„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააკავეს. ამ წუთებში ბრიფინგს მართავს პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი, რომელიც ჟურნალისტებს მერაბიშვილის დაკავების თაობაზე ინფორმაციას აწვდის. მისი განცხადებით, მერაბიშვილს ორი მუხლით წაუყენეს ბრალი: ერთი ეხება არჩვევნების დროს თანხების არამიზნობრივ გამოყენებას და მეორე – კვარიათში კერძო პირისათვის კუთვნილი სახლის ჩამორთმევის ფაქტს. წაყენებული ბრალის მიხედვით, ვანო მერაბიშვილს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულია ასევე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამად პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც ბრალი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გამო წაუყენეს.
ორივე დაკავებულს პროკურატურა სახელმწიფოსათვის 5 200 000 ლარის ზარალის მიყენებას ედავება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დაკავებას აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში.
გოკა გაბაშვილი: „პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა შეასრულა. მან დაანონსა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაანადგურებდა, როგორც პოლიტიკურ ძალას. ეს ქმედება ამ ხელისუფლებას სასიკეთოდ არ შემოუბრუნდება.“