დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასოფლო-სამეურნეო პროექტი ჩავარდა?
2013/05/27 12:00:53

ჩვენი პროგრამის გარეშე, მოსახლეობის ნაწილი მიწის დამუშავებას საერთოდ ვერ შეძლებდა!

 

იმერეთში რამდენიმე ასეულ მიწის მესაკუთრეს ჯერ კიდევ არ მიუღია სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რის გამოც მიწების ნაწილი ამ დრომდე დაუმუშავებელია. სასოფლო ბარათების დაგვიანებას, დაუმუშავებელი მიწების პრობლემას და ამ კუთხით რეგიონში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით მიმართა და ვითარების ადგილზე გაცნობა მოსთხოვა. რამ განაპირობა ეს ხარვეზები და როდის მოგვარდება პრობლემა სრულად? ამის გასარკვევად „P.S.“-მა რამდენიმე კითხვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. ჩვენს შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა სოფო მდინარაძემ უპასუხა:

- ბარათების გაცემის  პროცესის ძირითად, ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა სოფლის რწმუნებულების მიერ გადმოგზავნილი არასწორად და ხარვეზებით შევსებული მიწის მესაკუთრეთა სიები, რის გამოც საჭირო გახდა სიების რამდენჯერმე გადამოწმება და ჩასწორება, ასევე დამატებითი სიების მომზადება. შესაბამისად, ეს პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა, ამიტომ მოსახლეობის გარკვეულმა  ნაწილმა ბარათები დაგვიანებით მიიღო.

- ხარვეზებია ასევე მიწების აღწერასთან დაკავშირებით. დაახლოებით, ერთი და იმავე ფართობის მიწის მესაკუთრეებს ვაუჩერზე სხვადასხვა რაოდენობის თანხები დაერიცხათ. რამ გამოიწვია ეს უზუსტობა?

- სადღეისოდ, საქართველოში მიწის მესაკუთრეთა ვინაობისა და მათ საკუთრებაში არსებული ფართობების სიდიდის შესახებ ზუსტი ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება. ამგვარად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საკუთარი ძალებითა და მთავრობასთან შეთანხმებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კორდინირებული მუშაობით, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო კარდაკარის პრინციპით მიწის მესაკუთრეების და მოსარგებლეების შესახებ მონაცემების შეგროვება, ხოლო მიმდინარე წლის 15 იანვრისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთარი ძალებით უზრუნველყო აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და შექმნა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელმაც, გარკვეულწილად, დამატებით მოითხოვა კორექტირება და მონაცემების დაზუსტება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინფორმაციების დაზუსტებისა და კორექტირების მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და, მათ შორის, კახეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში, ოფიციალურად გადააგზავნა მიწის მესაკუთრეების პირადი მონაცემების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზების ელექტრონული ვერსიები, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან კიდევ ერთხელ დაკორექტირებულიყო და დაზუსტებულიყო სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა პირადი მონაცემები.

მუნიციპალიტეტებიდან საბოლოოდ მიღებული და დაზუსტებული მონაცემები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადასამოწმებლად გადაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა  პირადი მონაცემების სიზუსტე. ცხადია, იმის გამო, რომ მიწის მესაკუთრეთა შესახებ ოფიციალური ინფორმაციის თავიდანვე მოპოვება შეუძლებელი იყო, პროცესი დროში გაიწელა. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოახერხა მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის ბენეფიციართა შესახებ მაქსიმალურად სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება.

- მცირე მიწის მესაკუთრეები კუთვნილი ფართობის დამუშავებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან დიდი ტრაქტორები მათ მიწაზე სიმცირის გამო არ შეჰყავთ. იგეგმება თუ არა სხვა ტექნიკის შეყვანა სოფლებში და როდის?

- 0,25 ჰა-ზე ნაკლებ ფართობებზე პროგრამის მიხედვით არც იყო გათვალისწინებული ხვნა, რადგან დიდი ტექნიკა მცირე ფართობებზე ვერ მუშაობს. მაღალმთიანი რეგიონებისთვის შემოყვანილ იქნა მოტობლოკები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება რთულ რელიეფზე. წელს რისი შესაძლებლობაც იყო, ის რაოდენობა შემოვიდა. მომავალი წლიდან იგეგმება კიდევ დამატებითი ტექნიკის შესყიდვა იმის გათვალისწინებით, თუ რომელ რეგიონში რა ტიპის ნიადაგთან გვექნება საქმე.

- ასევე, აღმოჩნდა, რომ  ტრაქტორების ის რაოდენობა, რაც თითოეული სოფლისათვის არის გამოყოფილი, საკმარისი არაა და გლეხს რიგების გამო მიწის დამუშავება უგვიანდება, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. რამდენად იყო ეს პრობლემა მოსალოდნელი და სამომავლოდ რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს პროექტში; ასევე, ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ახალი პროექტების განხორციელება თუ იგეგმება?

- ზოგადად, ქვეყანაში არსებული სატრაქტორო პარკი საკმარისი არ არის ყველა სახნავი მიწის დასამუშავებლად და ცხადია, რომ სატრაქტორო პარკის სიდიდე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ასეთი მასშტაბური პროგრამის ხარვეზების გარეშე ჩასატარებლად. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ იმ გლეხების უდიდესი უმრავლესობა, რომელთაც ფართობების დამუშავება დაუგვიანდათ, ჩვენი პროგრამის გარეშე, საერთოდ ვერ შეძლებდა ფართობების დამუშავებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული გეგმა მალე გახდება ცნობილი.

 

***

მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული პასუხებისა, იმერეთის რეგიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ბარათები მრავალჯერადი უშედეგო დაპირების შემდეგ, ჯერაც არ მიუღიათ და შესაბამისი სამსახურებიდან ვერც ბარათების მიღების ზუსტ დროს ვერ იგებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1818
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია