დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა სარგებლობა მოაქვს რეორგანიზაციას?
2013/06/28 16:57:30

ქუთაისი მერიაში თანხების დაზოგვის მოტივით განხორციელებულმა რეორგანიზაციამ, შესაძლოა, ხარჯების გაზრდა გამოიწვიოს

ბოლო ორი თვეა, ქუთაისის მერიაში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია  აქტუალობას არ კარგავს. საშტატო და საკადრო ცვლილებების პირველი შედეგები უკვე შეფასდა  პოლიტიკურ დევნად. მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი და აქტიური მხარდამჭერია,  სამსახურებიდან  გათავისუფლებას ამ დრომდე აპროტესტებენ და ქალაქის ახალი მერისგან განმარტებებს მოითხოვენ. შემცირებულთა სიის  86-ივე  თანამშრომელი ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას „უსამართლოს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს. მათმა ნაწილმა  გათავისუფლების მიზეზის განმარტება და გადაწყვეტილების გადახედვა პირადად ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანისგან მოითხოვა.

დიმიტრი კოპალიანი  მერად არჩევის დღიდანვე ამტკიცებდა, რომ მერიაში დასაქმებულებს არ განიხილავდა როგორც ინდივიდებს, არამედ, ცვლილებები მოხდებოდა იმის მიხედვით, საჭირო იყო თუ არა კონკრეტული შტატის არსებობა მერიაში. გასული კვირის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ასევე განაცხადა, რომ რეორგანიზაციის პირველი ეტაპის შედეგად შემცირდა შტატები და არა თანამდებობებზე დასაქმებული ადამიანები. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, გათავისუფლებულთა სიაში მოხვედრილების პრეტენზიები, პოლიტიკური ნიშნით დევნასთან  დაკავშირებით, უსაფუძვლოა. თუმცა, საკადრო ცვლილებების დაწყებამდე სწორედ მამუკა მღვდელაძე ღიად აცხადებდა, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ ის ადამიანები,  ვინც ქუთაისის მერიაში „ზონდერსაქმიანობას“ ეწეოდა.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია უკლება კი  ამბობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილობრივმა თვითმმართველობამ არა შემცირებული, არამედ პირიქით – გაზრდილი შტატები მიიღო. ამის თქმის საფუძველს უკლებას სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამსახურების გაყოფის ფაქტი აძლევს, რის საფუძველზეც ქუთაისის მერიაში, ნაცვლად 16-ისა, 18 სამსახური მივიღეთ, რაც თავის მხრივ დამატებითი კადრების დანიშვნას მოითხოვს.

გარდა ამისა, ორი დღის წინ, მერის მოადგილის შტატს, ახალი შტატი  დაემატა, რაც ასევე გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს ნიშნავს. ამიერიდან, ქალაქის მერს ოთხი მოადგილე ეყოლება.  ახალი ვიცე–მერის პოსტი უკვე დაიკავა  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა თენგიზ თოფურიძემ, რომელიც  ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესების წარმმართველ პირად მოიაზრება.  თოფურიძე, რომელიც ვიცე-მერის პოსტზე კვლავ ინარჩუნებს ბერკეტს მერიის სამართავად, მიიჩნევს, რომ  ბოლო წლებში ხელოვნურად გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და მერიის ფინანსური რესურსის დაზოგვა  მხოლოდ ადამიანური რესურსის შემცირებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, თოფურიძე  სტრუქტურულ და საკადრო რეორგანიზაციას ადგილობრივ თვითმმართველობაში ვითარების დალაგების ერთადერთ ბერკეტად მიიჩნევს.  თუმცა,  ამავე დროს, ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომლის სახელსაც უკავშირდება ცვლილებების გეგმის მომზადება, საკადრო შემცირებების პარალელურად, ვიცე-მერის ახალ, მეოთხე შტატზე ინიშნება.

ეყოფა თუ არა მერის მეოთხე მოადგილისა და ორი ახალი სამსახურის დაფინანსებას ის თანხა, რომელიც კადრების შემცირების შედეგად გამოთავისუფლდა, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია.

რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ქუთაისის მერიაში, დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება.  იქედან გამომდინარე, რომ ქუთაისის მერიაში მასშტაბური ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა, უცნობია, როგორ სტრუქტურას მიიღებს საბოლოოდ ადგილობრივი თვითმმართველობა და რა თანხას დაზოგავს ის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია