დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ორჯერ ვეტოდადებულ კანონპროექტს განიხილავენ
2013/05/16 14:14:07

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს. აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უკვე მეორედ დაადო და კომიტეტზე სწორედ პრეზიდენტის შენიშვნები განიხილეს. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი  ძაგნიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ერთთვიანი ვადის გაზრდას შეეხება. მისი თქმით, როდესაც ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გარკვევა ხდება, ვადა ისეთი უნდა იყოს, რომელიც საკმარისი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.
„სხვა სამართალწარმოებას თუ ავიღებთ, ადმინისტრაციულს ან სამოქალაქოს, აქ შემჭიდროვებული ვადები ნამდვილად არ არის. სასამართლოს საკითხის ყოველმხრივ შესწავლის, მხარეებს თავიანთი პოზიციების წარმოდგენისა და პროცესზე მესამე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მიეცეთ“. - აღნიშნა ძაგნიძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით კი, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის განხილვის ვადების შემცირება იმ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ქვეყანაში პოზიტიურ ძვრებს ელოდებიან. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი საჭიროება იმისა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება კომფორტულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ.

კარგია შემოწმება, კარგია ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა რომ გაქვს, კარგია ყველა სტრუქტურა ხანგრძლივად ჩაფიქრებული, რომ არის რაღაც აქტთან დაკავშირებით და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან ცუდია რომ ხალხი ელოდება ამ გადაწყვეტილებას და ვიღაცები  ამაზე გაუთავებლად ფიქრობენ“ - ამბობს ფოფხაძე.      

ფოფხაძის განცხადებით, ისინი მარტივად ამბობენ, რომ თვე-ნახევარი ეს არის ის ვადა, რომლის განმავლობაშიც პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გაუჩნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს. მისივე თქმით, ის რომ აჩერებს კონკრეტული აქტის მოქმედებას, ამ კანონის აუმოქმედებლობა იწვევს პრობლემის გადაწყვეტის გადავადებას.

„მე ძალიან კარგად მახსოვს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ფორსირებულად იღებდა გადაწყვეტილებებს. მიშა სააკაშვილი დილას რომ გაიღვიძებდა, საღამოს უკვე კონსტიტუცია იცვლებოდა იმის მიხედვით თუ რა სიზმარს ნახავდა. არ არის თვე-ნახევარი ის ვადა, რომელიც საკონსტიტუციო სამართალწარმოებას დააზარალებს და უფრო დიდი ვადა კი აზარალებს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს“. - განაცხადა ფოფხაძემ.

უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით კი, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებდა. მისივე განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიზანი რეალურად, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გაუმჯობესება არ არის.

 ამ შემთხვევაში, ვადების შემჭიდროვების გამო, ადამიანის უფლებები დაირღვევა. რადგან, საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში არის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული კანონი არის თუ არა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც“. - ამბობს თაქთაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტით საკოსნტიტუციო სასამართლოს რაიმე სადავო აქტზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 30 დღიანი ვადა ეძლევა. კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უკვე მეორედ ცდილობს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია