დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხადურს პარლამენტში უსმენენ
2013/05/16 18:05:09

დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, იმყოფება. მას კომიტეტებსა და ფრაქციებში არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი 2012 წლის ბიუჯეტის ანგარიშია. ხადურმა პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ხადურის თქმით, 2012 წლის ბიუჯეტი პრაქტიკულად შესრულებულია, იყო გარკვეული გადახრები, თუმცა ეს ცდომილებები ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისივე განცხადებით, არ იყო პრობლემები ხელფასებისა და პენსიების დარიგების პროცესშიც. პირველი შეკითხვა მიხეილ მაჭავარიანს ეკუთვნოდა. მაჭავარიანმა მინისტრს მსოფლიო რეიტინგების მნიშვნელობაზე ჰკითხა და მოითხოვა დაკონკრეტება იყო თუ არა სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებული მოწინავე ადგილები ხელოვნურად შექმნილი. ხადურის თქმით, რეიტინგები მნიშვნელოვანია, მაგრამ რეიტინგი მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა.

„საქართველო ამ მდგომარეობით, 114-ე ქვეყანაა  ცხოვრების დონით, ეს მაჩვენებელი არ შეესაბამება გარკვეულ რეიტინგებში მის მიერ დაკავებულ ადგილს. ჩემი სამინისტროს მიზანია, რომ შესაძლებლობები ვაქციოთ რეალობად, უნდა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა ყველა ოჯახმა იგრძნოს.“ - ამბობს ხადური.

მიხეილ მაჭავარიანმა ასევე იმ პროექტების სიაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა. ხადურის თქმით, ამ პროექტებზე თანხები არაეფექტიანად დაიხარჯა. მისივე განცხადებით, მაგალითად, ქუთაისის აეროპორტი უნდა აშენებულიყო, მაგრამ ეჭვები ჩნდება დაფინანსების წყაროებზე. მინისტრის თქმით, არაეფექტიანი იყო სასურსათო ვაუჩერებიც, რადგან დაურიგდა ყველა ადამიანს, მიუხედევად მისი ფინანსური მდგომარეობისა.  

ხათუნა გოგორიშვილმა კი იკითხა, თუ ფინანსთა მინისტრი ვაუჩერების წინააღმდეგია, მაშინ რატომ დაურიგეს მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები.

ხადურის თქმით, ამ ორი ვაუჩერის ერთმანეთთან შედარება არასწორია.

„საქართველოს შრომითი რესურსების 53 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს ქმნიან. გასაგებია, რომ ეს სფერო განსაკუთრებული ზრუნვის საგანია და სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად გადავეცით მათ ეს ბარათები. ეს იქნება სტიმული, რომ ამ ადამიანებმა დაამუშაონ მიწები და შექმნან დოვლათი“. - აღნიშნა ხადურმა.

თუმცა, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს ვაუჩერები მაინც სოციალური ხასიათისაა და ის რეალურად სოფლის მეურნეობის განვითარებას არ ისახავს მიზნად. ამ რეპლიკაზე ხადურმა შემდეგნაირად უპასუხა: „თქვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა მოესპო. და, რა თქმა უნდა, ერთ და ორ წელიწადში ამ სფეროს აყვავება ვერ მოხდება“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა პირველი კომენტარებიც გააკეთეს. ნოდარ ხადურის შეფასებით, უმცირესობის ინტერესი 2013 წლის ბიუჯეტის მიმართ უფრო დიდი იყო. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ  საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში არანაირი პრობლემები არ არის.

„ბიუჯეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და ვფიქრობ,  რომ ეს წელი  საკმაოდ წარმატებული იქნება. მე არ ვეთანხმები ოპონენტებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შემოსავლების  მობილიზების თვალსაზრისით არანაირი პრობლემები არ არის“. - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

უმცირესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის, შეფასებით კი ყველა კითხვა დღეს არ დასმულა. რადგან, ძირითადად, 2012 წლის ბიუჯეტის განხილვა იყო. მისივე თქმით, დღეს ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკას პრობლემები აქვს.

„ხადური უბრალოდ, ოპტიმისტურად არის განწყობილი და რა აძლევს ამის საფუძველს, არ ვიცი. ფინანსთა სამინისტროს არ აქვს არანაირი ხედვა, თუ როგორ აპირებს ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას და აქვს მოლოდინი, რომ რაღაცები თავისით მოხდება,“ - ამბობს ჯაფარიძე.

უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა, გოკა გაბაშვილმა კი შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ერთი რამ ცხადია, რომ ბიუჯეტი, რომელიც დახვდა ფინანსთა მინისტრს, იყო ძალიან კარგად აწყობილი ბიუჯეტი და შესრულდა. იყო ძალიან კარგად აწყობილი საგადასახადო და საბაჟო სამსახურები. მან ახლაც აღიარა, რომ არის გამართული ინსტიტუტები. 2012 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ ყოფილა, შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემები იქნება წელს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად ეკონომიკური გუნდის წლევანდელი მინუსების ხარვეზები,“ – აღნიშნა გაბაშვილმა.

როგორც უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრა არ იყო საკმარისი, დრო იყო შეზღუდული და ამიტომ ვერ დასვეს ყველა შეკითხვა. საპარლამენტო უმცირესობამ ფინანსთა მინისტრს პირობაც ჩამოართვა, რომ ის კიდევ ერთხელ მოვა პარლამენტში სპეციალურად მათთან შესახვედრად.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი უკვე საპარლამენტო უმრავლესობასთან მართავს შეხვედრას. განხილვის მთავარი თემა 2012 წლის ბიუჯეტის შესრულებაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია