დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმცირესობა ვანო მერაბიშვილის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს
2013/05/23 11:47:34

როგორც უკვე ცნობილია, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ჭიაბერაშვილს გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა საქართველოს პარლამენტში სპეციალური განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, პროკურატურას უსუსური ბრალდებები ჰქონდა და მოსამართლემ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად გამოიტანა.

უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა. მისივე განცხადებით, ის ადამიანებიც კი, რომლებსაც დღეს ვანო მერაბიშვილის დაკავება გაუხარდათ, რამდენიმე თვეში გააანალიზებენ, რომ სინამდვილეში ეს ქვეყნისთვის საზიანო ფაქტია.

„მე ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, კომენტარი გავაკეთო მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მიუხედევადა იმისა, შინაგანად ვფიქრობ, რომ სხვა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. მთელი ის აურზაური და ზეწოლა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლოსთან, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენის მატარებელი იყო, მაგრამ, მე ჩემს თავს მაინც არ მივცემ უფლებას, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ნეგატიურად ან პოზიტიურად შევაფასო, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე“. - ამბობს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს სად გადის ზღვარი ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებასა და პოლიტიკურ რეპრესიებს შორის.

„მინდა, ყველა ჩვენი მხარმდაჭერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი გავამხნევო და ვუთხრა, რომ ბრძოლა გრძელდება პოლიტიკურად, სამართლებრივად და, თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ცალკეული ლიდერების დაპატიმრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურდება და აღარ იარსებებს და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ქვეყანაში  მთავარი ოპოზიციური ძალა განადგურება, ეს ილუზია დარჩება ილუზიად. „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ცხოვრებას, არსებობას,  პოლიტიკურ ბრძოლას და რაც უფრო მეტი ზეწოლა და რეპრესია იქნება ოპოზიციური პარტიის წინაააღმდეგ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით“. - აცხადებს საპარლამეტნო უმცირესობის ლიდერი.

დავით ბაქრაძემ ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციას გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პოლიციის მუშაობა იყო ყველაზე დიდი შედეგი და გაგრძელება იმ საქმისა, რასაც აკეთებდა ვანო მერაბიშვილი და რისთვისაც ის დღეს  ციხეში აღმოჩნდა.

უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, დავით საყვარელიძემ კი  განაცხადა, რომ ის გარემო, რაშიც სასამართლოს მოუწია გადაწყვეტილების მიღება, იყო არანორმალური და, მეტწილად, სწორედ ამან მოახდინა სასამრთლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა.

„თქვენ ნახეთ, რომ სასამართლოსთან მობილიზებული იყო ე.წ. „ნანა კაკაბაძის  საძმო“, პოლიტმატიმრებად წოდებული ყოფილი კრიმინალების დაჯგუფება, რომლებიც  სასამართლოსთან მთელი დღის განმავლობაში სკანდირებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან, სამართალდამცველები კი აქტიურ ზეწოლას ახორციელდებდნენ სასამრთლოზე“. - ამბობს საყვარელიძე.

საყვარელიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იდეოლოგიაზე დაფუძნებული მოძრაობაა და, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან დიდი დანაკლისია და არ არის ადვილი ფაქტი, როდესაც გენერალური მდივნის მიმართ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ, მისივე თქმით, მათი პარტია გაათმაგებულად გააგრძელებს ბრძოლას ისეთი საქართველოსთვის, რომელსაც საფუძველი ვანო მერაბიშვილმა ჩაუყარა.

უმცირესობის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა, კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შემდეგი განცხადება გააკეთა.

„არ შეიძლება, ყაჩაღებისა და რუსი ჯაშუშების მფარველმა ხელისუფლებამ დააპატიმროს ის მინისტრები, რომლებმაც ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყვიტეს. ყველა ის მთავრობა, რომელიც ამ გზაზე დაადგება, დაამთავრებს ზუსტად ისე, როგორც არ უოცნებია, რომ დაამთავროს. ისინი დაამთავრებენ სამარცხვინოდ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციის ლიდერებზე ასეთი ზეწოლა და შანტაჟი, აუცილებლად მიიყვანთ მათ კატასტროფამდე“. - აღნიშნა გაბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ახალი ისტორიული ფურცელია, როდესაც აპატიმრებენ ადამიანს, რომლის სახელთანაც ქვეყნის ძალიან ბევრი წარმატებაა დაკავშირებული.

უმცირესობის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის დასაცავად ბრძოლას გააგრძელებენ. ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1834
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია