დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეფასებები – მინისტრმა საკუთარი მოადგილე დააკავა
2013/05/13 22:05:23

კობა დავითაშვილი: „ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ისტორიას არ ახსოვს“

როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაკავებულია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე. ხვედელიძეს ბრალი სოციალური ქსელით გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ედება. ღარიბაშვილის თქმით, არასასიამოვნო ფაქტია, რომ მისმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ ჩაიდინა არამხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. „მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად გაავრცელა კადრები. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამებლური კამპანია,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოდან დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრები მომხდარის გამო წუხან, თუმცა მიიჩნევენ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად მისი სტატუსისა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მეორე და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება ასრულებს თავის დაპირებას და მომავალში აღარ იარსებებს შერჩევითი სამართალი. არავინ აღარ ჩაერევა ადამიანიების კერძო ცხოვრებაში ასე ბინძურად და, რა თქმა უნდა, დაცული იქნება კანონის უზენაესობა,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი კობა დავითაშვილი კი თვლის, რომ უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში. ის ამის გამო საჯაროდ მადლობას უხდის შინაგან საქმეთა მინისტრს.

„1918 წლიდან, თუ გნებავთ, საბჭოთა პერიოდში, მე არ მახსენდება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ან რომელიმე მინისტრის მოადგილის დაკავება. ეს არის ძალიან კარგი პრეცენდენტი. მე ამ შემთხვევამ გამახსენა გირგვლიანის მკვლელობის საქმე, იქაც შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სანოძე და ახალაია მონაწილეობდნენ საქმეში და ბოლოს ხელი დააფარეს. აქ კი, მინისტრმა მიიღო პრინციპული და კანონიერი გადაწყვეტილება. მე,როგორც მისი პოლიტიკური გუნდის წევრს, მიხარია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, კანონი პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დადგა.“ - ამბობს დავითაშვილი.

კობა დავითაშვილმა დღესვე განაცხადა, რომ ის იცნობს ფარესიშვილს და მან მოუყვა ამ ამბის შესახებ. „მე მას ვთხოვე, რომ წარმოედგინამ ტკიცებულებები. იგი აცხადებს, რომ მას ასეთი მტკიცებულებები გააჩნია და მიაწვდის გამოძიებას. თუმცა, მე ჩემი პოლიტიკური გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს, ჯობია, რომ საზოგადოებას დროულად აცნობო მის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ მტკიცებულებები ან არ არსებობს, ან არ არის მყარი“. - აღნიშნა მან.

„საქმე უნდა იყოს გამოძიებული, პასუხი უნდა აგოს ყველამ, იქნება ეს ხვედელიძე, ნაცვლიშვილი თუ ხმალაძე, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ გამოვლენილია ის, ვინც დაარღვია კანონი და ეს არის მინისტრის მოადგილე. დამატებითი ინფრომაცია, ჯერჯერობით, არ გვაქვს, თუ სხვა ადამიანებიც არიან გარეულები ამ უკანონო ქმედებაში, რასაკვირველია, ისიც უნდა დაისაჯონ.“ - განაცხადა ვახტანდ ხმალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ცაგარეიშვილი წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ავლებს პარალელს. მისი თქმით, ასეთი რაიმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წამოუდგენელი იყო.

„დანაშაული არავის არ ეპატიება და ეს იქნებაყველასთვის იმის ნიშანი, რომ ჩვენ თანაბრად დავიცავთ მოქალაქეების უფლებებს, არავის არ მივცემთ კანონის უხეში დარღვევის უფლებას. ამ ფაქტით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ უზენაეს იდეას, კანონის წინაშე თანასწორობას,  კიდევ ერთხელ გაესვა  ხაზი.“ - ამბობს ცაგარეიშვილი.

ლევან ბერძენიშილი აზრით, წინა ხელისიფლების პერიოდში ხვედელიძეს არათუ დააპიტიმრებდნენ, არამედ დააწინაურებდნენ კიდეც და შეიძლება პრეზიდენტიც გამხდარიყო. ბერძენიშვილი აღნიშნულ დანაშაულში ლაშა ნაცვლიშვილის ბრალეულობას გამორიცხავს.

„თვითონ ამ საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც პროკურორის პირველი მოადგილეა. ამიტომ, მისი დადანაშაულება ამ საქმეში სასაცილოა.  პირიქით, მან გამოიძია ეს საქმე. მე ვიცი, როგორ მოიქცეოდა ძველიხელისუფლება ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ეს სხვა ხელისუფლებაა და ყველა, ვინც არის დამნაშავე კანონის ფარგლებში, დაისჯება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლების დარვევა და მის პირად ცხოვრებაში შეჭრა დაისაჯა და დაისჯება მომავალშიც. ეს არქივი აუცილებლად უნდა განადგურდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ ყველაფრის გამრავლება შეიძლებოდა და „ნაციონალებს“ რა აქვთ ჯიბეში, ჯერკიდევ არ ვიცით. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ აქ მთავარი დამნაშავე არა გამრვცელებელი, არამედამ ამაზრზენი კადრების შემქმნელია,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

უმცირესობის ერთ-ერთი წვრი აკაკი ბობოხიძე კი თვლის, რომ ბატონი ხვედელიძე საკმარისზე მეტად შეაშფოთა ფარესიშვილის განცხადებებმა. „შეაშფოთა იმ დონეზე, რომ მან იკადრა უკადრებებლიც კი და ბუნებრივია, როგორც ჩანს, ფარესიშვილის განცხადებებს აქვს სერიოზული საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ მესმის ხვედელიძის ქმედება. გამოძიება პირველ რიგში, უნდა წავიდეს იმ კუთხით, რა ბრალდებებსაც აყენებდა ფარესიშვილი, მით უმეტეს, ეს არ არის უმნიშვნელო თემა. ეს არის ელიტარული კორუფციის თემა, რომლისგანაც,  როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშილის მთავრობა დაზღვეული არ არის“.

მომხდარს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ადამიანურად ძალიან რთულია ეს ყოველივე, რადგან ის ხვედელიძეს ძალიან კარგად იცნობს, რადგან „ქართული ოცნების“ შტაბში ერთად ექვსი თვე მუშაობდნენ. თუმცა, მისივე განცხადებით, როდესაც საჯარო პირი ხდები,  სხვა ვალდებულებები გეკისრება. სწორედ ამიტომ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, თუ ვისი წევრია ის.

უსუფაშილმა დღესვე კომიტეტებს სთხოვა, რომ დაჩქარდეს პარლამენტის მხრიდან შესაბამისი კანონმდებლობის მომზადება. მისი განცხადებით,  სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, პრობლემა კომპლექსურია და საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს ამ სენისგან. მისივე თქმით, უნდა განადგურდეს ეს არქივი და ადამიანები მაქსიმალურად დაცულები უნდა იყვნენ პირად ცხოვრებაში მსგავსი უხეში შეჭრებისგან.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია