დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი პროკურატურისგან აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების დროულ გამოძიებას ითხოვს
2013/07/17 14:48:25

მსოფლიო მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა

დღეს მსოფლიო მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს, რომის წესდების მიღებით, სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ მუდმივმოქმედი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც იქნებოდა დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის, მსხვერპლთა უფლებების დაცვის და მთლიანობაში - საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების გარანტი.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ითხოვს 2008 წლის ომის ფაქტების დროულ და სამართლიან გამოძიებას. განცხადებაში ნათქვამია:

„მართლმსაჯულების საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობას.  საჭიროა აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება, დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულები, მათი წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება ინფორმირებული იყოს გამოძიების მიმდინარეობის და მისი შედეგების შესახებ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოდან სწავლობს საქართველოს სიტუაციას. 2012 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა რიგით მეორე ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი იქნა დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოფიციალური გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. 2013 წლის აპრილის თვეში მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებით იქნება დაკავებული. თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის, ანდა რომელიმე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღემდე არ არის ცნობილი არც დაზარალებულების და არც ფართო საზოგადოებისათვის.  

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქართველოს, როგორც რომის წესდების მონაწილე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებაა, გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები. ხოლო, თუკი არსებობს ამ დანაშაულების საქართველოს ფარგლებში გამოძიების ხელისშემშლელი ფაქტორები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საერთაშორისო დონეზე გამოძიება.“  

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია