დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაატა ზაქარეიშვილი: „პერევი გვახსოვს!“
2013/07/23 16:01:30

მორიგი რეპორტაჟი საოკუპაციო ხაზისპირა პერევიდან

„პოსტსკრიპტუმი“ ათიოდე დღის წინ წერდა საჩხერის სოფელ პერევზე, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის. სოფელი, თავისი ბუნების გარდა, სპეციფიკური იმითაცაა, რომ მოსახლეობამ შეინარჩუნა საცხოვრებელი ბინები, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის 85% „მიღმა“ დარჩა, რის გამოც პერევის მოსახლეობას, ფაქტობრივად, საარსებო საშუალება აღარ აქვს.

მაშინდელი სტუმრობის დროს პერევში ჩემთან ერთად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და საკრებულოს თავმჯდომარეც იმყოფებოდა. მაშინ ფეხდაფეხ დავიარე მუდმივი საშიშროების ქვეშ მყოფი სოფელი და მოსახლეობის პრობლემებს გავეცანი, რომელიც ძალიან ჰგავს სრულიად საქართველოს საჭირბოროტო საკითხებს: უმუშევრობა, უგზოობა, მატერიალური სახსრების სიმწირე მათ ისევე აწუხებთ, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენ მოქალაქეს, თუმცა პერევში დამატებით უმიწობა და მუდმივი განსაცდელის მოლოდინია.

პირველ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პაატა ზაქარეიშვილს შეახვედრებდა მათ და პერევის პრობლემატიკას დეტალურადაც გააცნობდა.

19 ივლისს ზაქარეიშვილი საჩხერეში ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა სინაგურისა და ქარძმანის მოსახლეობასთან შედგა. საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრები ქართველები და ოსები ჩქარობდნენ, რადგან საზღვარს  საღამოს 8 საათის შემდეგ ვეღარ გადაკვეთდნენ: რუსი მესაზღვრეები აღარავის ატარებენ დაგვიანებით და პერევში დარჩენას კი 20-მდე ადამიანი ვერ შეძლებდა. თედელეთის მოსახლეობა (სულ 20 სულიანი სოფელია) ადრიანად გადასულა საზღვარზე, რადგან 14 კილომეტრიანი მანძილის გავლა საკმაოდ ძნელი იქნებოდა გვიანი საღამოს შემდეგ და თავისთავად ცხადია, რომ თედელეთის მოსახლეობა ვერ შეხვდა მინისტრს.

სოფლის ამბულატორიაში ქარძმანისა და სინაგურის მოსახლეობის შეხვედრაზე კამერა გამორთული მქონდა ისევ „გადმოსულების“ უსაფრთხოების გამო, თუმცა მათ გარკვევით ჩამოაყალიბეს რამდენიმე პრობლემა: 18 სექტემბრიდან სინაგურიდან ავტომობილებით გადმოსვლა საჩხერისკენ შეწყდება – ეს რუსების დაანონსებული მომდევნო „სიურპრიზი“ იყო (როგორც მოსახლეობის საუბრიდან ჩანდა, სულ სამი ავტომობილი ყოფილა სინაგურში); ოსებს უნდათ ქართული პასპორტები და არა ე.წ. ნეიტრალური პასპორტები; სოფლის განვითარების პროექტების განხორციელება სინაგურსა და ქარძმანში, რადგან ამ სოფლების მოსახლეობას პასპორტებში (ან პირადობის მოწმობებში) უწერიათ საცხოვრებელი ადგილი საჩხერის მუნიციპალიტეტის აღნიშნული სოფლები; ოსური მართვის მოწმობებით საჩხერეში გადმოსვლის დროს 200 ლარიანი ჯარიმის  აკრძალვა; ექთნის, თამარ ენუქიძის, მიმოსვლის შედარებით გაიოლება (მას ქართული მხრიდან უშიშროების თანამშრომლები საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ სთხოვენ „ანგარიშის ჩაბარებას“).

გამსახურდიას პერიოდში, მკითხველს ემახსოვრება, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებისას, ჯავის რამდენიმე სოფელი საჩხერის რაიონულ საზღვრებში მოექცა. ამ სოფლების ადრე დაბადებულ მოსახლეობას ჰქონდა საბჭოთადროინდელი სიმბოლიკიანი ან ოდნავ მოგვიანებით გაცემული ოფიციალური დოკუმენტაციები და მათ საფუძველზე დღესდღეობით აქვთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღებული საჩხერეში, თუმცა მოგვიანებით დაბადებულებს არ აქვთ არცერთი  ისეთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტრო გასცემს პირადობის მოწმობებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც კონფლიქტის დრომდე ჰქონდათ  სრულწლოვანება, აქვთ ორი პასპორტი, ქართულიც და ოსურიც. ასეთებისათვის არც ოსურ და არც ქართულ ტერიტორიაზე გადაადგილება პრობლმური არაა (თანაც ქარძმანის მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ოსური ადმინისტრაციის უფროსი ჰუმანური ადამიანიაო), თუმცა სხვა დანარჩენებს ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ეკრძალებათ.

ზემოთ აღნიშნულ ორივე სოფლისათვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტები ვერ ეწოდება და დანანებით ამბობდნენ, რომ 1 ოქტომბერს გადმოვიდნენ საზღვარზე და ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს დიდი იმედით, რომ მათთვისაც რამე პოზიტიურად შეიცვლებოდა. სოფლის განვითარების პროგრამით გათვლილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას ვერ ახერხებენ, რადგან საჩხერის მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ვერ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოს, ანუ ქარძმანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ცემენტი და მილები რომ წაიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ, წყალგაყვანილობის სისტემის გაკეთების მერე იქ კომისია ვერ გადაამოწმებს, მიზნობრივად გაიხარჯა თუ არა სამშენებლო მასალა და მილები!

მინისტრისგან დამაიდებელი პასუხები მიიღეს მოჩქარე „იქითელებმა“: კონკრეტული საკითხებით მომწერეთ წერილები და განუხორციელებელი არაფერი დარჩებაო.

„პოსტსკრიპტუმი“  დაინტერესდა საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრები საჩხერის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა რაოდენობით, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის უფროსს, მირზა თაბაგარს, მივმართეთ. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქარძმანში ცხოვრობს 334 მოქალაქე, ხოლო სინაგურში – 84, თედელეთში – 20. ყველაზე ცოტა სასკოლო ასაკის მქონე მოქალაქე თედელეთშია – სამი ბავშვი, ხოლო ქარძმანსა და სინაგურში 73 და 14 .

***

მინისტრს ასეთი კითხვაც დაუსვეს: მიწისძვრის შემდეგ „იქიდან“ 15 ოჯახი გადმოსახლებულა მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, თუმცა მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ზონაში მოხვედრილა და 18 სექტემბრის მოსალოდნელი აკრძალვის შემდეგ მოსახლეობა მოსავალს ვერ გადმოზიდავდა მეორე მხრიდან. როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ ორი პასპორტი, რომლის საშუალებითაც ფეხით მიმოსვლა არ შეეზღუდებოდათ ტვირთის გადასატანადაც (ზაქარეიშვილმა გაახსენა მოსახლეობას, რომ ენგურის ხიდზე სწორედ ასე გადააქვთ და გადმოაქვთ ტვირთი).

მინისტრის შეხვედრის მეორე ეტაპი პერევის ცენტრში შედგა. საკითხებიც დასვეს მინისტრის წინაშე: ქართლში იძულებით გადაადგილებული პირებისაგან მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ უსახლკაროდ არ დავრჩით, საარსებო წყაროები კი მოგვისპეს და თუნდაც დევნილებისთვის განკუთვნილი 28 ლარიანი შემწეობაც დიდი შეღავათი იქნებოდაო. სინაგურის საშუალო სკოლის მასწავლებელმა მზია გაბაძემ ითხოვა, რომ იქნებ სინაგურელი ქართველი და ოსი ბავშვებისათვის შავიზღვისპირზე მცირეხნიანი დასვენების სახსრები გამოყოფილიყო. გაბაძე რუსეთის კონტროლირებად სინაგურში პერევიდან მიუწვევიათ და „სპრავკით“ უპრობლემოდ გადაადგილდება, თანაც ოსურ ადმინისტრაციას ოთხი ქართველი მოსწავლისთვის სამი ფინანსური კლასი გაუხსნია (იმ სკოლაში ოსური და ქართული სექტორები არსებობს და ქალბატონი მზიაც დირექტორის მოადგილეა). აქიდან გამომდინარე, ადვილად დავასკვნით კიდევ ერთხელ, რომ ოსებსა და ქართველებს შორის მხოლოდ გამყოფი რუსული ძალაა და სხვა არაფერი...

მოსახლეობამ კიდევ ერთი საკითხი გამოკვეთა: საოკუპაციო საზღვარს იქით დარჩენილი მიწების საკომპენსაციო თანხები გამოყავითო, რაზეც უარი მიიღეს, ალბათ იმიტომ, რომ ამით ქართული მიწების „გადარუსების“ აღიარება მოხდება!

საჩხერის გამგებელმა, ივანე გოშაძემ, აღნიშნა, რომ მუნიციპალური ხელისუფლება აღნიშნულ პრობლემების წინაშე უძლურია, ყველაფერი სახელმწიფო და სახელმწიფოთაშირისი პოლიტიკის წყალობით თუ მოგვარდება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებამ შეიძლება პირველ ეტაპზე მოიტანოს დადებითი შედეგი, შემდეგ კი – გამოუსწორებელიცო. მანვე დასძინა, რომ სოფელ პერევში 50-მდე ოჯახური სოციალურ შემწეობას იღებს და, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს მათი რიცხვიო; ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა ზაბახიძემ, უფრო დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა: „ვგეგმავთ საბავშვო ბაღებისათვის სახლების შეძენას, რადგან ერთი ახალის ასაშენებელი თანხით სამი მზა შენობის შესყიდვა შეიძლება, ვცდილობთ ინფრასტრუქტურული გარემოს მოწესრიგებას, სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებას, იმ დაკარგული საძოვრების სანაცვლოდ, რომლებიც მიტაცებულია, ონის საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვე და 32 ჰექტარი ალპური საძოვარი დაგვითმეს, ვცდილობთ სახალხო დიპლომატიის აღორძინებასა და მოსახლეობის პასპორტიზაციის მოგვარებასაც“.

 ბოლოს ერთი ახალგაზრდა შევარჩიე და ვკითხე: თუ აპირებდა სოფელში დამკვიდრებას. 24 წლის ვახტანგ ცუხიშვილმა თქვა, რომ ძმას უნდა გამოეყოს და სხვაგან დასახლდეს, რადგან პერევში მიწის ფართობი თითქმის აღარ არსებობს.

არ ვიცი, რა კითხვა დაუსვეს ამ დროს პაატა ზაქარეიშვილს, რომელმაც მკაფიოდ თქვა: პერევი გვახსოვს!

ახლო მომავალი აუცილებლად გვაჩვენებს, გამოიღებს თუ არა პოზიტიურ შედეგს მინისტრის ვიზიტი საზღვრისპირა სოფლისათვის...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია