დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიტოვებული შენობების საგა
2013/05/20 12:05:29

რატომ იკარგება ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები?

მეორე დედაქალაქი, საპარლამენტო ქალაქი, კულტურის ცენტრი - ამგვარად მოიხსენიებენ ქუთაისს და აქვს კიდეც მას რესურსი და ამბიცია, იყოს განვითარებული ქალაქი. თუმცა, რომ არაფერი ვთქვათ გარეუბნებზე,   ინფრასტრუქტურის კუთხით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული მდგომარეობაც კი არ შეეფერება საპარლამენტო ქალაქს.

 

წლების წინ უმოქმედოდ დარჩენილი შენობები და მიწის ნაკვეთები, რომელთაგან ნაწილი კერძო საკუთრებაშია, ნაწილი კი - ეკონომიკის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე, ზოგი მთლიანად განადგურდა, ზოგიერთი კი ნანგრევებადაა ქცეული, რაც, ერთის მხრივ, საფრთხეს უქმნის გამვლელებს. მეორე მხრივ კი აღნიშნული შენობები და რკინის მესერით შემოღობილი მიწის ნაკვეთები ნამდვილ სანაგვედაა ქცეული.

ეკალ-ბარდები, ნაგვის ნარჩენები, უსიამოვნო სუნი (რომელიც ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის გამო, უკვე ადგილობრივების და გამვლელების უკმაყოფილებას იწვევს), თავის მხრივ, ქალაქის იმიჯს საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების განცხადებით, შესაბამის უწყებებს  არაერთხელ მიმართეს შენობების დასუფთავების და დემონტაჟის მოთხოვნით, თუმცა - უშედეგოდ.

ახალგაზრდობის თეატრის ორსართულიანი შენობა, სასტუმრო „თბილისის“ გვერდით არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე თამარ მეფის ქუჩის ნომერი 32, ამავე ქუჩის 9 ნომერში არსებული მიტოვებული საგრენაჟო ქარხანა, ყოფილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, ასევე მესხიშვილის თეატრის უკან მდებარე, ყოფილი კომკავშირის რაიკომის შენობა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ე.წ. კანონიერ ქურდს ბონდო შალიკიანს წაართვა. ამავე მდგომარეობაშია ყოფილი აბანოების შენობა, რომლის პირველ სართულზეც მაღაზიები და აფთიაქებია შესული; გალაკტიონ ტაბიძის 2 ნომერში მდებარე შენობა და მასწავლებელთა სახლი... ეს არასრული ჩამონათვალია იმ შენობებისა, რომლებიც მეორე დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საპატიო მოქალაქე, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი ალეკო შენგელია დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ მასწავლებელთა სახლის ნანგრევებიდან ქვები ცვივა, თვითონაც შემთხვევით გადარჩა, როდესაც სახლის სიახლოვეს გადაადგილდებოდა: „ამბობენ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და უკითხავად ვერ შევეხებითო. ქალაქის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან ასე ახლოს, დანგრეული და დამწვარი შენობა გამვლელებს საფრთხეს უქმნის, რად უნდა ამას ვინმეს ნებართვის ლოდინი, მიხედე შენს ქალაქს!“ - აცხადებს ალეკო შენგელია მერიის მისამართით.

ვის ბალანსზე ირიცხება აღნიშნული შენობები და ფართები; რატომ არ ხდება მათი დემონტაჟი ან გასუფთავება; რატომ იკარგება ქალაქისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები და რომელ შენობებს გადმოსცემს ეკონომიკის და სხვა სამინისტროები ადგილობრივ თვითმმართველობას, - ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი თევდორაძემ მოგვაწოდა:

- მერია დემონტაჟს მაშინ მოახდენს, როდესაც ექსპერტიზა დადებს დასკვნას, რომ შენობა საფრთხეს წარმოადგენს. თქვენ, პირველ რიგში, მასწავლებელთა სახლს გულისხმობთ, ალბათ? ეს შენობა წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას. მერიის მხრიდან დასმულია საკითხი, რომ მოხდეს შენობის შესაბამისობაში მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ ახერხებენ მოწესრიგებას, გადმოეცეს თვითმმართველობას და შემდეგ თვითმმართველობის მხრიდან მოხდება წესრიგში მოყვანა. ანალოგიური ხასიათის წერილები გადაეგზავნა ყველა იმ შენობის მესაკუთრეს, რომელთა ქონებას, ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც, ერთი შეხედვითაც კარგად ემჩნევა, რომ რისკის მატარებელია და რომელთა მდგომარეობაც ამახინჯებს ქუთაისის იერსახეს. ბევრ შენობაში შეინიშნება ანტისანიტარიული მდგომარეობა, ყველა ადმინისტრაციულ ორგანიზაციას აქვს დასრულებისათვის გარკვეული ვადები და ყველა ვალდებულია, დაიცვას ეს.

- აქვს თუ არა მერიას უფლება, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის მეპატრონეს აუკრძალოს ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობაში რომელიმე ობიექტის შეშვება, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის იქ მყოფთ?

- მაგას ვერ მოვითხოვთ, რადგან კერძო საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება სხვა კუთხით საკითხი დაყენებული. გარდა იმისა, რომ მათ მიმართ არსებობს ვალდებულება, რომ შენობა წესრიგში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეულ მოქალაქეზე და იურიდიულ პირზე, რომელთაც ნახევრად დანგრეულ შენობაში შეუშვებს, ყოველნაირი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას.

- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მეპატრონეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული დასუფთავება და, თუნდაც, დემონტაჟი?

- არა, მხოლოდ კეთილ ნებაზე არაა,  ვალდებულებაცაა, რომლის შესასრულებლადაც მათ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარკვეული ვადები ეძლევათ. ახალგაზრდობის თეატრის მიმართებაში, ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტალური სახის სამუშაოები. იყო კულტურის სამინისტროს საკუთრებაში და გადმოეცა თვითმმართველობას და, შესაბამისად, ჩვენს მიერ ხდება მისი განკარგვა. თუმცა, არის ერთი ფაქტი - ის უძრავ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება და პრივატიზებისთვის საჭიროა შეთანხმება. არ იქნება სამართლებრივად სწორი - შეთანხმების გარეშე გასხვისება. ამიტომ, კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება - შენობის უძრავი ძეგლის სტატუსი ან  გადაიხედოს, ანდა შენარჩუნდეს, შესაბამისი სამუშაოების ჩატარების პირობით. ალბათ, ივნისში ჩვენ დავასრულებთ ამ საკითხზე დოკუმენტალური სახის მუშაობას და ამის შემდეგ მოხდება შემდგომი განკარგვის პროცესი. პრივატიზება იქნება ეს, თუ სარემონტო სამუშაოების ჩატარება - იქნება მიღებული გადაწყვეტილება. შემდგომ ჩაისმება ქალაქის ბიუჯეტში, ანდა, შესაბამისად, გამოცხადდება ტენდერი, რომელიც იქნება კონკურსის სახის და შენობაში სარემონტო სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია ჩაატარებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მერიის სამსახურებთან ერთად, რომლებიც წლებია, პრობლემის მოგვარებას გვერდს უვლიან, მეტ-ნაკლებად თავისი წილი პასუხისმგებლობა იმ რიგით მოქალაქეებსაც ეკისრებათ, რომელთაც, ისედაც დანგრეული შენობები ნაგავსაყრელებად აქციეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია