ამაზეც ხმა არავის ამოუღია. ახლა დავკარგეთ 600 კვადრატული კილომეტრი - სომხეთის საზღვარზე. ასევე წითელ ხიდთან 300 კვადრატული კილომეტრი საზღვრის არასწორი აზომვითი სამუშაოების გამო.

- ეს ჩვენი შეცდომის შედეგად მოხდა?

- აი, ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯის შედეგად მოხდა. ინგუშეთის საზღვარზე თუ ვიღაც ჩინოვნიკმა მოიპარა, აქ ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ არჩია, არ გაერთულებინა ურთიერთობა ჰეიდარ ალიევთან. მერე გარეჯი - შეიძლება აქ დიდი ფართობი არ იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ სადავოა.

- გამოდის, ხელისუფლებამ ეს ფაქტები იცის, მაგრამ არ მოქმედებს და რატომ?

- ის ადამიანები, რომლებიც საზღვრის დემარკაციაზე მუშაობენ ხელთათმანებივით იცვლებიან.

- პასუხისმგებელი ვინ არის?

- ერთი შეხედვით საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ მინისტრები რომ იცვლებიან, ავტომატურად, ახალი მოადგილეებიც ინიშნებიან. საზღვრის დემარკაციაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული მოადგილეა, რომელიც, როგორც წესი, დანიშვნის შემდეგ იწყებს სწავლას. ამიტომ ისინი ძალიან ადვილად ახერხებენ ქართველი ჩინოვნიკების გაცურებას. ჩვენთან მუდმივად იცვლებიან პიროვნებები, იქ კი მუდმივად ზის შამბა, რომელიც უკვე პირადად და ოჯახებით იცნობს უცხოელ დიპლომატებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ დასავლეთში. მეტიც, ზოგ შემთხვევაში შამბა უფრო მისაღებია ჩვენი პარტნიორი დიპლომატებისთვის, ვიდრე ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც აზრზე არ არის, რა უნდა ილაპარაკოს, პირველ შეხვედრაზე - განსაკუთრებით. იგივე შემიძლია ვთქვა ბორია ჩოჩიევზე, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებლის დონეზე იყო, მაგრამ დღეს ქიციც იცის და ქიცმაცურიც.

- მოწესრიგებული მდგომარეობა გვაქვს თურქეთის საზღვარზე...

- გეთანხმებით, აქ საზღვარი დაფიქსირდა ისეთი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ ქვეყნის ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ფონზე, რაც ხდება საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაახლოებით 1000-მდე ბავშვია წაყვანილი თურქეთში. მათ იქ გაიარეს ისლამური სკოლები და ნაწილი უკან არის დაბრუნებული. ეს კი მეხუთე კოლონაა საქართველოსთვის.

... ამ ფონზე, 18 თებერვალს ეუთოს ოფისმა საქართველოში მუშაობა შეწყვიტა, ხოლო რამდენიმე დღის წინ გაეროს ოფისი დახურვის რეჟიმში გადავიდა. ორივე შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოდან გასვლა რუსულ მხარესთან ასოცირდება. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ევროკავშირის კომისია რჩება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია