დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქვიტირის გამგებლის „დიდი გამარჯვება“ და 5000-ლარიანი სკვერი
2013/07/18 16:54:58

სკვერი, რომლის ფორმის გამო ქვიტირის გამგებელი და სამუშაოს შემსრულებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სოფლის დასახლების პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის თემისათვის 38 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორცილდეს, რომელიც ქვიტირელებმა გამოკვეთეს.

აღნიშნული პროექტი, რამდენიმე წელია უკვე,  ხორციელდება ყველა სოფელში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქვიტირის თემის გამგებელი ზაზა ჭეიშვილი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, 2012 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მის თემში რამდენი პროექტი განხორციელდა. ჭეიშვილი საკუთარ თემსაც ნაკლებად იცნობს, რადგან ჩვენს შეკითხვაზე, თუ რამდენი ქუჩაა ქვიტირში, გვპასუხობს: „20 თუ 22,  ზუსტად ვერ ვიხსენებ“.

შეგახსენებთ, რომ სოფლის დახმარების პროექტის მიზანი მოსახლეობის მიერ ერთსულოვნად გამოკვეთილი პრობლემის მოწესრიგებაა. თუმცა, გამგეობა და მოსახლეობა ერთმანეთის საპირისპირო კომენტარს აკეთებენ. გამგებელმა აღნიშნა, რომ შეკრებას მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული რაოდენობა ესწრებოდა და  არც ის დაუმალავს, რომ საკუთარი მოსახლეობის ინერტულობით და უინტერესობით უკმაყოფილოა.

„რა თქმა უნდა, როგორც ყოველ წელს, მიმდინარე წელსაც ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ამ ხალხის დიდ ნაწილს ნაკლებად აინტერესებს მსგავსი შეკრებები. საყვედურები კი  არ ელევათ. არადა, რომ შეწუხდნენ, მოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, არ უნდათ. ვინც მოვიდა, იმათთან ერთად გამოვკვეთეთ ის უმთავრესი პრიორიტეტები, რაც მნიშვნელოვანია ქვიტირისათვის. ესენია: გამგეობის შენობის რეაბილიტაცია, გზების შეკეთება, რამდენიმე ადგილზე წყლის მილების გაყვანა.“ – აღნიშნა გამგებელმა ზაზა ჭეიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ  წლებია, ქვიტირელებს საბავშვო ბაგა-ბაღი არ აქვთ, სკოლაც ამორტიზებულია და დამისამართების არარსებობის გამო სასწრაფოს დროულად გამოძახებას ვერ ახერხებენ, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი გამგებლის და გამგეობის კეთილდღეობაა, ვიდრე სხვა პრობლემები. ამიტომაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი გამგეობის შენობა „ერთსულოვნად“ აღმოჩნდა მიმდინარე წლის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

აღსანიშნავია, რომ გამგებლისგან განსხვავებულ  ინფორმაციას გვაწვდიან ადგილობრივები. მათი განცხადებით, დაგეგმილი კრების შესახებ მათთვის არასოდეს უცნობებია ვინმეს და, საერთოდაც, გამგეობა არასოდეს დაინტერესებულა საკუთარი მოსახლეობით.

„რა კრება, ვინ გაგვაგებინა? მაგათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ, მათთვის მთავარია საკუთარი კეთილდღეობა, არაფერი გააჩნდათ და ახლა ჯიპებით დადიან. საიდან, ვისი სახსრებით? საერთოდ, თუ ჰკითხეს ვინმეს, სოფლის კუთვნილი მიწები უკანონოდ რომ გაასხვისეს და მოსახლეობა საძოვრების გარეშე დატოვეს? ჩვენ რომ გვაბრალებენ, თვითონ არ ინტერესდებიანო, რომ დავინტერესდეთ, რა შედეგი იქნება? მაინც რაც უნდათ თვითონ, იმას აკეთებენ და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ,“ – აღნიშნავენ ქვიტირელები psnews.ge-სთან საუბრისას.

2012 წელს  თემისათვის პრიორიტეტული სკვერის გაკეთება აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქვიტირის გამგეობაში სკვერის მნიშვნელობა და დანიშნულება სხვაგვარად ესმით, ვინაიდან გაკეთებული „სკვერი“ დაახლოებით 15 პატარა „არმატურით“  შემოღობილი ელექტროგანათების ბოძია.

გამგებლის განცხადებით, აღნიშნული  სკვერის მოწყობა დაახლოებით ხუთი ათასი ლარი დაჯდა და ის ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბაქარმა“ გააკეთა, რომელთანაც, გამგებლის თქმით, შეხლა-შემოხლაც მოუხდათ, რადგან კომპანიის ხელმძღვანელს სურდა, სკვერი ოთხკუთხედი გაეკეთებინა. გამგეობის მოთხოვნებს კი მხოლოდ მრგვალი ფორმის სკვერი აკმაყოფილებდა. ხანგრძლივი „ჭიდილის“  შემდეგ გამგებელმა გაიმარჯვა და ქვიტირის ცენტრს დღეს ოვალისებური სკვერი ამშვენებს, ბალახებითა და განათების ბოძით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია