დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამშობიაროს გარეშე დარჩენილი ჭიათურა და ექიმები „ჯეოჰოსპიტალსის“ წინააღმდეგ
2013/07/23 16:27:30

„სამკურნალო“ ჯანმრთელობის დაცვა

რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა სერგეენკომ ჭიათურასთან დაკავშირებით ფრიად იმედისმომცემი ინტერვიუ მისცა გაზეთ „ახალ თაობას“. აქვს თუ არა ჭიათურას საიმედოდ საქმე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით?!

 2011 წლის 22 დეკემბერს ჭიათურაში „ჯეოჰოსპიტალსი“ პომპეზურად გაიხსნა. ამით დასრულდა ორი უზარმაზარი საავადმყოფოს არსებობის ისტორია ჭიათურაში. მაღაროელთა ქალაქში ე.წ. „ქალაქისა“ და „ტრესტის“ მრავალპროფილიანი საავადმყოფოები წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამთოელებსა და არა მარტო მათ. ზემო იმერეთის პატარა ქალაქი მხოლოდ ტექნიკური ინტელიგენციით არ იყო გამორჩეული, მაღალი კვალიფიკაციის მედიკოსებიდან მხოლოდ ღუდუშაურის დასახელებაც კმარა, რომლის პროფესიონალიზმზე ლეგენდებს ახლაც ჰყვებიან ჭიათურაში.

„ჯეოჰოსპიტალსს“ ჭიათურაში რამდენიმე გახმაურებული თუ გაუხმაურებელი ფაქტი უკავშირდება. ერთი მათგანის შესახებ ადრე ვწერდი კიდეც: ქალაქის ყველაზე უკეთესი პედიატრი მალხაზ წერეთელი რა ნიშნით გაათავისუფლეს,  ოფიციალურად ვერავინ მომცა ინფორმაცია. ის არც ყველაზე დაბალი ცენზის იყო, არც ყველაზე უფროსი, არც ყველაზე უმცროსი, მაგრამ მაინც შეამცირეს. ყველაზე საიმედო ვერსია ბოლოს მაინც ის აღმოჩნდა, რომ მალხაზ წერეთელი რესპუბლიკური პარტიის წევრია და წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ „პერესტრელკაში“ მოჰყვა. საბოლოოდ, მას „ქომაგმა“ საკომპენსაციო ხელფასი დაუნიშნა, შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან კანდიდატადაც დასახელდა (ამჟამად მალხაზ წერეთელი ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატია); ასევე ჰყვებიან ჭიათურაში იმაზეც, რომ საწოლების უკმარისობის პერიოდში ორ პაციენტს ერთ საწოლზე ათავსებენ (თუმცა ჭიათურის „ჯეოჰოსპიტალსში“ ამას არ ადასტურებენ).

 რამდენიმე დღის წინ 25-საწოლიან ჭიათურის „ჯეოჰოსპიტალსს“ სამეანო ლიცენზია გაუუქმეს, რასაც მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო საფუძველი არ აქვს (აქამდე თუ ხერხდებოდა მშობიარობა ჭიათურის ნამცეცა საავადმყოფოში, ახლა რაღა შეუშლიდა ხელს?!) და ქალაქში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ კიდევ მეტად დაუგდონ რეიტინგი.

„პოსტკრიპტუმთან“ საუბარში ჭიათურის „ჯეოჰოსპიტალსის“ მენეჯერის მოადგილემ, ზურაბ ლოლაძემ განაცხადა, რომ მენეჯერი  სათავო ოფისში გაემგზავრა და ცდილობს, რომ სამეანო განყოფილებას ლიცენზია აღუდგინოს, მანამდე კი ჭიათურელ ქალბატონებს საჩხერის საავადმყოფოში მოუწევთ მშობიარობა.

 სამთოელთა ქალაქში, სადაც დაზღვეული საწარმოო ტრამვებისაგან არავინაა დაზღვეული, ან თუნდაც ორი სამარშრუტო მიკროავტობუსის ავტოავარიის დროს როგორ უნდა მოხერხდეს პაციენტების მოვლა და თუნდაც პირველადი დახმარების აღმოჩენა?!

როცა ასეთი შეკითხვა დავსვი ჭიათურის „ჯეოჰოსპიტალსში“, პასუხად მივიღე: დაახლოებით 80-კაციანი საავადმყოფო ჭიათურისათვის საჭიროა, თუმცა ჩვენ გვევალება გადავარჩინოთ პაციენტი, როცა კატასტროფა გაივლის, შემდეგ ან სხვა ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ, ან კიდევ შინ მკურნალობას გააგრძელებს ავადმყოფიო.

 ასევე გაირკვა, რომ ყველაზე ხანგრძლივი სტაციონარული მომსახურება ერთი პაციენტისთვის გაგრძელებულა 15 დღემდე.

 ნაკლებად საიმედოა, რომ ჭიათურაში ჯანდაცვის საკითხი პროგრესისკენ მიდიოდეს. გასულ კვირაში ამბულატორიული მომსახურების ექიმებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ოჯახის ექიმების კოორდინატორის, ლელა ბუთხუზის განცხადებით, ამბულატორიული მომსახურების საკითხი საკმაოდ პრობლემურია. როგორც ექიმები აცხადებენ, ხელფასის სიმცირის გარდა რამდენიმეთვიანი დავალიანებაც არსებობს. სოფლად ოჯახის ექიმების მომსახურების ხარისხი მათი ანაზღაურების შესაბამისია: ზოგან საერთოდ არ უსარგებლიათ ოჯახის ექიმის მომსახურებით, მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული სადაზღვევო სისტემა გულისხმობს ბინაზე ექიმის მომსახურებასაც.

საყოველთაო დაზღვევის პირობებში  მცირე მოცულობის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოები რამდენად უზრუნველყოფს პაციენტების „შემოტევებს“, ამას უახლოეს ხანებში შევიტყობთ.

სოციალურ ქსელებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ჯეოჰოსპიტალსის“ ჩამოყალიბება ბენდუქიძის ინტერესებში შედიოდა. სამედიცინო სექტორი, ჩვენი სურვილის მიუხედავად, ბიზნესსფეროდ უფრო რჩება, ვიდრე სოციალურ საკითხად, აქიდან გამომდინარე, არც მოულოდნელი იქნება, თუ „ჯეოჰოსპიტალსი“ გათვლილი იქნებოდა თანხების მობილიზებაზე და არა ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაზე.

ეს პრობლემა მხოლოდ ჭიათურა-საჩხერეს არ აწუხებს. „პოსტსკრიპტუმი“ წერდა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ადმინისტრაციულ შენობას შეხიზნულ სამედიცინო „კომპლექსსაც“ (და არა მარტო მას) არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა და პერსპექტივა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია