დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაემუქრა მერია ქუთაისის მოსახლეობას?
2013/03/11 12:48:43

გასული კვირა ქუთაისში აქციების სიმრავლით გამოირჩეოდა. მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს თემურ ცამციშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების და თანხების გაფლანგვის გამო, პროკურატურამ ბრალი 182-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ცამციშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში არაერთი აქცია გაიმართა.

 

 

4 მარტს სპორტის სასახლეში აქცია ქუთაისელმა ტიტულოვანმა სპორტსმენებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გამართეს. აქცია სოლიდარობის ხასიათს ატარებდა და მასში ის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომელთაც წლების მანძილზე მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან საქმიანი თანამშრომლობა ჰქონდათ და რომელთაც ერთობლივად არაერთი სპორტული პროექტი განახორციელეს.

დათო უსტიაშვილი, საკალათბურთო გუნდ „ქუთაისი 2000“-ის მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა და თანადგომა თემურ ცამციშვილს, ჩვენს ქალაქში კალათბურთი არ იყო წლების მანძილზე. ახლა რომ არის და ამდენი მაყურებელი ჰყავს, ეს სწორედ თემურ ცამციშვილის დამსახურებაა.“

ნინი უჩაძე, საქართველოს ნაკრების წევრი ტყვიის სროლაში: „სპორტის სასახლეში მთელი ქალაქის სპორტული საზოგადოება შეიკრიბა, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ თემურ ცამციშცილს, ვინაიდან შემიძლია იმის თქმა, რომ თემური ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა და ყველაფერს აკეთებდა, რომ სპორტსმენებს მაღალი შედეგები ჰქონოდათ, ყველას მხარში ედგა, ვინც იმსახურებდა.“

თუმცა მხარდასაჭერ აქციაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. უბრალოდ, მათ დაურეკეს და სპორტის სასახლეში მისვლა სთხოვეს. რესპონდენტებმა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს.

იმავე დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს მერიის, მუნიციპალიტეტების და სხვა სამსახურების თანამშრომლებმა. აქციის დევიზი იყო „კარგი მთავრობა თვითმმართველობების საქმეში არ ერევა“.  მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის მხრიდან თვითმმართველობებზე გაძლიერებული ზეწოლის შეწყვეტას და კონკრეტულად კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაც დაკითხვებით და პროკურატურაში დაბარებებით გამოიხატება. როგორც ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე აცხადებდა, თუკი მთავრობა არ შეწყვეტს მერიის თანამშრომელთა დაკითხვას, ისინი იძულებული იქნებიან, პროტესტის ნიშნად რადიკალურ ზომებს მიმართონ, გაიფიცონ, ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით შეწყვიტონ დასუფთავების, სახანძროს და მასთან დაქვემდებარებული სერვისების მომსახურება, რისთვისაც მოსახლეობას წინასწარ უბოდიშებდნენ.

თუმცა აქციაზე იყვნენ ისეთი რიგითი ქუთაისელებიც, რომლებიც, თავის მხრივ, ადმინისტრაციული შენობის თანამშრომელთა მრავალწლიან უმოქმედობას აპროტესტებდნენ და გაკვირვებას გამოხატავდნენ, მერიის თანამშრომლები რა უფლებების შეზღუდვაზე საუბრობდნენ.

ქუთაისის   საკრებულოს    ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე, მერიის თანამშრომელთა გამაფრთხილებელ აქციას გამოეხმაურა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულთა აქციაზე მიყვანის ფორმა გააპროტესტა.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ აქციას და შევაფასო ძალიან უარყოფითად. ის ფაქტი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აიძულებს, შეუერთდეს აქციას, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამ აქციის შინაარსს. მე შინაარსზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მართლა სულით და გულით მოვიდნენ აქციაზე, მაგრამ გვირეკავდნენ ბაღებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, დასუფთავებიდან და გვეუბნებოდნენ, რომ მათ აიძულებენ აქციაზე მისვლას. ეს არ არის კარგი ფორმა! ვისაც აქვს სურვილი, ის თავისი ნებითაც მივა, მაგრამ, როდესაც იძულების წესით ყოფ საზოგადოებას და მას აკავშირებ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის ცუდი ფაქტი. მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტონ სახელმწიფო რესურსების მავნედ გამოყენება, მოსახლეობას კი მივმართავ, ნუ იქნებიან ტერორის და შიშის ქვეშ, ვინაიდან მათ ამის დაძლევის საშუალება აქვთ,“ - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ. 

აქციები ამით არ დასრულებულა. 5 მარტს ცამციშვილის მხარდასაჭერად აქცია „ბრალდებულია ქუთაისის სიყვარულისთვის“ და იმიტირებული სასამართლო პროცესი იმ ახალგაზრდებმა გამართეს, რომლებსაც მერიის კულტურის სამსახურის მიერ ჩატარებულ არაერთ პროექტში მიუღიათ მონაწილეობა. იმიტირებულ პროცესზე გაიხსენეს კულტურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები: „მე მიყვარს ქუთაისი“, „ორმაისობა-ქუთაისობა“, „თეატრალური ფესტივალი“, „ბანაკი სულორი“. აქციის ორგანიზატორების აზრით, თემურ ცამციშვილს ბრალი მათ განხორციელებაში დასდეს. აღსანიშნავია ის, რომ იმიტირებულ პროცესზე ბრალდებულისათვის განაჩენი არ გამოუტანიათ - როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ქუთაისის სიყვარულისთვის ჯერ არავინ გაუსამართლებიათ. აქციის ფარგლებში ასევე შეგროვდა ხელმოწერები, რომელიც ცამციშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოსამართლეს გადასცეს და მხარდაჭერა სთხოვეს.

ახალგაზრდების ხელმოწერების თუ რიგ მიზეზთა გამო, სასამართლომ კულტურის სამსახურის უფროსს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ცამციშვილისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ქუთაისის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს კვლავ ძველი ხელმძღვანელი ჰყავს.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომელთა აქციას, სადაც მერმა შესაძლო გაფიცვა დააანონსა, ორდღიანი დაგვიანებით გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობებისათვის“. როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ  ხურციძემ  განაცხადა: „მერია, ფაქტობრივად, დაემუქრა მოსახლეობას, თუკი მთავრობა მათ წარმომადგენლებზე ზეწოლას არ შეწყვეტს, ისინი შეწყვეტენ მოსახლეობისათვის ყოველგვარი სერვისის მიწოდებას და მთელი ქალაქის პარალიზებას მოახდენენ. ამით მათ კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მთელი რიგი სამართალდარღვევები და კრიმინალი არსებობს. რომ არ ეშინოდეთ, პირიქით მოუწოდებენ სამართალდამცავებს შემოწმებისკენ. ამიტომ მათი განცხადება მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ.“

ქუთაისის თვითმმართველობებში პრემიების გაცემის ტრადიცია კი მიმდინარე წელს პირველად სარვამარტოდ შესრულდა. თვითმმართველობებში დასაქმებულთათვის, რვა მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემიების გაცემის ბრძანება ქუთაისის საკრებულომ გამოსცა. სარვამარტოდ 200 ლარიანი პრემია 24 ქალბატონმა მიიღო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია