დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც მთელ იმერეთს მოემსახურება, 21 მილიონი ევროს ღირებულებისაა
2013/06/03 12:36:40

ნაგავსაყრელი იქნება ის პირველი პროექტი, რომელსაც ახალი მთავრობის პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და მთლიანად იმერეთის რეგიონს მოემსახურება. 

აღნიშნულის შესახებ 28 მაისს მყარი ნარჩენების გადამამუშავებელმა კომპანიამ და გერმანულმა  KFW ბანკის წარმომადგენლებმა ქუთაისის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ერთი ახალი ნაგავსაყრელი მთლიანად იმერეთის რეგიონს  მოემსახურება, იგი ქუთაისის შემოგარენში, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში განთავსდება. გარდა ამისა, იმერეთის მასშტაბით ნარჩენების გადასატვირთი სადგური გაკეთდება ქუთაისში, ტყიბულში, სამტრედიასა და ჭიათურაში, საიდანაც მყარი ნარჩენები ცენტრალურ ნაგავსაყრელზე გადაიტვირთება.

საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია KFW ბანკთან ერთად ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს განახორციელებს. მყარი ნარჩენების კომპანიამ და KFW-მ ასევე წარმოადგინეს საკუთარი გეგმა, თუ როგორ აპირებენ ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულებამდე.

„გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KFW და მყარი ნარჩენების კომპანია ქუთაისში არსებული მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს განახორციელებენ. ეს საბოლოოდ გადაჭრის ქუთაისის ნაგავსაყრელის მრავალწლიან პრობლემას. დღეს სწორედ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები წარვუდგინეთ სამინისტროს წარმომადგენლებს. შემდგომ ამ გატარებულ სამუშაოებს დასამტკიცებლად გადავუგზავნით გერმანულ მხარეს, დამტკიცების შემდეგ მომზადდება ფინანსური მხარე და ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს. ეს პროცესი წლის ბოლოსათვის დასრულდება, მომავალი წლიდან კი ნაგავსაყრელის ასამუშავებლად აქტიურ სამუშაოებს დავიწყებთ,“ - განაცხადა KFW ბანკის წარმომადგენელმა არნე გოსმა.

რაც შეეხება ქუთაისში არსებულ ნაგავსაყრელს, პროექტის ფარგლებში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაცია და რეკრეაციულ ზონად მისი გადაქცევა იგეგმება.

ამ ეტაპზე ნიკეაზე არსებული ნაგავსაყრელი ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „მწვანე ქალაქის“ დაქვემდებარებაში იმყოფება. „მწვანე ქალაქს“ კი კერძო პირების მიმართ 300 000 ლარიანი დავალიანება აქვს, რის გამოც ნაგავსაყრელის ტერიტორია დაყადაღებულია.

ნიკეას ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიას მას შემდეგ გადაეცემა, რაც „მწვანე ქალაქი“ არსებულ დავალიანებას დაფარავს. 

გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორი: „პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრს წარვუდგინეთ ანგარიში. ეს არის კონცეფცია, რომელზეც გაკეთდა ეკონომიკური შეფასება. ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობასთან ერთად, მოხდება ძველი ნაგავსაყრელის დახურვითი სამუშაოები, ნიკეას ნაგავსაყრელი ახლის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე დაიხურება. იქ განთავსდება სეპარაციის საწარმო, რომლითაც მეორადი ნედლეულის გამოყოფა და სეპარაცია მოხდება. შემდგომ ძველი ნაგავსაყრელის  დახურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება, რისთვისაც სხვადასხვა სამუშაო არის გათვალისწინებული. მოხდება გამბიონის მშენებლობა.

მოგეხსენებათ, ნაგავსაყრელზე გადის სარწყავი არხი, ვგეგმავთ მის გარეთ გამოტანას, ზემოდან, ნარჩენებზე სპეციალური გეო-ტექსტილის გრუნტის გადაფარვას, შემდეგ ნოყიერი მიწით შევსებას. მყარი ნარჩენების კომპანია არსებული ვადების განმავლობაში გააგრძელებს არსებული ნაგავსაყრელის ექპლუატაციას, რის ფარგლებშიც მოხდება საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება. რამდენადაც ცნობილია, ამ დროისათვის ნიკეას ნაგავსაყრელი ადგილობრივი თვითმმართველობის  მიერ  დაარსებული   შპს   „მწვანე ქალაქის“ დაქვემდებარებაშია, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა მოხდეს არსებული დავალიანების დაფარვა. ამის შემდეგ დაიწყება ხსენებული პროექტის განხორციელება.“ 

პროექტის მიხედვით, ნაგავსაყრელი დასახლებული პუნქტიდან 1,5 კილომეტრით იქნება დაშორებული, რაც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, დაგეგმილია მწვანე საფარის მოწყობაც, რაც დამატებით უსაფრთხო გარემოს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

რაც შეეხება ვადებს, პროექტის ფარგლებში 2014 წლიდან დაგეგმილია ძველი - ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაცია და მის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობა, 2015 წლის ბოლოსათვის კი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან, ფაქტობრივად, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ხორციელდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით. მსგავსი საკითხების მოგვარება, ჯერჯერობით, სხვა რეგიონებში არ დაწყებულა, სწორედ იმერეთი იქნება საპილოტე ტერიტორია. გერმანიის განვითარების ბანკმა გამოყო თანხა, რომლის ფარგლებშიც დადგენილია ის ვადები, რა დროშიც უნდა მოხდეს ახალი ნაგავსაყრელის ამუშავება. ვიდრე ახალი ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში არ ჩაეშვება, იქამდე, მყარი ნარჩენების კომპანია ნიკეას ნაგავსაყრელზე მოახდენს კონტროლს, რაც გულისხმობს მის შემოღობვას, თვალთვალის დაწესებას, ნარჩენების შეტანას და იმ სამუშაოების გატარებას, რაც ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად მოაწესრიგებს. 2015 წლიდან კი ძველი ნაგავსაყრელი დაიხურება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

 

საქართველოს მთავრობამ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები გერმანიის მხარესთან, KFW ბანკი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის  მშენებლობისა და ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებისათვის 21 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

შეხვედრაზე მერიის სხდომათა დარბაზში ასევე მიწვეულნი იყვნენ იმერეთის მხარეში არსებული მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ნაგავსაყრელი ქუთაისის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოგვარებაც, ერთის მხრივ, მოაწესრიგებს მყარი ნარჩენების პრობლემას ქალაქში, მეორეს მხრივ კი ნიკეასა და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ანტისანიტარიის კერას მოაშორებს.

 

ნიკეის ნაგავსაყრელის მარადიული პრობლემა 

ნიკეას ნაგავსაყრელის საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში პრობლემის მოგვარების ყველაზე რეალური შანსი 2010 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასა და იტალიურ ფირმა „რაფონს სერვისს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. იტალიურ კომპანიას, რომელმაც 2009 წელს ნაგავსაყრელის 100%-იანი წილი 3 მილიონ ევროდ შეისყიდა, ღია ტიპის ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ინვესტორის სახით შემოსული კომპანიის გეგმებით დაიმედებული ქუთაისელი ჩინოვნიკები პირობას დებდნენ, რომ იტალიელების მიერ აშენებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო დღის წესრიგიდან საბოლოოდ  მოხსნიდა   ქუთაისის           „მარადმწვანე“ პრობლემას. ეს ის დრო იყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის ყოფილ მერს ნუგზარ შამუგიას დაბინძურებული ქალაქის გამო ტელეკამერების წინ უსაყვედურა, რასაც მალევე მერის თანამდებობიდან  გადაყენება   მოჰყვა. „ნაგავს“ გადაყოლილი შამუგია კი კარგი მოტივაცია  გახდა ქუთაისის ახალი ხელისუფლებისთვის „სისუფთავით მეორე ქალაქის“ შენების საქმეში. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას „რაფონს სერვისი“ მალევე შეუდგა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ, გაურკვეველი მიზეზების გამო, იტალიურმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი განაცხადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელშეკრულება გაწყვიტა და ნიკეას ნაგავსაყრელის უსაფრთხო ზონად გადაქცევის შანსი  ხელიდან გაუშვა. ბოლო წლების მანძილზე ერთადერთი, რაც მოხერხდა, არის ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემოღობვა ბეტონის ფილებით. რაც, მოსახლეობის თქმით, უსაფრთხოების დაცვის არანაირ გარანტიას არ იძლევა.

ნიკეას ნაგავსაყრელის ბედით არაერთხელ დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პრობლემის სიმწვავის წარმოსაჩენად ნაგავსაყრელზე არსებული ვითარების აღწერითი შინაარსის არაერთი წერილი გაეგზავნა გაეროს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. 2005 წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით 20 წლიანი სამოქმედო გეგმაც კი შეიმუშავეს, სადაც ნიკეას ნაგავსაყრელის „გაუვნებელყოფა“ საკვანძო საკითხი იყო. გეგმა არ შესრულდა და ნაგავსაყრელი კვლავ ნელი მოქმედების საწამლავად დარჩა.

 

ახალი  ნაგავსაყრელი ისევ უკმაყოფილების მიზეზი ხდება

ახალმა პროექტმა, რომლითაც ნიკეას ნაგავსაყრელის მრავალწლიანი პრობლემა შესაძლოა, მოაგვაროს, უკვე გამოიწვია სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლების უკმაყოფილება. მათი განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ ნაგავსაყრელის მათ სიახლოვეს განთავსებას, რადგან ეს, ეკოლოგიურ საფრთხესთან ერთად, ადგილობრივებს საძოვრების დაკარგვის საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობის უკმაყოფილებას უმალვე გამოეხმაურა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ნაგავსაყრელი ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ 1,7კმ-ით იქნება დაშორებული, ასევე ნაგავსაყრელი არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს. რაც შეეხება საძოვრების შესაძლო დაკარგვას, ახალი ნაგავსაყრელისათვის, ძირითადად, ის ტერიტორია შეირჩა, რაც ბუჩქებით არის დაფარული და რასაც მოსახლეობა პირუტყვისათვის საძოვრებად არ იყენებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატიის დასაწყისში მოყვანილი ინფორმაციის გარდა, ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია ახალი ნაგავსაყრელის პროექტთან დაკავშირებით - როგორი სახის იქნება ის: ღია თუ დახურული ტიპის და გამოყოფილი კოლოსალური თანხით იგეგმება თუ არა მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა. ვინაიდან, თუკი ნაგავსაყრელი კვლავ ღია ტიპის დარჩება და ნარჩენების გადამუშავება არ მოხდება, ის იმავე ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის იმერეთს (მით უმეტეს, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ნაგავსაყრელი რაჭა-ლეჩხუმსაც მოემსახურება), რაც წლების განმავლობაში არსებობდა ნიკეას ნაგავსაყრელთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ქუთაისელებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ნაგვის ნამწვავს   ქარი  ქალაქის შემოსასვლელიდან შემოუბერავს, თუ ქალაქის ბოლოდან. პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია