დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თუ ვინმეს შენი გამომეტყველება საეჭვოდ მოეჩვენა...
2010/03/09 12:04:00

არასამთავრობო სექტორმა  ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ნარკომომხმარებლებს ბიუჯეტის შევსების მიზნით იყენებს.

ამ აზრს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უფრო ამყარებს, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ კუთხით უკვე რამდენიმე წელია აქტიური საუბარი მიდის. გასული წლის მარტში საქართველოს პარლამენტს ორი კანონპროექტი უნდა განეხილა: ერთი, რომელიც ადგილზე მომზადდა, ხოლო მეორე - არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებული. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე განხილვების და მოსმენის გადადების მიზეზად გასული წლის გაზაფხულზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. „ჩვენ გვინდოდა, რომ პარლამენტში აქტიური მოსმენები და განხილვები ყოფილიყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა ვერ შედგა. ჩვენ უახლოეს ორ კვირაში არასამთავრობო სექტორის მიერ შემოტანილი კანონპროექტის განხილვას დავიწყებთ კომიტეტში. ამ განხილვაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც მოვიწვევთ. იმედია, რაღაც შედეგს მივაღწევთ და კანონი ნარკომომხმარებლების მიმართ უფრო მსუბუქი იქნება,“ - ამბობს იგი.

მანამდე კი, ქუთაისის სინამდვილეში, ნარკომომხმარებლები ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან. მახოს, რომელიც რამდენიმე წელია წამალდამოკიდებულია, სამართალდამცავ სტრუქტურებთან არაერთხელ ჰქონია პრობლემა. „ჩემი გამომეტყველების გამო ხშირად წავუყვანივარ პოლიციელებს და შემოწმება გამივლია. ადრე აქტიურად ვიყენებდი ნარკოტიკს, ეხლა წამალი მაგრად გაძვირდა და როცა ჩამივარდება, მაშინ ვიკეთებ. მიუხედავად ამისა, უკვე ერთხელ 500, ხოლო მერე 1500 ლარით დამაჯარიმეს. რა მექნა, გადავიხადე, მაგათთან საქმის გართულება არ მინდა,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ნარკომომხმარებელი.

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ალექსი შოშიკელაშვილი: „საქართველოში ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ორ შემთხვევაში აყენებენ ადამიანს - სამედიცინო და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნით. ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი       „ნარკორეგისტრაცია“, ვინაიდან შედეგები ორივე შემთხვევაში გვაძლევს კონკრეტული პირების, როგორც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების, რეგისტრირების შესაძლებლობას.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკში, ფაქტობრივად ნარკოტიკების მომხმარებელთა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას ნიშნავს. პირების ნარკორეგისტრაციაზე აყვანა ხდება მათი ნების გარეშე. კანონმდებლობა კი ერთმნიშვნელოვნად არ საუბრობს ნარკოტიკების მომხმარებელთა იძულებითი ზომების გამოყენებით რეგისტრაციაზე აყვანის შესახებ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნარკორეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკში ატარებს იძულებით ხასიათს.

არ ხორციელდება სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად და რაც ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებების დაცვასთან.“

 

***

ის, რომ ვიღაცას შენი გამომეტყველება, ან საქციელი საეჭვოდ მოეჩვენოს, საკმარისია იმისთვის, რომ ნარკოექსპერტიზაზე წარგადგინონ. თუმცა მეორე საკითხია, თუ ვინ არიან ის ექსპერტები, რომლებიც ნარკოლოგიურ შემოწმებას ატარებენ. თბილისში 42 ნარკოექსპერტიდან შესაბამისი სერთიფიკატი მხოლოდ 5-ს აღმოაჩნდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეგიონებშიც ანალოგიური მდგომარეობაა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

პარალელურად კი საქართველოში ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, ნარკოტიკების მომხმარებელთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების სამართალწარმოების პროცესების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხშირად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი და ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული სტანდარტი. აქედან გამომდინარე სახელმწიფო უხეშად ერევა ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი და ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-14 მუხლით გარანტირებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც არავინ შეიძლება დაექვემდებაროს დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით. გარდა ამ მუხლებისა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 37-ე და 17-ე მუხლებიც ირღვევა, თუმცა პარალელურად ირღვევა ევროპისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნები, როდესაც საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში ღირსების შემლახავი და დამამცირებელია. ამავე კონვენციის მე-6 მუხლით კი ირღვევა გარანტირებული სასამართლოს უფლება ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში, სადაც სამართალწარმოების პროცესში დაცვის უფლება სიმბოლურია და ადვოკატი  საპროცესო შეთანხმების შედეგზეა ორიენტირებული.

***

დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს (კონსტიტუციური სამართალი) ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე მუშაობს, ასე მიაჩნია: „დღეს საქართველოში პრობლემაა ნებისმიერი საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ანუ კანონი უნდა იყოს სამართლიანი. ზოგადი განსაზღვრება კი ასეთია, რომ საქართველოში სამართლის უზენაესობა უნდა იყოს და არა კანონის. რადგან კანონი არცთუ იშვიათად აღმოჩენილა უსამართლობის საფუძველი. ამ სფეროშიც ასეთი ვითარება გვაქვს - ჩვენი კანონმდებლობა არის უსამართლო და გამოსასწორებელი. თავისთავად, კანონი ვერც მოსპობს დანაშაულს და ვერც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ადამიანი უფრო დაცული იქნება. მაგრამ სამართლიანი კანონის შემთხვევაში რთულდება კანონის არასწორად გამოყენების შესაძლებლობა. ანუ მას, ვინც კანონს არღვევს, უჩნდება პრობლემები. ამიტომ ძალინ მნიშვნელოვანია, გვქონდეს სამართლიანი კანონმდებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს საქმე იმ შემთხვევებთან, როდესაც კანონის აღსრულებაშია დიდი პრობლემები. არსებული კანონმდებლობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გამოიყენოს კანონის ნორმა გარკვეული კატეგორიის პირთა შანტაჟისთვის. ძალიან გავრცელებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა (ვინც აღრიცხვაზეა, ვისაც ჰქონდა მისჯილი პირობითი სასჯელი...) გამოყენება არჩევნების დროს. დღეს ეს პროცესი უკვე დაწყებულია.  აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ხელს კორუფციას უწყობენ. ან ქმნიან კორუფციული გარიგების წინაპირობას. ასეთმა ნორმამ შეიძლება გამოიწვიოს არაკანონიერი და დანაშაულებრივი მოქმედებები. ერთ-ერთი ასეთი ნორმა გახლავთ ის, რომ ნარკოტიკების მოხმარება დღეს სისხლის სამართლის დანაშაულია.“ ზიანის შემცირების ქსელის მიერ მომზადებული კანონპროექტის აქსიომა ნარკოტიკების მომხმარებლის ავადმყოფად აღიარებაა.  ამ კანონპროექტის მომზადების დროს 4 კანონში იქნა შეტანილი ცვლილება. მათ შორის - ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ კანონი (რაც ეხება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებებით ნივთიერებების დამზადებას, შენახვას, მიღებას და ასე შემდეგ), სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში. სპეციალისტები კანონებში ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც კანონებში იქნება გაწერილი. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით: „აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლების ნებას, შეასრულოს ეს კანონი, ან არ შეასრულოს, ხოლო ხელისუფლების ნებაზე შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს მხოლოდ ფართო საზოგადოებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მისცემს თავის თავს იმის გაკეთების უფლებას, რისი გაკეთების საშუალებასაც მისცემს საზოგადოება.“

 

***

ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ნარკოლოგიური დახმარებისათვის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები უფასო ნარკოლოგიური პროგრამების გაფართოებას ითხოვენ, სადაც ანონიმურად მოხდება წამალდამოკიდებულთა მკურნალობა. პარალელურად კი პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვენ, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაწყებულიყო. ამჯერად კანონპროექტის აქტიური განხილვის დაწყების პირობა თავად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დადო. რამდენად მისაღები იქნება განსახორციელებელი ცვლილებები სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, ამ საკითხზე კომენტარს არავინ აკეთებს. თუმცა ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო ნარკომომხმარებლებიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ „ნაკლებ შემოსავალს“ მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია