დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მასწავლებელთა სახლი“ მოსწავლეთა საფრთხე
2013/02/18 12:44:40

რატომ არ ადარდებს ქუთაისის მერიას საეჭვო ვითარებაში დამწვარი შენობა?

მაშინ, როდესაც ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ქუთაისის რეაბილიტირებული უბნის შელამაზებული ფასადებით იწონებდა თავს, მრავალგზის საზეიმოდ გახსნილი ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის გვერდით მდებარე „მასწავლებელთა სახლი“ კვლავ იმ მდგომარეობაში იყო, როგორადაც 2009 წელს გაჩენილი ხანძრის შემდეგ დარჩა. ასეა დღესაც. თუმცა ის განსხვავებაა, რომ აქამდე საახალწლო საჩუქარივით საგულდაგულოდ და თვალის ასახვევად შეფუთულ შენობას „ქუთაისურმა ქარებმა“ დამცავი ბადე შემოახიეს და ქალაქის შუაგულში ნაომარი იერით დატოვეს. თუმცა გარეგნულ იერსახეზეც რომ არ ვისაუბროთ, თავად შენობის კედლები წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს გამვლელთათვის, ვინაიდან ნანგრევებად ქცეული შენობის კედლებიდან ხშირად ცვივა კენჭები და დამწვარი ფიცრის ნაწილები. მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ იქვე, მოპირდაპირე მხარეს, ქალაქის №1 საჯარო სკოლაა, არცთუ შორს კი - მესამე საჯარო სკოლა და ამ ტერიტორიაზე ყოველდღიურად უამრავი ბავშვი მოძრაობს. მართლაც პარადოქსულია ის ფაქტი, რომ „მასწავლებელთა სახლი“ დღეს მოსწავლეთა საფრთხედაა ქცეული.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, საერთოდაც, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი და ვის საკუთრებაშია შენობა? - დღესაც ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. 

გამოძიების არასწორ მიმდინარეობასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ შემოტევაზე საუბრობს ყოფილი „მასწავლებელთა სახლის“ დირექტორი მარიკა მარუაშვილი:

- „მასწავლებელთა სახლი“ მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან არსებობდა. საბჭოთა და შემდგომ პერიოდშიც ის იყო არა სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი, არამედ - საზოგადო ორგანიზაცია. ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები, მაგრამ ვირიცხებოდით განათლების პროფკავშირების უწყებაში და ყველა გადასახადს თბილისში ვიხდიდით. იმ დროისათვის 42000 წიგნი იყო ჩვენს ბიბლიოთეკაში, 800 მოსწავლე გვყავდა და მრავალი საგნობრივი თუ მხატვრული წრე გვქონდა. მიუხედავად ჩვენი საქმიანობისა და სახლის არსებობის აუცილებლობისა, ხშირად იყო შემოტევები იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლებიდან. მოდიოდნენ, შენობას ათვალიერებდნენ. ერთხელაც მაშინდელი ვიცე-მერის გამოგზავნილი პირები მოვიდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი შენობით თურქები იყვნენ დაინტერესებული და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გაკეთებას გეგმავდნენ. გავბრაზდი და დავაბარე: „გეყოფა, რაც გაისქელე ჯიბეები და მასწავლებელთა სახლს აღარ ჩაგანთქმევინებ-მეთქი!“ ვხვდებოდი, რომ თავს არ დაგვანებებდნენ, ამიტომ თვითონ მოვიძიე დიდი ხნის დაკეტილი შენობები და გუბერნატორს, ჩოგოვაძეს ვთხოვე, რომ იქ გადავეყვანეთ, მაგრამ უარით გამომისტუმრა და მითხრა, რომ ის შენობები მას სჭირდებოდა.

ხანძრის გაჩენამდე, რამდენიმე დღით ადრე, ისევ მოვიდნენ, ამჯერად - უსაფრთხოების სამსახურიდან და სხვენში ასვლის უფლება გვთხოვეს. ვეჭვობ, რომ მაშინ შეარჩიეს ადგილი, საიდან შეიძლებოდა ცეცხლის გაჩენა.

„მასწავლებელთა სახლის“ წინააღმდეგ არსებულ შემოტევებზე საუბრობს, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“-ს პრეზიდენტი, ამბერკ დვალიშვილი, რომელიც ამ შენობის პირველი სართულის მფლობელია:

„იმ დროს ჩვენთან არავინ მოსულა, მაგრამ ვიცი, რომ „მასწავლებელთა სახლის“ თანამშრომლებს ხშირად აწუხებდნენ. მაშინ ქალბატონმა მარიკამ ბევრი იბრძოლა. რომ არა მისი თავდადება, შენობიდან მეც მალე გამომიშვებდნენ. იმ დროს კი შეჩერდნენ, თუმცა მაქვს ინფორმაცია, ოქტომბრის არჩევნებში ყოფილ ხელისუფლებას რომ გაემარჯვა, ჩვენთვისაც აპირებდნენ საკუთრების ჩამორთმევას. უფრო მეტიც - მერიაში მიტანილი იყო სია იმ შენობებისა და საწარმოებისა, რომელთა მისაკუთრებაც ჰქონდათ გადაწყვეტილი.

არაერთხელ მივმართე მერიას წერილობით თუ სიტყვიერად, რომ შენობის პირველი სართულის გადახურვის უფლება მოეცათ, რაც იმ დროისათვის შესაძლებელი იყო, და ჩვენ მუშაობას გავაგრძელებდით. ერთი თვის წინაც მივმართე, მაგრამ - უშედეგოდ. თქვენ წარმოიდგინეთ, მერიაში ახლა მეტი თავისუფლება აქვთ, ადრე ცენტრალური ხელისუფლების უნებართვოდ ვერ მოქმედებდნენ, მაგრამ ახლა იქ მეტი განუკითხაობაა. საინტერესოა, თუკი შენობაზე მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ჩემი მმართველობის პასუხად რატომ არ მაცნობეს ამის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროზე რატომ არ გადამამისამართეს?

 

შემთხვევითობა თუ კარგად აპრობირებული მეთოდი? 

იმ პერიოდში ქუთაისელებმა ჩუმად დაიწყეს საუბარი ქალაქში ზედიზედ გაჩენილ ხანძრებზე. ერთმანეთის მიყოლებით დაიწვა არაერთი მნიშვნელოვანი შენობა - ეს, უბრალოდ, უბედურ შემთხვევათა დამთხვევა იყო, თუ კარგად აპრობირებული მეთოდი სასურველი ობიექტების დასასაკუთრებლად?

„მასწავლებელთა სახლში“ ცეცხლის შემთხვევით გაჩენის ოფიციალურ ვერსიას მარიკა მარუაშვილი არ ეთანხმება. იგი ხანძრის დღეს იხსენებს:

„ჩვევად მქონდა, შენობიდან გასვლის წინ ყველაფერი შემემოწმებინა, ჩართული რომ არაფერი დარჩენილიყო. იმ დღესაც ასე მოვიქეცი, დარაჯს მითითებები მივეცი და წავედი. შემდეგ, როგორც კი დამირეკეს და ხანძრის შესახებ მაცნობეს, მაშინვე მოვედი. უამრავი ხალხი იყო  შეკრებილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მოსულნი. ცეცხლს კი ერთი სახანძრო ებრძოდა. ვიკითხე, სად იყვნენ დანარჩენი მანქანები, რაზეც იმჟამინდელმა მერმა მიპასუხა: გამოვიძახეთ და საჩხერიდან და ხონიდან მოდიანო. შეუძლებელი იყო, მათ მოესწროთ. ვიდრე ცეცხლი მთელ შენობას მოედებოდა, შეგვეძლო, რამდენიმე ნივთი მაინც გადაგვერჩინა, მაგრამ უფლება არ მოგვცეს. მომდევნო დღეებში კი ყველაფერი გაიტანეს შენობიდან, მათ შორის - ცეცხლგამძლე სეიფები, სადაც საბუთებს ვინახავდით. მიმდინარეობდა გამოძიება, რამაც დაადგინა, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან არ გაჩენილა. ეს შეუძლებელიც კი იყო, რადგან მთელი შენობის გაყვანილობა რკინის მილებში გვქონდა ჩასმული.“

ამბერკ დვალიშვილი: „მეც ვეთანხმები, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა. იყო მრავალი ფაქტი, რომელიც ეჭვს ბადებდა: თუნდაც, მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანა! მისი წასვლის შემდეგ, ჩემი ხარჯებით მოვიყვანე მუშები ცეცხლის ჩასაქრობად და დარჩენილი შენობის გადასარჩენად, მაგრამ მერიის წარმომადგენელი მოვიდა და გვითხრა, რომ ხელი არაფრისათვის გვეხლო, ვინაიდან თურმე ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ. შელაპარაკებაც კი მოგვივიდა. შემდეგ წიგნები მთელი ერთი კვირა იწვოდა.“

„მასწავლებელთა სახლში“ გაჩენილ ხანძარს, სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დარაჯი იმ დროს შენობაში იმყოფებოდა...

როგორც მარიკა მარუაშვილი იხსენებს, იმ დროისათვის იყვნენ მოწმეები, რომელთაც დაუნახავთ, როგორ მივიდა ხანძრის გაჩენის ღამეს შენობასთან ორი პიროვნება, დარაჯს ცეცხლის შესახებ აცნობეს და შენობაში შესვლა მოითხოვეს. მოგვიანებით ის ორი პიროვნება გამოვიდა შენობიდან, თვითონ ოთარ გაბრიაძე კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

მარიკა მარუაშვილი: „ყველაზე დიდი დანაკარგი არც შენობა იყო და არც რომელიმე ნივთი, უდიდესი ტრაგედია მაშინ დაგვატყდა თავს, როდესაც ოთარის დაწვის ამბავი გვაცნობეს. იქამდე კი, შენობასთან მოსვლისას, პირველ რიგში, ჩვენი დარაჯი მოვიკითხე, რაზედაც მიპასუხეს, რომ თურმე ოთარი პატრულმა წაიყვანა დასაკითხად. დავმშვიდდი, მაგრამ, რომ დააგვიანდა, ისევ მოვიძიე. ამჯერად  ქალაქის  მერმა   მიპასუხა:    „როგორც გავიგე, თქვენს დარაჯს ბიძაშვილმა მოაკითხა და წაიყვანაო“. გამიკვირდა, რადგან მას ქალაქში არცერთი ნათესავი არ ჰყავდა. მეორე დღეს კი მისი დაწვის ამბავი მაცნობეს.“

„მასწავლებელთა სახლის“ დირექტორი შენობის საბუთების გაყალბებასა და მათთვის შენობის ჩამორთმევაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ 2008 წლის ნოემბერში მას ქონების მართვის სააგენტოდან მიაკითხეს და საბუთების ასლი გამოართვეს, შენობის დაწვის შემდეგ კი, როდესაც საჯარო რეესტრში საბუთების ასლის გამოსათხოვად მივიდა, აღმოაჩინა, რომ შენობა მათ საკუთრებაში აღარ იყო და, 2008 წლის 29 მარტს გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, „მასწავლებელთა სახლი“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. „ჩვენი თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო შენობის გასხვისება და გაყიდვა, მაგრამ, ბრძოლის მიუხედავად, სამართალი ვერ აღვადგინეთ. არამარტო ჩვენი საკუთრებით იყვნენ დაინტერესებულნი, არამედ, ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, ისედაც გვებრძოდნენ. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მიერ ქუთაისში ე.წ. „მასწავლებელთა სახლის“ გახსნისას ჩვენ არავის გავხსენებივართ,“ - აღნიშნავს მარიკა მარუაშვილი.

 

***

რედაქცია  დაუკავშირდა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსაც“, რომლის ბალანსზე იმყოფებოდა „მასწავლებელთა სახლი“  წლების განმავლობაში და რომლის თანხმობის გარეშეც, უკანონოდ მოხდა მისი გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.

„პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია კობახიძემ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა: „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ  წინა ხელისუფლების პერიოდში, ბოლო ორი წლის მანძილზე, უმძიმესი კრიზისი გადაიტანა, რის გამოც ძლივს შევძელით, დაგვეცვა ჩვენს ბალანსზე არსებული შენობები, გადაგვეხადა შესაბამისი გადასახადები და ეს მაინც მოვახერხეთ. სამწუხაროდ, ამ ორი წლის მანძილზე ყურადღების გარეშე დაგვრჩა ქუთაისში „მასწავლებელთა სახლი“, რომელიც სადავოა და სასამართლოს გზით უნდა მოხდეს ჩვენი საკუთრების დაბრუნება.  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ არამხოლოდ  კანონიერად   გავამყაროთ ქუთაისის  „მასწავლებელთა   სახლის“ კუთვნილების საკითხი, არამედ, შემდგომ ვიზრუნებთ შენობის განახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის.“

 

***

იმის გასარკვევად, თუ ვინაა პასუხისმგებელი ავარიული შენობისაგან მომდინარე საფრთხეზე, ქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ვასილ მებურიშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ქეთი დეისაძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ „მასწავლებელთა სახლის“ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და, შესაბამისად, მერიაში ამასთან დაკავშირებულ ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიპასუხებდნენ.

დავუშვათ, შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, რატომ არ დაინტერესდა და რატომ არ მოითხოვა ქალაქის მერიამ ცენტრში, ორი საჯარო სკოლის და თავად ადმინისტრაციული შენობის მახლობლად მდებარე, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობის სასწრაფო რეაბილიტაცია, ან დემონტაჟი? რატომ არ გახსენებიათ ქუთაისელთა სიყვარულით გულანთებულ პოლიტიკოსებს ის, რომ ნანგრევებად ქცეული შენობა უდიდეს საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს?          

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია