დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ჰპირდება „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“ ჭიათურელებს?
2013/06/24 14:43:45

რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ გაიყიდა ჭიათურის მანგანუმის წარმოება. რიგითი მოქალაქისათვის ჭიათურის ცენტრში მდებარე, ე.წ. ტრესტის შენობა არის სათავე ყოველი გასაჭირისა მუნიციპალიტეტში, თორემ „აქ რომ არ იჭმებოდეს ჭიათურის სიმდიდრე, ქალაქში ოქროს ხიდები უნდა იყოს გადებული“. წარმოება, რომელიც კომუნისტურ ეპოქამდეც არსებობდა და მის შემდეგაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე „გემრიელ“ ლუკმად ქართულ ეკონომიკაში, უმეტესობის აზრით, ჩრდილოვანია.

 

გასულ თვეში, კონკრეტულად, 25 მაისს, რამდენიმე მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ჭიათურის მაღაროელები გაიფიცნენ, თუმცა ამდაგვარი ვერაფერი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვაკვირდებოდი საჩხერე-ჭიათურის მუნიციპალიტეტების ყოველდღიურ ცხოვრებას. 28 მაისს ისევ იყო მცდელობა, რომ მასშტაბური გაფიცვა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კოორდინაცია ვერ შეძლო და სოციალური მოტივით დაანონსებული გაფიცვა მორიგი ბლეფი აღმოჩნდა.

„პოსტსკრიპტუმმა“ რამდენიმე კითხვით მიმართა ჭიათურის მანგანუმის მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაკა კვარაცხელიას.

 

- თუ არ ვცდები, მარტში „ჯორჯიან მანგანეზი“ ისევ გაიყიდა, მაგრამ მენეჯმენტში ცვლილება არ ჩანს... უბრალოდ, სახელის ცვლილებასთან გვაქვს საქმე?

- მხოლოდ სახელის ცვლილებასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს. 2012 წლის დასაწყისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ მართვა იკისრა „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“. ეს არის მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც არამარტო ფლობს და მართავს ფეროშენადნობთა მწარმოებელ რამდენიმე ქარხანას ამერიკაში, არამედ თავისი სავაჭრო განშტოების მეშვეობით უზრუნველყოფს ამერიკის ფეროშენადნობთა ბაზრის მოთხოვნილების მსხვილ ნაწილს. იმ დროიდან მოყოლებული, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა დაკომპლექტდა ქართველი პროფესიონალებით, რომლებიც დღესაც განაგრძობენ კომპანიაში მუშაობას. მართვიდან ერთი წლის თავზე, 2013 წლის აპრილში, „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“ სრულად შეიძინა შპს „ჯორჯიან მანგანეზისა“ და „ვარციხე 2005-ის“ წილი, რის შემდეგაც იგი გახდა ქართული საწარმოების არამარტო მმართველი, არამედ 100%-იანი მესაკუთრეც. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართულ ბაზარს დაემატა ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ინვესტიცია.

- ამჯერად არ ვისაუბროთ ვარციხეჰესთან და ფეროშენადნობთა ქარხანასთან დაკავშირებით. გაკოტრების მმართველისგან გაყიდული „ჭიათურმანგანუმის“ გასხვისება როგორ მოხდა და არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გვაჩვენებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ წესების დარღვევის გარეშე შეიძინა სამთომოპოვებითი წარმოების ფლაგმანი?

- რასაკვირველია, არსებობს კონკრეტული ხელშეკრულება, რომელიც სათანადოდ არის გაფორმებული და ნოტარიზებული. გაუგებარია, რა წესების დარღვევა გაქვთ მხედველობაში. ასეთი ბრალდების უსაფუძვლოდ გაჟღერება მიუღებლად მიგვაჩნია. შეგისწორებთ: „ჯორჯიან მანგანეზმა“ „ჭიათურმანგანუმისაგან“ შეიძინა ქონება (აქტივები) და არა - კომპანიის წილი. ამიტომაც არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ „ჭიათურმანგანუმის“ გასხვისებას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დამოუკიდებლად მოიპოვა მადნის მოპოვების ლიცენზია და რეალურად დააკავშირა მადნის მოპოვება და მისი შემდგომი გადამუშავება ერთიან პროცესში, რაც სწორი და გეგმაზომიერი ეკონომიკური პოლიტიკის ნიშანია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვარციხეჰესი, ჭიათურის საბადო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ერთიანი საწამოო პროცესის კომპონენტებია. ისინი ყოველთვის ერთობლივად მოიაზრებოდნენ და ახლაც მათი ცალ-ცალკე ფუნქციონირება ძნელი წარმოსადგენია. ზესტაფონის ქარხანაც და ვარციხეჰესის კასკადიც სწორედ იმისათვის აშენდა, რომ ჭიათურაში მოპოვებული ნედლეულიდან წარმოებული მაღალი ხარისხის საქონელი გატანილიყო მსოფლიო ბაზარზე.

- ეკოლოგიური პრობლემების თვალსაზრისით, ჭიათურა ერთ-ერთი „ლიდერი“ ქალაქია. წყალი, ჰაერი, ნიადაგი - ყველაფერი დაბინძურებულია. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს ეკოპრობლემების მოსაგვარებლად? გასაგებია, რომ მრეწველობა გულისხმობს ეკოპრობლემების წარმოშობას, მაგრამ მაინც...

- ჩვენი კომპანია ეკოლოგიურ საკითხებს იმდენსავე ყურადღებას უთმობს, რამდენსაც - საწარმოო ციკლში შემავალ სხვა, მნიშვნელოვან პრობლემებს. ამ მიზნით ჩვენთან მუშაობს ცალკე სამსახური, რომლის ძალისხმევის შედეგიცაა ის, რომ ჩვენ, საკუთარი ინიციატივით, საფუძველი ჩავუყარეთ რეკულტივაციის პროცესს ჭიათურაში. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა: საცდელი პროექტის ფარგლებში ღია კარიერი ხელახლა გადაიფარა ნაყოფიერი ნიადაგით, მასზე გაშენდა 1000 ძირი აკაციის ნერგი, რომლებმაც უკვე იხარეს და მომავალში, მოხსნილი მიწის ნაცვლად, იქ გამწვანებული ტერიტორია დაგვხვდება. ეს პროცესი უწყვეტია და პროექტის მიხედვით მიმდინარეობს ამ ტერიტორიების განაშენიანება. გარდა ამისა, 2013 წელს შენდება ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც დახურული ციკლით მუშაობს, შესაბამისად, მდინარე ყვირილას დაბინძურების პრობლემაც გადაიჭრება.
(გადამოწმდა აკაციის გაშენების საკითხი და როგორც ცნობილი გახდა, 1000 ძირიდან გახარებულია მხოლოდ 650 - ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრების განცხადებას რ.ხ.).

- სოციალური პაკეტებიდან ყველაზე მეტად ჭიათურელი მაღაროელები წუხან იმას, რომ სამედიცინო დაზღვევის სერვისი შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ ზესტაფონში. ჭიათურაში ამის შესაძლებლობა უკვე აღარ არის, ე.წ. ტრესტის საავადმყოფო გაუქმებულია, ხოლო „ჯეოჰოსპიტალსის“ ტევადობა სასაცილოცაა და სატირალიც. „ჯორჯიანმანგანეზის“ მონაცვლე გეგმავს რაიმე პოზიტიურს ამ კუთხით?

- თქვენთვის ცნობილია, რომ კომპანიის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან საოჯახო სადაზღვევო პაკეტით, რაც გულისხმობს თანამშრომლის, მისი მეუღლისა და შვილების დაზღვევას, ამასთანავე შვილთა ასაკი შეუზღუდავია. რეალურად, კომპანია 15 000 ადამიანის დაზღვევას იხდის. თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემა არსებობს, რომლის გადასაჭრელად კომპანია აქტიურად მუშაობს მზღვეველ კომპანიასთან. იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას მალე გადავჭრით.

- ე,წ. „პაიოკის“ საკითხი გამოსწორებულია, მაგრამ სანიტარულ-ჰიგიენური და ანაზღაურების საკითხი კვლავ მაღაროელთა უკმაყოფილების მიზეზია. მაღაროელები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობას ასტრონომიული ხელფასები აქვს, ხოლო თავად - კაპიკები. რას გვეტყოდით ამ საკითხზე?

- ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერ დაგეთანხმებით. გარდა მშრალი ულუფებისა, სანიტარულ-ჰიგიენური საკითხი გადაჭრილია, თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ნახოთ, თუ როგორი მდგომარეობაა. მაღაროელების აბანო-გასახდელები თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითაა გაკეთებული და, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ჩვენი თანამშრომლები კმაყოფილნი არიან იმ რემონტით, რომელიც გაკეთდა ბოლო პერიოდში. რაც შეეხება ხელფასებს, სტატისტიკურად ჩვენი თანამშრომლების სახელფასო მაჩვენებელი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში.

 

***

4 ივნისს აღნიშნულმა ორგანიზაციამ 3 330 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების ტექნიკის შესაძენად გამოყვეს (სახანძრო და მტვერშემკრები მანქანების გარდა, გზის სარწყავიც, რომლის გამოყენება მაღალი ტემპერატურის დროს აუცილებელია ქალაქის ქუჩებში). ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმაც განაცხადა, რომ „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობებში პოზიტივებია იმ მხრივ, რომ მწარმოებელი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაიწყებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია