პოლიციის დღე იმერეთის მასშტაბით მოქმედმა პოლიციელებმა ქუთაისის მთავარ სამხარეო სამმართველოში აღნიშნეს.
პროფესიული დღესასწაული სამართალდამცავებს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით მხარის პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა მიულოცა. საზეიმო შეხვედრაზე პოლიციის ვეტერანები და 80 მოქმედი პოლიციელი დაუღალავი და წარმატებული შრომისთვის დაჯილდოვდა.
„ყველა პოლიციელს ვულოცავ ამ დღეს და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებ მათ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია, ემსახუროს ქვეყანას, ხალხს და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ წინა ხელისუფლების დროს „ჩარეცხილი“ ვეტერანი პოლიციელები გაგვიხსენა და დაგვაფასა, პატარა ბავშვივით მიხარია,“-აღნიშნა ვეტერანმა პოლიციელმა ვიტალი ხარჩილაძემ.
მხარის პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ, მსგავსად წარსულისა, სამართალდამცავებს გაცემული უღირსი პოლიტიკური დავალებების შესრულება აღარ მოუწევთ და პოლიციელები მხოლოდ მათზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ.
სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, 6 მაისის ნაცვლად, პროფესიულ დღედ პოლიციელები სხვა თარიღს იზეიმებენ.