დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
500 ლარად შეფასებული საფრთხე
2013/07/23 13:03:42

მევლუდ ბაბუნაშვილი: „ეყოფა ამას 500 ლარი?“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის თემის მცხოვრები მევლუდ ბაბუნაშვილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დახმარებას ითხოვს. მისი განცხადებით, წყალტუბოს გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. დაპირების მიუხედავად, დაზიანებული სახლის  გასაკეთებლად დახმარება არ მიუღია.

ბაბუნაშვილების საცხოვრებელი სახლის სახურავი და კედლები იმდენადაა დაზიანებული, რომ ჩამონგრევა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი, რის გამოც სახლში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია.

„მე და ჩემი მეუღლე, ორივე მეორე ჯგუფის ინვალიდები  და სოციალურად დაუცველები ვართ. დახმარება, რასაც ვიღებთ, წამლებში არ გვყოფნის.  ოთხი წლის წინ, მიწისძვრის შედეგად სახლი რომ დამიზიანდა, დახმარებისათვის წყალტუბოს გამგეობას რამდენჯერმე მივმართე. მათ გამოგზავნეს არქიტექტორი, რომელმაც დადო დასკვნა, რომ სახლი ამორტიზებულია და მასში ცხოვრება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, გასულ წელს გამგეობიდან მივიღე შეტყობინება, რომ ამჟამად ბიუჯეტში საჭირო თანხები  არ არის და როგორც კი გამოჩნდება, დამეხმარებიან, თუმცა ამდენი ხნის შემდეგაც დახმარება არავის აღმოუჩენია. გამგებელმა ჩიტიაშვილმა მითხრა: შენი საბუთები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშია გადაგზავნილიო, მაგრამ იქედანაც არავინ დამკავშირებია. იმის გამო, რომ სახლი საცხოვრებლად უვარგისია, ჩემი შვილები ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, მაგრამ წელს ერთი სრულწლოვანი ხდება და იქედან რომ გამოუშვებენ, მერე სად წავიყვანო? აქ ვერ მომყავს, მეშინია,  შვილები აქ როგორ გავაჩერო? მე და ჩემი ცოლი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვებს აქ საცხოვრებლად ვერ გავიმეტებ. ბევრს რას ვითხოვდი, 5 კვადრატ მასალას, რომ მოვანგრიო ეს სახლი და პირველ სართულზე რამდენიმე ოთახი გავაკეთო. უკვე დავიღალე, დაახლოებით 50-ჯერ მაინც მივედი გამგეობაში, ამდენი სამგზავრო თანხაც არ მაქვს. ნუთუ ადგილობრივ მთავრობას არ აქვს საშუალება, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფებს დაგვეხმაროს?“

ბაბუნაშვილებმა რამდენიმე კვირის წინ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ხუნდაძის სახელზეც შეიტანეს. ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი იმედია.

ოჯახის გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლებიც.

„ყველა ნივთი, რაც ჰქონდათ, ჩემთან შევანახინე. მეცოდებიან, რომ დაინგრეს სახლი უცებ, ეს ნივთები მაინც არ გაუფუჭდებათ. ეს რა ცხოვრებაა, ბავშვები ვერ მოჰყავთ სახლში, ხან რომელი მეზობელი იფარებს მათ და ხან რომელი. თვითონ შიშით ცხოვრობენ აქ. მშრომელი ხალხია, იქნებ, ვინმე დაეხმაროს, რომ საკუთარ შვილებთან  ერთად ცხოვრება შეძლონ“, – განაცხადა ბაბუნაშვილების მეზობელმა თინათინ ჭიჭვეიშვილმა.

ბაბუნაშვილისგან განსხვავებით, სხვა ინფორმაცია აქვთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ნათია გახოკიძის განცხადებით, გამგეობამ 2012 წელს ბაბუნაშვილების ოჯახს ერთჯერადი დახმარება აღმოუჩინა 500 ლარის სახით, თუმცა აღნიშნა, რომ შემდგომი დახმარებისათვის დაზარალებულებმა მიმდინარე წელსაც უნდა მიმართონ გამგეობას, რის შემდეგაც ბაბუნაშვილების განცხადების ხელახალი განხილვა მოხდება.

ის ფაქტი, რომ გამგეობამ 500-ლარიანი დახმარება აღმოუჩინა, მევლუდ ბაბუნაშვილმაცდაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ვერ გაიგო თანხა ვისგან ჩაერიცხა.

„ერთი პერიოდი სოციალური დახმარება მქონდა შეჩერებული. ბანკში რომ მივედი და თანხა იყო ჩემს ანგარიშზე, ვიფიქრე, რომ შეჩერებული სოციალური დახმარება ერთად ჩამერიცხა. გამგეობიდან არავის დაურეკავს და არ უცნობებია თანხის შესახებ, მერე კი გავიგე, მაგრამ გამგეობიდან გამოყოფილი 500 ლარი ნამდვილად არ იყო საკმარისი დაზიანებული სახლის სახურავის და, მით უმტეს, მთლიანი სახლის შესაკეთებლად,“ – აღნიშნა მევლუდ ბაბუნაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია