დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბავშვები ქუჩაში შეხვდნენ
2013/06/03 12:34:11

სახელმწიფო მოზარდებზე სრულყოფილ ზრუნვას ვერ ახერხებს

 

 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამ დღეს საქართველოც სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ამ ღონისძიებებში იშვიათად ხვდებიან ეთნიკური უმცირესობის პატარები და სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობამოკლებული ბავშვები. არსებული კანონმდებლობით კი  ყველა ბავშვი თანასწორია და სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, ეთნიკური უმცირესობის თუ შემწეობამოკლებულ პატარებზე, რათა მათ სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი.

საზოგადოების დიდი ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა არსებული სტიგმების და სტერეოტიპების დაძლევა. მათთვის ქუჩაში მყოფი ადამიანები მხოლოდ გარკვეულ ჯგუფად დარჩა, რომელიც მუდამ სხვისი შემწეობის იმედადაა და რომლიდანაც თავი შორს უნდა დაიჭირო.

„ციგნები“, ბოშები, მაწანწალები - ამგვარად მოიხსენიებს საზოგადოება ეთნიკური უმცირესობის იმ ნაწილს, რომელიც მძიმე სოციალური მდგომარეობის თუ ჩვეულების გამო სიცივესა და სიცხეში, მოწყალების იმედად, ქუჩაში ხელგაშვერილი დგას. ხშირად საზოგადოება ზედმეტად მკაცრია მათ მიმართ, რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ ასეთ ადამიანებს უჭირთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარება და ზოგჯერ თავდაცვა მათი მხრიდან  აგრესიაში გადადის ხოლმე. 

რამდენი სოციალურად დაუცველი მცირეწლოვანი ცხოვრობს საქართველოში და კონკრეტულად - ქუთაისში, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

ბავშვების მდგომარეობის შესწავლას  და გარკვეული კუთხით მათი საარსებო გარემოს შეცვლას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტით შეეცადა, თუმცა ამით მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა.

საზოგადოებაში ადაპტირებისათვის „საია“-ს ქუთაისის ორგანიზაციამ ე.წ. „ქუჩის ბავშვებისათვის“ სოციალური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „ერთი ჩვეულებრივი დღე ქუჩაში.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის ყოფას ასახავდა, როგორც ქუჩაში, ასევე სახლში.

გიორგი სანტურიანი, „საია“-ს იურისტი: „ჩვენი პროექტის მიზანი იყო, დაგვედგინა ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ბავშვი იმყოფება ქუჩაში და მათთვის უფასო იურიდიული დახმარება გაგვეწია. ძველი მონაცემებით, დაახლოებით, 2000 სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს ქუთაისში, სამწუხაროდ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.  ჩვენი პროექტი მოიცავდა როგორც ქუჩაში მყოფი ბავშვების სოციალური მდგომარეობის გამოკვეთას, ასევე, მათთვის უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენას. მასში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა და სამხარეო ადმინისტრაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის დასაწყისში წავაწყდით აგრესიას და გაუცხოებას მათთგან, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, მოსახლეობის არასწორ დამოკიდებულებასთან ერთად, ქართული ენის არცოდნა იყო. ფაქტობრივად, ისინი ვერ ურთიერთობენ საზოგადოებასთან, ამიტომ აქცენტი მათთვის განათლების მიცემის კუთხით გავაკეთეთ;  სოციალურად დაუცველი და ქუჩაში მყოფი სტატუსის მქონე ბავშვების ნაწილი ჩავრთეთ საკვირაო სკოლაში, ასევე ავანგარდის დასახლების ე.წ. ბოშათა ბანაკში მოვაწყვეთ გასვლითი ტური. დაახლოებით, 23 ბავშვს ოთხი თვის განმავლობაში ადამიანის უფლებებზე ვაწვდიდით სრულ ინფორმაციას და ვუტარებდით ქართული ენის გაკვეთილებს. შედეგი მართლაც თვალშისაცემი იყო. ჯერ ერთი, რომ მოგვარდა კომუნიკაციის პრობლემა მათსა და საზოგადოებას შორის, მეორეც, რამდენიმე ბავშვმა სკოლაში დაიწყო სიარული.

რაც შეეხება იურიდიულ დახმარებას, ძირითადად, მათი იდენტიფიცირების პრობლემის მოგვარებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ გააჩნიათ დაბადების და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. რის გამოც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში მათი შეყვანა ვერ ხდება. საბუთების არქონის გამო, ასეთი ოჯახები ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველთა სიაში, რადგან, არსებული კანონმდებლობით, თუკი ოჯახის ერთი წევრის იდენტიფიცირებაც ვერ ხდება, ასეთი ოჯახი ვერ იღებს სოციალურ დახმარებას. თუმცა, ეს ადამიანები და მათი პატარები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგალითად, რიონისპირა დასახლება, ჭავჭავაძის ხიდთან მცხოვრები ქურთების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი, ამ დროში, კარვის ტიპის სახლებში ცხოვრობენ, არაა მოწესრიგებული გზები და კანალიზაციის სისტემა. სწორედ ესენი გვხვდებიან ქუჩებში, საზოგადოებიდან წამოსული დამოკიდებულების გამო, მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ჩვენი პროექტის ფარგლებში იურიდიული დახმარება აღმოვუჩინეთ 13 ბავშვს. 1995 წლის მიღებულ საერთაშორისო კონვენციით, რომელიც რატიფიცირებული და ხელმოწერილია ჩვენი ქვეყნის მიერ, ბავშვის ყველა უფლებაა ასახული, დაწყებული განათლებით, დასრულებული ჯანდაცვით და შესაბამის პირობებში აღზრდის ვალდებულებით. თუმცა, არსებული მონაცემებით, მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.“

სოციალურად დაუცველ და „ქუჩის ბავშვებზე“  ზრუნავენ სოციალური მომსახურების სააგენტოები. სწორედ მათი მოვალეობაა შემწეობამოკლებული ბავშვები მონაცემთა ბაზაში შეიყვანონ და სახელმწიფოს მხრიდან არსებული პრიორიტეტებით უზრუნველყონ. როგორი სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ სოციალური დახმარებით და რამდენი ბავშვი სარგებლობს ქუთაისში ამ დახმარებით, ამის შესახებ ინფორმაციის მიღებას, ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსთან შევეცადეთ.

ხათუნა ცანავა, ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი: „ბოლო წლებია სახელმწიფომ პრიორიტეტად აღიარა ბავშვების უფლებები, რომ ხელი შეუწყოს მათ ბიოლოგიურ პირობებში აღზრდის საკითხს. როცა ბავშვთა სახლები გაუქმდა, შემოვიდა მცირე ტიპის საოჯახო სახლები,  რომელთაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 2009 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში წარმოდგენილია, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის სახელმწიფო ორგანო. აქედან გამომდინარე, მეურვეობასა და მზრუნველობაზე ზედამხედველობის გარდა, სოციალურ სააგენტოს შეთავსებული აქვს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვის განხორციელების ფუნქცია.

შესაბამისად, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში სოციალური სააგენტოს ყველა ტერიტორიული ერთეული მომსახურებას უწევს სწორედ ამ სტატუსის მქონე ბავშვებს, კერძოდ - სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, მზრუნველობას ახორციელებს იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან სრულიად ობოლნი, ან მათი მშობლები გამოცხადებული არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ბიოლოგიურ მშობლებს საკუთარ შვილებზე რაღაც დროის განმავლობაში ზრუნვა არ შეუძლიათ. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ქუთაისში სოციალურად დაუცველის სტატუსით 250 ბავშვი სარგებლობს. აქედან 50 ბავშვი იღებს ვაუჩერულ მომსახურებას დღის ცენტრში. 100 ბავშვს კი აფინანსებს ორგანიზაცია „კარიტასი“. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით და, მათი ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობენ.

რაც შეეხება, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს, მათთვის ქალაქში სამი დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ვაუჩერული დაფინანსებით 80 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგანაც, ძირითადად, 6-დან 18 წლამდე მოზარდები არიან.

ცოტა რთულადაა საკითხი იმ ეთნიკური უმცირესობების ბავშვებთან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები. ნელ-ნელა სოციალურ ბაზაში მათ მოსახვედრად იწყება საბუთების მოწესრიგება, უკვე რამდენიმე ბავშვის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ამ დროისათვის დახმარებას ვაწარმოებთ მხოლოდ გამოძახებების შემთხვევაში - თუკი შემოვიდა შეტყობინება, რომ ბავშვებზე ვინმეს მიერ ხორციელდება ძალადობა; აიძულებენ მათთვის შეუფერებელი სამუშაოების შესრულებას, იგივე მათხოვრობას, ან მათზე ახდენენ სექსუალურ ძალადობას და ეწევიან მათ ექპლუატაციას. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ქუთაისში ჰყავს 15 სოციალური აგენტი, რომლებიც მუშაობენ სწორედ ამ კუთხით. გამოძახების შემთხვევაში აგენტები ვალდებული არიან, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და მოახდინონ ფაქტის იდენტიფიცირება; ჩართოს ქვეყანაში არსებული ყველა უწყება და მოხდეს მათი ოჯახს გარეთ გაყვანა. უახლოეს მომავალში ველოდებით ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ დასახმარებლად ახალი პროექტის დაწყებას, რომლისათვის საპილოტე ქალაქებად შეირჩა თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, სხვა მხრივ კი, ჯერჯერობით, მათ დახმარებას ვერ ვახდენთ.“

 

***

რამდენადაც ჩანს, სახელმწიფო ვერ ახერხებს, სრულად უზრუნველყოს შემწეობამოკლებული ბავშვები, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სოციალურ სააგენტოებში არსებული ბიუროკრატიაა. ამის გამო დროში გაწელილი დახმარება დაგვიანებული გამხდარა. შეგახსენებთ, რომ სოციალური სააგენტოს უყურადღებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ბათუმში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებისა.

ფაქტია, რომ სახელმწიფოში ბავშვებზე ზრუნვის სრულყოფილი მექანიზმების არარსებობის გამო, ჩვენს გარშემო კიდევ მრავალი წელი იქნებიან არასრულწლოვანები, რომლებიც არსებობისთვის ბრძოლას არაბავშვური ხერხებით შეეცდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია