დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ხატიაშვილის მიმართვა მედიის წარმომადგენლებს
2013/07/15 20:03:36

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომლის ადრესატი ამჯერად მედიასაშუალებებია. „psnews.ge“ ამ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

“პატივცემულო თანამემამულენო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიციის ძალადობის უამრავი ფაქტის მომსწრენი გავხდით. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შედეგს ვერ ვაღწევდით. საქართველოს უახლესი ისტორია ძალიან ბევრ ფაქტს იცნობს როდესაც სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მისაღებად აწამებდნენ მოწმედ დაბარებულ მოქალაქეს. ამის ნათელი მაგალითია 36 წლის მამუკა მიქაუტაძის შემზარავი ისტორია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, მამუკა მიქაუტაძის წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ალბათ არავინ გამოიძიებს. ერთადერთი გზა, რათა სამოქალაქო საზოგადოება იყოს დაცული პოლიციის ძალადობისგან, არის მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული იყო მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს უკრძალავდა მოწმის დაკითხვას სასამართლოს გარეშე. ეს სიახლე პოლიციას და პროკურატურას უსპობდა საშულებას მოწმე მიეყვანათ პოლიციის ან სხვა დაწესებულებაში და ეწამებინათ. სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანების დაშინებას და წამებას, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება, რათა მოწმე დაკითხულიყო მხოლოდ სასამართლო პროცესზე, პარლამენტის დახმარებით გადაიდო 2012 წლის დეკემბრამდე. 
სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირეთ და ვენდეთ ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას „ქართული ოცნება“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაგვპირდა, რომ საქართველოში დამთავრდებოდა მოქალაქეების დევნა პოლიციის დაწესებულებებში. ყველას გვახსოვს პრემიერ ივანიშვილის განცხადება 2012 წლის თებერვალში, გორის პოლიციაში მოწმედ დაბარებული ქიმერიძის წამება და არაადამიანური მკვლელობის გამო. მაშინ, ოპოზიციაში მყოფი პრემიერი ივანიშვილი და ქართული ოცნების ლიდერები გმობდნენ ძალადობას და გვაიმედებდნენ, რომ მათი ხლისულებაში მოსვლის შემდეგ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა. 
ამდენი ადამიანის წამების და მკვლელობის ფაქტების გახმაურების შემდეგ, პირადად მე და ალბათ სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში კიდევ გამოჩნდებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც ღიად დაუპირსპირდებოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მოითხოვდა მოწმის პირდაპირ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას. ჩემდა სამწუხაროდ ეს პიროვნება აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2013 წლის 4 ივლისს საქართველოს პარლამენტს მიმართა ინიციატივით მოწმის პირდაპირ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადების თაობაზე, რომელიც თუ პარლამენტმა გაიზიარა საქართველოში 2015 წლამდე დაკანონდება ჩვენი მოქალაქეების წამება. 
პატივცემულო ჟურნალისტებო, ჩვენ, უფლებადამცველებს არ გვაინტერესებს რა გვარის იქნება პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი, ჩვენ გვაინტერესებს როგორი იქნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. პრემიერ მინისტრმა პარლამენტში საკითხის ინიცირებით დაგვანახა, რომ იგი ცდილობს საქართველოში არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა, ასევე პოლიციისგან მოქალაქეთა წამება დაამკვიდროს. მთელი მედია გადართულია საპრეზიდენტო არჩევენებზე, მაგრამ საპრეზიდენტო არჩვნებზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველა იმ შესაძლო მოწმედ დაბარებული პირის დაცვა, ვისაც მამუკა მიქაუტაძის ბედის გაზიარება ელოდება. 
2012 წელს ღია წერილით მივმართე პრემიერს და ვთხოვე პარლამენტიდან უკან გამოეთხოვა თავისი ინიციატივა, რაც ისედაც გასაცოდავებული სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნებოდა. პასუხად მივიღე ის რასაც აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი მართლაც შემზარავი ფაქტის გადაფარვის მცდელობა საინფორმაციო საშუალებებით.  ჩემი ღია წერილის გამოქვეყნებისთანავე პრემიერი ივანიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არც ერთ მოქალაქეზე არ მოხდება ზეწოლა. პრემიერის განცხადება უცებ აიტაცა მედიამ. ისმის კითხვა თუ სექტემბერში შევა ძალაში მოწმის სასამართლოზე დაკითხივის წესი ჩვენ რაში გვჭირდება პრემიერის დაცვა, ჩვენ ხომ კანონი დაგვიცავს! როდესაც გამოქვეყნდა ჩემი ღია წერილი მეორე დღეს იბარებენ პროკურატურაში რჩეულიშვილებს და უყენებენ ბრალს, ხელისუფლება მზად არის ყველაფრისთვის, ოღონდ პრემიერ მინისტრის მიერ პარლამენტისადმი მიმართვა არ გახდეს განსჯის საგანი და ხალხმა არ გაიგოს რა ხდება. სააკაშვილის რეჟიმის დროს, მე არ მაკარებდნენ პირდაპირ ეთერს თუ მიწვევდნენ, მერე მირეკავდნენ შეგვეშალაო. იგივე მოხდა 11 ივლისს ტელეკომპანია მასეტროდან დამირეკეს და მიმიწვიეს თეა სიჭინავას გადაცემაში აღნიშნული პრობლემის გამო, მაგრამ რამოდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს თემა შევცვალეთო. მხოლოდ მერაბ მეტრეველმა გარისკა და დამითმო პირდაპირი ეთერი ამ მართალც ყველაზე დიდი პრობლემის გასაშუქებლად. პატივცემულო ჟურნალისტრებო, თქვენ არ იფიქროთ რომ მე თქვენზე ნაწყენი ვარ, უბრალოდ ეს იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, რომ თუ დღეს თქვენ არ დაუდგებით გვერდში საქართველოს და არ ატყდება დიდი განგაში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დამთავრდება უდანაშაულო ადამიანების წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა. სამართალდამცავ ორგანოებში მოწმედ დაბარებული მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ხომ უდანაშაულოა, წარმოიდგინეთ თქვენი მშობლები, დები, ძმები, ნათესავები და ა.შ ჩვენების გამოძალვის მოტივით, რომ დაიბარონ მოწმის სტატუსით პოლიციაში და აწამონ მოგეწონებათ? რა მნიშვნელობა აქვს პოლიციისთვის მოწმედ დაბარებულ პირს სად დაკითხავს სასამართლოში თუ პოლიციაში, თუ პოლიციას ბოროტი განზრახვა არ უდევს გულში. განსხვავება არის ერთი, თუ მოწმე დაიკითხება სასამართლოში მსზე ზეწოლა გამორიცხულია, ხოლო თუ დაიკითხება პოლიციის შენობაში, მაშინ ჩვენების გამოძალვის მოთხოვნით მოწმეს ელოდება საშინელებები. და ბოლოს ვინაიდან ევროპული კონვენციის 6 -ე მუხლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპია დაცვის მხარეს შეეძლოს მოწმეების იგივე პირობებში დაკითხვა, როგორც ამას ახორციელებს ბრალდება და ამ უფლებას პრემიერი ართმევს საქართველოს მოქალაქეებს. თემის გადაფარვის მიზნით, პრემიერი ივანიშვილი ხვდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსახლეობას სამართლიან სასამრთლოს ჰპირდება. პარლამენტმა ადვოკატებს წაართვა უფლება გამოეთხოვათ მტკიცებულებები. ახლა ცდილობენ მოქალაქეებს წაართვან ჩვენების მხოლოდ სასამართლოში მიცემის უფელბა და გვატყუებენ სამართლიანი სასამართლო იქნებაო. ეს არის აფიორა და სხვა არაფერი. 
მოგმართავთ თხოვნით, ყველა საინფორმაციო გამოშვება დაიწყოთ მოწოდებით, რომ პრემიერ მინიტრმა გამოიხმოს პარლამენტიდან კანონში დიქტატორული შესწორების მცდელობა. წინააღმდეგ შემთხვეაში ჩვენ მოგვიწევს იგივე უბედურებების გადატანა, რაც გადავიტანეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის შექმნა. გავიხსენოთ ფოტორეპორტიორების საქმე, სადაც ჩვენ ერთად დავდექით და სააკაშვილმა უკან დაიხია. თუ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტთა კორპუსი ერთდ დავდგებით პრემიერი აღიარებს თავს შეცდომას და უკან გაიტანს პარლამენტისადმი მიმართვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრ რამეზე დავხუჭეთ თვალი, თუ კიდევ გვაჯობეს, მაშინ დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით” – ნათქვამია მიმართვაში. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია