დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქალაქის მერს საქმიანი ურთიერთობა, პრაქტიკულად, მხოლოდ თენგო თოფურიძესთან აქვს...“
2013/06/17 17:43:51

„თუ ვინმეს უნდა, რომ ბატონ დიმიტრისთან ერთად სადმე „ვიქენდზე“ წავიდეს და მწვადი შეწვას, ვფიქრობ, ბატონი დიმიტრი არც ამაზე იტყვის უარს.“

მმართველ გუნდსა და საკრებულოს ოპოზიციას შორის თანამშრომლობა არ შედგა. დიმიტრი კოპალიანი მერის პოსტზე მუშაობის პირველივე კვირას კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერს პასიურობაში ადანაშაულებს და მის სუსტ მხარეებზე საუბრობს. დიმიტრი კოპალიანი მწვავე კრიტიკის ობიექტი, მისი მოსვლის პარალელურად, ქუთაისის მერიაში დაწყებული მასშტაბური რეორგანიზაციის გამო გახდა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია უკლება ამბობს, რომ ქალაქის მერს სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და  გადაწყვეტილებებს ქუთაისის მერიაში სხვა პირები იღებენ.

„ქალაქის მერი გახდა ბუტაფორია და გონზე არ არის, როგორ მართოს ქალაქი, მიყვება დინებას და ხელს აწერს ყველაფერს. პრობლემა იმაშია, რომ ამ ცვლილებების შედეგად მივიღეთ გაბერილი შტატები და ახალი სამსახურების უფროსები, სადაც უნდა დაასაქმონ „ოცნების“ ტიპები. ქალაქის მერი კი აზრზე არაა, კარგია თუ ცუდი ეს რეორგანიზაცია. მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია,“ – განაცხადა გია უკლებამ.

გადაწყვეტილების მიმღებსა და რეორგანიზაციის გეგმის ავტორზე საკუთარი მოსაზრება აქვს  საკრებულოს წევრ გია გოქაძეს. გოქაძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისის მერიაში  გადაწყვეტილებების მიღება მერის  გვერდის ავლით ხდება. მისი თქმით, დიმიტრი კოპალიანს საერთოდ უჭირს კომუნიკაცია საკუთარ თანამშრომლებთან.

„ეს გეგმა  არ დაუწერია დიმიტრი კოპალიანს. იგი შემუშავდა ან კონკრეტულ უწყებაში, ან „პატრიოტთა“ ოფისში, დიდი შანსია, ეს მომხდარიყო თენგო თოფურიძის პირად კაბინეტში. თუ დააკვირდებით, ძალიან მარტივი შესამჩნევია, რომ ქალაქის მერს საქმიანი ურთიერთობა, პრაქტიკულად, მხოლოდ თენგო თოფურიძესთან აქვს.  არც ერთ საკითხზე არ დაუფიქსირებია მას  მკვეთრი პოზიცია. თუ თავს იკავებს, ცუდია, ხოლო,   თუU უთხრეს,  არ დააფიქსიროო და ესეც  უჯერებს, ეს კიდევ უფრო ცუდია.  ფაქტია, რომ ამ  კაცისგან, ჯერჯერობით, საინტერესო არაფერი  ჩანს,“ – ამბობს გია  გოქაძე.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის საკრებულოს სხდომაზე, სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცებისას, დეპუტატმა გია უკლებამ თენგიზ თოფურიძეს „ვიკილიქსიც“ კი  უწოდა. უკლებას თქმით, მას თენგიზ თოფურიძე თავისი  იდეების გამო „ვიკილიქსს“ აგონებს. 

ოპოზიციის ბრალდებებს თენგიზ თოფურიძე უარყოფს და ამბობს, რომ  მერიაში გადაწყვეტილებების მიღება არა ერთპიროვნულად, არამედ ქალაქის მერთან შეთანხმებით ხდება. 

„არ მესმის, რაზეა ლაპარაკი.  ვინ ამბობს, რომ მას უჭირს  კომუნიკაცია  თანამშრომლებთან? ქალაქის მერი ჩვეულებრივად მუშაობს საქმიან დოკუმენტებზე, ხვდება მერიის სამსახურების უფროსებს და აძლევს მათ დავალებებს. თუ ვინმეს უნდა, რომ ბატონ დიმიტრისთან ერთად სადმე „ვიქენდზე“ წავიდეს და მწვადი შეწვას, ვფიქრობ, ბატონი დიმიტრი არც ამაზე იტყვის უარს. იგი ძალიან კომფორტული პიროვნებაა და  ნამდვილად არ აქვს კომუნიკაციის პრობლემები. რაც შეეხება გეგმას, იგი დაიწერა ქალაქის მერის უშუალო მონაწილებით. რა თქმა უნდა, გარკვეული ხედვები მანამდეც არსებობდა და ბატონმა დიმიტრიმ შეიტანა მასში კორექტივები. თუ ვინმე ამბობს იმას, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიგეგმა ჩემს კაბინეტში, დიახ, ასე იყო. გეგმა შემუშავდა იურისტებთან ერთად, ადმინისტრაციული სამსახური კი ფუნქციურად არის ამ საქმის შემსრულებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცვლილებების გეგმა ჩემი იდეებით შემუშავდა,“ -ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს ქალაქის მერიც. დიმიტრი კოპალიანი შეურცმყოფელს უწოდებს გია უკლებას კომენტარს და  ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის დეტალები მისთვის ცნობილი იყო. აქედან გამომდინარე, იგი ცვლილებების  პროცესში საკურთარ პასიურობას ვერ ხედავს.

„ეს იყო ამბიციური და შეურაცხმყოფელი გამოსვლები და მე შეგნებულად არ მქონდა რეაქცია. ცხადია, აქტიურად ვიყავი ჩართული რეორგანიზაციის პროცესში და მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ოპტიმიზაცია. მე შევხვდი არასამთავრობოებს, ფრაქციის წევრებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეEგადაწყვეტილებები,“ – განაცხადა კოპალიანმა. მისივე თქმით, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ფარგლებში, მერიაში დასაქმებულებს,  როგორც ინდივიდებს, ვერ განიხილავს და მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმის მიხედვით, საჭიროა თუ არა ესა თუ ის შტატი მერიაში.

ქუთაისის მერიაში მასშტაბური ცვლილებების პირველი ეტაპი გასულ კვირას დაიწყო. სტრუქტურული რეორგანიზაციის თანახმად, მერიაში, ნაცვლად 16-ისა, 18 სამსახური მივიღეთ, რაც კულტურის, სპორტის, განათლებისა, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის გაყოფამ გამოიწვია.  გარდა ამისა, რეორგანიზაციის ფარგლებში სახელწოდება შეიცვალა თითქმის ყველა სამსახურმა, რაც თავის მხრივ, სამსახურის უფროსებისა და მათი თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს. არაოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის მერიას თანამშრომლთა 30% დატოვებს.

გაფრთხილების ბარათს, რომელიც მერიის ყველა თანამშრომელმა მიიღო, ვადა 20 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ვინ დატოვებს ქუთაისის მერიას.

ქალაქის მერის თქმით, ოპტიმიზაციის დასრულების შემდეგ, ვაკანტურ თანამდებობებზე ახალ კადრს საკრებულოს საატესტაციო-საკონკურსო კომისია შეარჩევს. კომისია ადგილობრივ თვითმმართველობაში თვენახევრის წინ შეიქმნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია