ქუთაისის მერიის კონტროლის განყოფილების უფროსმა, კობა გაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივმა ლიდერმა ნატო ქათამაძემ და საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა მამუკა მღვდელაძემ მერიის წინააღმდეგ არაკომპეტენტური განცხადებები გააკეთეს.
მისი თქმით, ბიუჯეტს, რომელსაც მერია განკარგავს, თავად საკრებულო ამტკიცებს, რომლის წევრიც მამუკა მღვდელაძეცაა. მისივე თქმით, ქუთაისის მთავრობა მზად არის, ყველა ბრალდებას უპასუხოს ნებისმიერი ფორმატით. მედიის წარმომადგენლებს კი მოუწოდა, მოხდეს ყველა შეხვედრის ტელევიზიით გაშუქება. ბიუჯეტის განხილვა, ქუთაისის მერიის კონტროლის განყოფილების უფროსის დაპირებით, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო ქათამაძემ და მამუკა მღვდელაძემ ქუთაისის მერია ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.