დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ არის დიმიტრი კოპალიანი?!
2013/05/30 14:59:00

 

მოლოდინის მიუხედავად, ქუთაისმა მერი ვერ აირჩია. საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ქალაქის მერის დამტკიცების თარიღად 29 მაისი დააანონსა, თუმცა საკრებულოს გუშინდელი სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ქალაქის თავის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. 

კომისიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და წინასწარაა ცნობილი ქუთაისის მომავალი მერის ვინაობაც. თუმცა,  როგორც კომისიის წევრები ამბობენ,  დღევანდელი დღის ჩათვლით, მერობის დანარჩენ კანდიდატებს გასაჩივრების დრო აქვთ და მხოლოდ მათი საჩივრების განხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი მერის დამტკიცება.

კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის თქმით, საკრებულომ ქალაქის მერი ხუთი დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.

მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პროტესტი „დაწუნებული“ კანდიდატების მხრიდან, ეს არაფერს შეცვლის და, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქუთაისის ახალი, რიგით მეთერთმეტე მერი დიმიტრი კოპალიანი გახდება. სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უკვე ყოფილი მერის, ბესიკ ბრეგაძის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენებისთანავე  მის  შემცვლელად აქტიურად განიხილებოდა სწორედ დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურა. აქედან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის არჩევანი მოულოდნელი არ იყო.


ამერიკაში მცხოვრები ქუთაისის მკვიდრი დიმიტრი კოპალიანი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს-ადმინისტრატორი და კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტია. კოპალიანს 1992-2007 წლებში დამთავრებული აქვს ლოურენსისა და მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც UWN - ის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება. საბაკალავრო ხარისხი კი  ქუთაისის აკაკი წერეთლის (ყოფილი „გეპეი“) უნივერსიტეტში, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას მიიღო. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორად.  იგი ასევე არის Enterprise Architeect- ის საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დეპარტამენტის დირექტორი.  1991 წელს მას დიდ ბრიტანეთში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა უმაღლესი ხარისხის დიპლომი. დიმიტრი კოპალიანის პროექტები და პროგრამები დანერგილია ა.შ.შ-ს არაერთ IT კომპანიაში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. არის 43 წლის. დაოჯახებულია. ჰყავს უცხოელი მეუღლე და სამი შვილი.

არაოფიციალურად, ამერიკიდან დიმიტრი კოპალიანის ჩამოყვანის ინიციატორი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია