დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩაშლილი აქციის ორი მხარე
2013/05/20 12:04:38

სახალხო დამცველი: „ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში ჰომოფობიის გამოვლენის დღე გახდა“

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის  წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია-ფლეშმობი ჩაიშალა. ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ჩატარებას ხელი სასულიერო პირებმა, მათი მრევლის და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრებმა შეუშალეს.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ მობილიზებული. მათ მიერ გაკეთებული არაერთი კორდონის მიუხედავად, კონტრაქციის მონაწილეებმა კორდონების გარღვევა მაინც შეძლეს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სხვადასხვა დროს და ადგილას მომხდარი ინცინდენტების შედეგად 17 ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 12 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის 3 პოლიციელი და ერთი ჟურნალისტია.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია-ფლეშმობის ჩაშლას და კონტრაქციის მონაწილეების ქმედებებს აფასებენ ქუთაისის პარლამენტში მყოფი უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები. უმცირესობა მთავრობასა და პოლიციას მოვლენების უკონტროლობაში ადანაშაულებს და აცხადებს,რომ პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ საზოგადოების წევრების შეკრების თავისუფლების უფლების დაცვა. უმრავლესობა უმცირესობის განწყობას არ იზიარებს და აცხადებს, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სექსუალური უმცირესობები ლახავენ უმრავლესობის უფლებებს და არა პირიქით.

„პირადი ცხოვრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ მე შვილები მყავს და უმრავლესობის უფლებები სერიოზულად ილახება, როცა გამოდიან და დემონსტრირებას მიკეთებენ, რომ მე ერთსქესიანი ვარ და მაგარი ტიპი ვარ, ეს ჩემთვის, როგორც კონსერვატორისთვის, მიუღებელია,“ - აღნიშნავს ზვიად ძიძიგური.

17 მაისს განვითარებულ მოვლენებს გმობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

„საქართველოს კონსტიტუცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ და გამოხატონ თავისი აზრი,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ვისაც ჰქონდა პროტესტის და აზრის გამოხატვის სურვილი, თანაბრად ჰქონდა ამის უფლება. ორივე ჯგუფს აქვს არსებობის უფლება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - ორივე ჯგუფის წევრები არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ადამიანები,“ - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

„იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ყველა ადამიანი საზოგადოების წევრია, გადამწყვეტი ფაქტორი არის სწორედ საზოგადოება.

უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ მოვლენებზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.

„ეს არის იმ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დანერგა,“ - განაცხადა მან.

„ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტების და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ყურება, როცა მასში მონაწილეობენ სასულიერო პირები, რომლებიც არ ერიდებიან ამ სისასტიკეში ბავშვების ჩართვას,“ - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ზომების მიუღებლობისთვის გააკრიტიკა.

„სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე. მიუხედავად იმისა, რომ შსს რამდენიმე დღით ადრე იყო ინფორმირებული, რომ ერთი და იგივე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

პირველადი შეფასებები გააკეთეს იმ ორგანიზაციებმაც, რომლებიც 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე ერთი და იმავე ადგილას დაგეგმილ ორ პარალელურ აქციას აკვირდებოდნენ. დამკვირვებელი ორგანიზაციები გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭირო ზომების არგატარებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ეფექტური.

„ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შსს-მ სათანადოდ ვერ შეაფასა კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომდინარე შესაძლო რისკები და ვერ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტრატეგია. პოლიცია არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შსს ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიაში განცხადება 2 მაისს შევიდა. აქციის ორგანიზატორები განცხადებით, აქცია-ფლეშმობი 17 მაისს 13:00 საათზე დაიწყებოდა და მდუმარე სახით ნახევარ საათს გაგრძელდებოდა. აქციის დროს ცისარტყელას ფერების მაისურებში ჩაცმული ადამიანები დროშის მოხაზულობას შექმნიდნენ. აქციის ორგანიზატორები არ გეგმავდნენ გზის გადაკეტვას.

კონტრაქციის შესახებ თბილისის მერიას უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ 13 მაისს მიმართა და აცნობა, რომ 17 მაისს ეკლესიის მოძღვართა მიერ, საკუთარ მრევლთან ერთად იგეგმებოდა შეკრება ასევე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ორმა პარალელურად დაგეგმილმა აქციამ ექსცესების ფონზე ჩაიარა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია