ქალაქ რუსთავის მე–17 მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ფანჯრიდან საკუთარი ერთი თვის შვილი გადააგდო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი დაკავებულია.
ამავე წყაროს ცნობით, ბავშვის მამა 1978 წელს დაბადებული გივი ჩ. ფსიქიკურად დაავადებულია. მეუღლის მსგავსად, ფსიქიკურად დაავადებულია გარდაცვლილი ჩვილის დედაც.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა დამნაშავე საკუთარ სახლში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ჩ. ქურდობისთვის ნასამართლევია და 2005 წელს მოიხადა სასჯელი.
გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).