დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაურიგდებათ თუ არა დიასახლისებს ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერები?
2013/06/20 14:14:44

„ოცნება“, მაცივარი, გაზქურა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი და სხვა...

ბოლო ორი თვეა, იმერეთში აქტუალური განხილვის თემაა სახელმწიფოს მიერ 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერის შესაძლო დარიგება. მოქალაქეთა თქმით,  ვაუჩერით, რომელიც საქართველოს ყველა დიასახლისს დაურიგდება, შესაძლებელი იქნება  მაცივრის, სარეცხი მანქანის, ელექტროღუმელის, მტვერსასრუტის და სხვა საოჯახო ნივთის შეძენა. მოქალაქეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვაუჩერების დარიგება  სექტემბრიდან დაიწყება.

„სექტემბრიდან დარიგდება. შეიძლება უფრო ადრეც დაარიგონ. მაცივრის, ტელევიზორის და ასეთი ნივთების გამოტანა შეიძლება. ოღონდ, ხელზე ფულს ვერ აიღებ, მარტო ტექნიკა უნდა გამოიტანო “- ამბობს მანანა ხურცილავა. 

„მეც გავიგე ეს ამბავი, მაგრამ ტელევიზორში არ უთქვამს არავის. ხალხისგან გავიგე. ყველა ლაპარაკობს ამაზე და იმედია, სიმართლე იქნება,“ -ამბობს ნესტან ლომსიანიძე.

ვის მიერ და რის საფუძველზე მოხდა ინფორმაციის არაოფიციალურად გავრცელება, ამის გარკვევა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან თავად „ქართული ოცნების“ ოფისების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი რამ ხელისუფლების უახლოეს გეგმებში  არ შედის, შესაბამისად, წინასწარ ინფორმაციის გავრცელება მათ მიერ ვერ მოხდებოდა. ოფისებში ამბობენ იმასაც, რომ ხალხში ხელისუფლების მიმართ ახალი მოლოდინის გაჩენა, შესაძლოა, ოპოზიციის ინტერესებს ემსახურებოდეს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ კონკურენტებმა გაგვივრცელეს ეს ხმები. თან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში საუბრობენ ამაზე. აღმოსავლეთში, როგორც ვიცი, ეს ჭორი არ გავრცელებულა,“ -ამბობენ „ქართული ოცნების“  ხონის ოფისში.

ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში.

„არ ვიცი. ნამდვილად  არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გია ქობალიანი.

მოსახლეობის ვარაუდი, ვაუჩერების შესაძლო დარიგებასთან დაკავშირებით,  კიდევ უფრო გაამძაფრა ბოლო დროს ქართული ბანკების მიერ გამოცხადებულმა აქციამ, რომლითაც ისინი კლიენტებს ტექნიკის  ყველა სახეობაზე 0 %-იან განვადებას სთავაზობენ.  მოქალაქეთა ნაწილმა ვაუჩერის მოლოდინში უარი თქვა საჭირო ნივთის  უპროცენტო განვადებით გამოტანაზე კი, რადგან,  მიაჩნიათ, რომ  ბანკები ცდილობენ, ვაუჩერების დარიგებამდე მაქსიმალური მოგების მიღება მოასწრონ.

თავად ბანკების წარმომადგენლები 0 %-იან აქციას ვაუჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ უკავშირებენ და ამბობენ, რომ მსგავსი აქციები ყოველწლიურად ცხადდება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. თანაც ნახევარ წელზე მეტია, ეს კონკრეტული აქცია აქვს ჩვენს ბანკს,“ – ამბობს ბანკ „კრედოს“ განვადების ოფიცერი თამარ კენჭაძე.

0 %-იანი განვადება ტექნიკაზე, ორი თვის წინ გამოაცხადეს  „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი“  ბანკმაც, თუმცა ვაუჩერებთან აქციის კავშირს აქაც გამორიცხავენ.

„ეს სეზონური აქციაა. მაგალითად, როგორც საახალწლოდ გვაქვს ხოლმე აქციები. მეც მსმენია ამ ვაუჩერების შესახებ, მაგრამ ჩვენი აქცია მასთან კავშირში არ არის,“-ამბობს „თიბისი“  ბანკის გაყიდვების მენეჯერი ნანა დოგოზოვი.

„ამ აქციის მიზანია  მომხმარებლის მოზიდვა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რათა მარტივად  შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთი. ყველა სეზონზე ვაცხადებთ ჩვენ ასეთ აქციებს. ამაში განსაკუთრებული არაფერია,“ – ამბობს „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების მენეჯერი თამარ ჭეიშვილი. 

მოქალაქეთა ნაწილი აბობს იმასაც, რომ ეს ის ვაუჩერებია, რომელსაც ხელისუფლება საქართველოს მთელ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაჰპირდა. არჩევნებამდე რამდენიმე  დღით ადრე, მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგდათ, სადაც ყველა მოქალაქეს შეეძლო სასურველი ტექნიკა მიეთითებინა, მხოლოდ ერთი პირობით, ტექნიკის ღირებულება   1000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას 1000-ლარიანი ოცნების ახდენას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებოდა. სწორედ ამიტომ მოქალაქეთა ნაწილი 1000-ლარიან ვაუჩერს დღემდე ელოდება. თუმცა, იქცევა თუ არა მათი მოლოდინი რეალობად, როგორც აღმოჩნდა, ამის თქმა ნაადრევია...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია