დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ ღვინიანიძე: „გოჩა თევდორაძეს ჩვენთვის თითის დაქნევა სურდა!“
2013/06/03 12:23:01

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ტელერადიოკომპანია „რიონის“ ლობირების მცდელობაში თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი ადანაშაულებს.

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტელერადიოკომპანია „რიონთან“ აღებული ხელშეკრულება გაწყვიტა და არხს საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილი - 28 ათასი ლარი ჩამოაჭრა. მომხდარს ტელევიზიის ხელმძღვანელმა თამარ ღვინიანიძემ პოლიტიკური შეფასება მისცა და განაცხადა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის პირად ინტერესებს ემსახურება. ტელერადიოკომპანია „რიონი“ საინფორმაციო მომსახურებისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 40 ათასი ლარით ფინანსდება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტელევიზიის ეთერში გადაიცემა ინფორმაცია საკრებულოს მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, მათ შორის - ხდება საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერებისა და აუქციონების შესახებ.

ხელშეკრულების  შეწყვეტას გამოეხმაურა საკრებულოს ოპოზიცია. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გია უკლებას თქმით, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ტელევიზიაზე, რაც შეამცირებს თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხს.

მომხდარზე სპეციალური განცხადება გაავრცელა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია გმობს ტელევიზიისთვის თანხის ჩამოჭრის ფაქტს და შეეცდება საკრებულოს გადაწყვეტილების შეჩერებას იუსტიციის საბჭოში.

 

გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ თამარ ღვინიანიძესთან: 

- როდის დაიძაბა ურთიერთობა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციასა და ტელერადიოკომპანია „რიონის“ ხელმძღვანელობას შორის და რა იყო ამის მიზეზი?

- ურთიერთობაში პრობლემები  დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში ვიცე-გუბერნატორის რანგში ჩამოვიდა გოჩა თევდორაძე. გოჩასგან ჯერ კიდევ ადრე ვგრძნობდი არაჯანსაღ დამოკიდებულებას ტელევიზიასთან მიმართებაში. ზოგჯერ მსაყვედურობდა იმის გამო, რატომ არ მიწვევთ ეთერშიო, რაც, ალბათ, ერთგვარი წინაპირობა იყო იმ პროცესებისა, რაც შემდგომში განვითარდა. გოჩა ქუთაისში  დაინტერესდა „რიონის“ დაფინანსების საკითხით. რასაც ის  დაფინანსებას ეძახის, რეალურად, ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.  ასე, რომ, ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში  გოჩა თევდორაძე განწყობილი იყო „რიონისთვის“ თითის დასაქნევად.

- გასული კვირის საკრებულოს სხდომაზე თქვენ საუბრობდით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ახორციელებს ზეწოლას ტელევიზიასა და რადიოზე. კონკრეტულად, რა სახის ზეწოლას გულისხმობთ?

- როცა გოჩა თევდორაძე  სათავეში ჩაუდგა „პატრიოტთა ალიანსს“, ჩემთან განხორციელდა  ზარი. სამწუხაროდ, მე არ დავინტერესებულვარ  ავტორის ვინაობით, რადგან მაშინ ეს არ ჩავთვალე საყურადღებოდ. შემომთავაზეს, თითქოსდა მოქალაქეთა სურვილით, ტელერადიოკომპანია „რიონის“  ეთერში სტუდია „ობიექტივის“ ჩართვა. იმ მოტივით, რომ ჩემთვის მსგავსი წერილობითი ან ზეპირი თხოვნით არავის მოუმართავს და, მეორეც, ობიექტივის 8 საათიანი მაუწყებლობის ჩართვა ნიშნავდა იმას, რომ ჩემი თანამშრომლების ნახევარი შინ უნდა გამეშვა, - მე უარი ვთქვი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მაუწყებელი, რომელიც სხვის გადაცემებს ავრცელებს, ტელევიზია არ არის. ამას მოჰყვა ალიანსის ქუთაისის ორგანიზაციის პრესმდივნის ვიზიტი რადიო „რიონის“ დირექტორთან, ნინო ძოწენიძესთან, იმავე მიზნით, ანუ საეთერო სივრცის დასაკავებლად.  როგორც შემდეგში  შევიტყვე, მან რადიოს ხელმძღვანელს მეგობრულ საუბარში შესთავაზა ალიანსის წარმომადგენელთა მოწვევა რომელიმე საავტორო გადაცემაში.

- გადაცემაში „დიალოგი“, სადაც მოწვეული იყვნენ „ალიანსის“ წარმომადგენლები, ჟურნალისტის მხრიდან დაისვა მწვავე შეკითხვები და  სტუმრების მხრიდანაც  შეინიშნებოდა   გაღიზიანება. რით იყო ეს გამოწვეული?

- ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩვენ მაინც დავუთმეთ ეთერი. მათივე სურვილით ჩავრთეთ სატელეფონო ზარები.  ზარების უმრავლესობა მიმართული იყო მათი პოლიტიკის წინააღმდეგ. საზოგადოების ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა ალიანსს,  რადგან ეს პოლიტიკური ძალა ქუთაისში ყოფილი „ნაციონალებითაა“ დაკომპლექტებული. მათი გაღიზიანება არამხოლოდ ზარებმა, არამედ  ჟურნალისტის შეკითხვებმაც გამოიწვია.  „დამოუკიდებელი ტელევიზია კი ხართ, მაგრამ ასეთი აგრესია ამ ტელევიზიისგან სხვა დროს არ მოდიოდაო,“ - თქვა მერაბ მეშველიანმა ეთერში. ამის შემდეგ კი დაიწყო ნიადაგის მომზადება  ჩვენთვის თითის დასაქნევად, იმიტომ, რომ მე არ ვეახლე ბატონ გოჩას, როგორც ის არის მიჩვეული სხვებისგან და არ ვთხოვე, შენი ჭირიმე, არ დამღუპო-თქო.

- საკრებულოს სხდომაზე თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ ტელერადიოკომპანია „რიონი“ იმყოფება ქუთაისის მერიის შენობაში იჯარის ხელშეკრულების გარეშე. ვის ბალანსზეა ტელევიზიის შენობა და სარგებლობთ თუ არა იჯარის  ხელშეკრულებით?

- შენობა, სადაც ჩვენ ვართ, ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს და არა - ქუთაისის მერიას. იჯარის თანხასაც, ცხადია, ვიხდით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია ნახოს, რამდენს და ვის ვუხდით. ამ შენობაში ტელევიზიის გადმოსვლამდე აუტანელი სიტუაცია იყო. მისი რემონტისთვის დახარჯულმა თანხამ 120 ათას ლარს გადააჭარბა. ჩვენ, ფაქტობრივად, შენობა დანგრევას გადავარჩინეთ.  თევდორაძის  განცხადებიდან გამომდინარე, არ გამიკვირდება, მალე ამ შენობის შესყიდვის სურვილიც რომ გამოთქვას.

ჩემი განაწყენება განპირობებულია არა ბიუჯეტიდან თანხის ამოღებით, არამედ - საკრებულოს უმრავლესობის დამოკიდებულებით, რადგან ჩემთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს ყველაფერი. ამ ადამიანებმა, რომლებიც ადრე „ნაციონალებში“ იყვნენ, ახლა კი „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენენ,  არაერთხელ გამოიყენეს ტელევიზიის ეთერი...

- საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება განპირობებულია მედიკამენტებით დახმარების პროგრამისათვის დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობით. მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს არგუმენტი?

- მაშინ რატომ არ გაახსენდათ მედიკამენტების პროგრამისთვის თანხების დამატება, როცა ნახევარ მილიონზე მეტი საკუთარი პრემიებისთვის გამოიწერეს მერიის ჩინოვნიკებმა და სახლში წაიღეს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის პროექტში ყველაფერზე იყო გაზრდილი თანხები, და, ამ დროს, მხოლოდ ტელეკომპანია „რიონს“ ჩამოეჭრა 28 ათასი ლარი, ცხადყოფს იმას, რომ ეს იყო წინასწარგამიზნული ქმედება, რათა საინფორმაციო სივრცე დაეკეტათ საზოგადოებისთვის. ცხადია, გოჩა თევდორაძეს არ აწყობს ინფორმაციის გასაჯაროება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ აუქციონებსა და ტენდერებზე, რათა დახურულ  რეჟიმში უკეთ შესძლოს მისთვის სასურველი ობიექტების შესყიდვა.

- თქვენ საუბრობდით ხელშეკრულების მეათე მუხლის დარღვევაზე. გამორიცხავთ თუ არა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას?

- არაფერს გამოვრიცხავ. ჯერ ველოდები სხდომის ოქმსა და დადგენილებას, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცე. ამ ეტაპზე მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოების იმ წარმომადგენლებს,რომლებმაც ტელე-რადიოკომპანია „რიონს“ თანადგომა გამოუცხადეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია