დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარტია „თეთრები“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
2013/04/29 12:28:29

„თეთრების“  განცხადებით, ჩასაფრებულ „ნაცმოძრაობას“ დღეს უფრო მეტის გაფუჭება შეუძლია ქვეყნისა და ხალხისათვის, ვიდრე საქმის კეთებაზე ორიენტირებულ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შეუძლია გააკეთოს, ჩასაფრებული „ნაცების“ პირობებში, ხალხისა და ქვეყნისათვის.

„პარტია „თეთრები“ იმ პოლიტიკურ ძალათა შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან პარლამენტი დღეს არ ასახავს რეალურ ძალთა განლაგებას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორითაც ის წარმოდგენილია პარლამენტში,“ - განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემაში    „ახალკაცის მატრიცა.“

შაშიაშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნები, შესაძლოა, დასავლეთის გარკვეულ წრეებში არ მოეწონოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ, რა მოსწონს კრემლს თუ „თეთრ სახლს.“

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სურს ქართველ ხალხს. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნები ხშირად იმართება იტალიაში, იაპონიასა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რაც არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ სამყაროში,“ - აღნიშნავს შაშიაშვილი.

როგორც „თეთრები“ აცხადებენ, მათ პოლიტიკური მოთხოვნა - „არჩევნები - სასწრაფოდ!“ ყველა პარტიას გადაუგზავნეს და ამის თაობაზე საკონსულტაციო შეხვედრა 10 მაისს იგეგმება.

„ქვეყანაში 1 ოქტომბრიდან განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით, 19 აპრილის  პოლიტიკურმა   თავხედობამ,    პარტია              „თეთრები“, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური ძალა და სერიოზული პოლიტიკოსი, მიიყვანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლად ჩატარების დასკვნამდე. სასიცოცხლოდ მიგვაჩნია  ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებიც,“ - ნათქვამია „თეთრების“ პოლიტიკურ  განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პარტიის თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი.

„თეთრები“ ფიქრობენ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, რადგან დრო არ ითმენს სამი მარტივი რამის გამო:

პირველი - არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ჩასაფრებულის როლში, ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვარის განადგურებას;

მეორე - თუ დამნაშავე პარტია არ გასამართლდება და მიეცემა  დრო  და საშუალება, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ეთანხმება გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას.

„ეს ნიშნავს, რომ... ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას,“ ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს. ამაზე დიდი ბოროტება არ შეიძლება გავუკეთოთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას“ - ნათქვამია განცხადებაში „არჩევნები - სასწრაფოდ!“

მესამე და განსაკუთრებული - საზოგადოებაში არის აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდესაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კონტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

„ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. სამ თვეზე მეტია, მოქალაქეთა გამოხმაურებებიდან და პოლიტიკური დიალოგებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ასე ფიქრობს არა მხოლოდ პარლამენტის გარე, არამედ საპარლამენტო არაერთი პოლიტიკური ძალა. ეს მოსაზრება ძლიერდება არასამთავრობო სექტორში, ექსპერტთა წრეებში და ხალხში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

თემურ შაშიაშვილმა   გადაცემაში   „ახალკაცის მატრიცა“ კომენტარი გააკეთა, ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომ ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა უნდა შეიქმნას.

„მე არ მგონია, რომ საქართველოში უნდა იყოს სამი ცენტრი, თუ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, უნდა იყოს 4-5 ძლიერი პოლიტიკური ძალა. დღეს დაღუპვა იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ახალ ალიანსს შექმნის. ივანიშვილმა უკვე დააწესა არაკონკურენტული პოლიტიკური სივრცე, როცა გარკვეულ პარტიებს დიდი დაფინანსება გამოუყო და გვერდით დაიყენა. ქვეყანაში გაჩნდა სამი ტიპის პოლიტიკური ძალა: გაყოყოჩებულები - ივანიშვილთან ყოფნით, გაბოროტებულები - ვინც მასთან არ იმყოფება და ჩასაფრებულები. სწორედ ეს სამი რამ ღუპავს საქართველოს,“ - აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, პოლიტიკაშიც უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, რისთვისაც სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, უნდა დაწესდეს 50%-იანი ბარიერი.

„მაჟორიტარულ არჩევნებში რომ დაწესებული ყოფილიყო 50%-იანი ბარიერი, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 10%-ზე მეტი არ ექნებოდა, რაც რეალობასთან მიახლოებულ სურათს მოგვცემდა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი საჭირო არ იქნებოდა,“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებში 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე დაიწყო. მაგალითად, ამის თაობაზე წერს გამოცემა          „პრაიმ ტაიმი“ 12 აპრილს გამოქვე-ყნებულ ანალიტიკურ სტატიაში.

„პოლიტიკურ ძალებს ეშინიათ, რომ პოლიტიკას მხოლოდ ორი პარტია -    „ქართული ოცნება“, რესპუბლიკელებთან ერთად და ნაციონალები გაიყოფენ, დანარჩენები კი გარეთ დარჩებიან. და მეორეც, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იმეორებს, რომ მას არა აქვს ხანგრძლივი ინტერესები პოლიტიკაში და რომ, ყველაზე დიდი, ორ წელიწადში დატოვებს პოლიტიკას და საზოგადოებაში გადაინაცვლებს. ანუ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ კონკურენციას. რესპუბლიკელები  გამალებით  ცდილობენ პოზიციების გამაგრებას, ივანიშვილი საკუთარ  პარტიას აწყობს, სხვა  პარტიები კი „ნაციონალების“ სივრცის ათვისებას უმიზნებენ.  ანუ, თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას დღეს ერთი მიზანი ამოძრავებს - დაიშალოს „ნაცმოძრაობა“.

საამისოდ კი აუცილებელ პირობად პარლამენტის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ხდება. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის იგივე ნინო ბურჯანაძის პარტიაში, დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტს მაინც დაშლის და საპრეზიდენტოსთან ერთად საპარლამენტო არჩევნებსაც ჩაატარებს. სჯობს ახლა, ვიდრე ერთი წლის მერე, ადგილობრივი არჩევნების დროს, რადგანაც, როგორც ამიხსნეს, ვენეციის კომისია ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტოს ჩატარებას არასოდეს დასთანხმდება. თუმცა, დავით უსუფაშვილმა ერთხელ, როგორც ჩანს, არცთუ იმდენად შემთხვევით თქვა, რომ ეს პარლამენტი 4 წელი იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ოპოზიცია პარლამენტში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება - დაახლოებით ასეთი იყო მისი ფრაზა. თუმცა, მოვლენების განვითარების სხვა ვერსიასაც ემხრობიან, ივანიშვილი თავად დაშლის პარლამენტს,“ - წერს „პრაიმ ტაიმი“ სტატიაში.

ასე რომ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ოფიციალური პოლიტიკური შეთავაზება „თეთრებმა“ უკვე გააჟღერეს. დაველოდოთ, როგორი პასუხი მოჰყვება ქართული პოლიტიკური სპექტრისგან ამ შეთავაზებას.

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია