დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი სკანდალი ახალაიასთან დაკავშირებით
2012/11/19 12:18:01

ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრალდებას კიდევ ახალი ეპიზოდები დაემატა. თუმცა ყველაზე მწვავე გამოხმაურება მაინც ბრალდებულის მე-7 საპყრობილეში გადაყვანას მოჰყვა, სადაც ე.წ. „კანონიერი ქურდები“ იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ  სუბარი  ხმამაღლა აცხადებს, რომ ახალაიას უსაფრთხოება დაცულია, ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები და მეგობრები მინისტრის სიტყვას მაინცდამაინც არ ენდობიან.

 

„2012 წლის 14 ნოემბერს, ბრალდებული ბაჩანა ახალაია, ?8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  გადაიყვანეს... ბრალდებულის ეტაპირება მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა.

№7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასჯელს 35 პატიმარი იხდის, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოთავსებულია ოთხ ადგილიან  საკანში. ამასთანავე, სივრცე  სრულიად იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან, რათა ბრალდებულმა თავისუფლად და უსაფრთხოდ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული გასეირნების უფლება. მისი უსაფრთხოება, 24 საათიან რეჟიმში, უზრუნველყოფილია დაცვისა და სათვალთვალო კამერების საშუალებით.

 ბრალდებულის მონახულების საშუალება აქვთ სამუშაო საათებში ადვოკატებს, ხოლო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სახალხო დამცველის აპარატის და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს,“ - ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაში.

„გრძელვადიან პერიოდში უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ თავს, როდესაც ქურდებისგან 20 მეტრში იმყოფები“ - აცხადებს თავად პატიმარი. მისი თქმით, მართალია, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულების სამარტოო საკანშია მოთავსებული და ფლიგელში, მის გარდა, სხვა პატიმრები არ იმყოფებიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, აღნიშნულ დაწესებულებაში მისი გადაყვანა უფრო ცინიზმია, ვიდრე - უსაფრთხოების დაცვა. მეტიც, თუ ვინმეს მისი უსაფრთხოების დაცვა სურდა, ე.წ. მატროსოვის ციხეში (სადაც ყოფილი თანამშრომლები იხდიან სასჯელს) უნდა გადაეყვანათ და არა ?7 დაწესებულებაში.

ახალაიას მე-7 საპყრობილეში გადაყვანას ეწინააღმდეგებიან  ახალაიას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და უფლებადამცველების ერთი ნაწილიც კი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ცინიზმად მიიჩნევენ  ბაჩო ახალაიას გადაყვანას იმ დაწესებულებაში, სადაც ე.წ. „კანონიერი ქურდები“ იხდიან სასჯელს. დაცვის მხარე „ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე“ საუბრობს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი აკაკი მინაშვილი, რომელსაც, პარლამენტის თავმჯდომარის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის „მონახულების შეუზღუდავი უფლება 2 კვირის ვადით“ მიენიჭა, ბაჩო ახალაიას ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ყოფნას ადასტურებს, თუმცა სხვა საპყრობილეში მის გადაყვანას მაინც ელოდება:

„ჩვენი გუშინდელი მოწოდების შემდეგ მივიღეთ პასუხი და მანამ, სანამ ბაჩო ახალაიას გადაიყვანენ სხვა საპყრობილეში, - როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა თქვა, რამდენიმე დღეში მოხდება მისი გადაყვანა, - მე ბაჩოსთან შევალ ძალიან ხშირად და იმედი მაქვს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი თავის პირობას არ დაარღვევს.“

„მე მსგავსი დაპირება არავისთვის მიმიცია“, - ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი; თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მოგვარების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ მართლაც მოხდეს ბაჩო ახალაიას გადაყვანა ე.წ. „მატროსოვის ციხეში“.

„მატროსოვზე არსებობდა გარკვეული ინფორმაციები, რომელთა მიხედვითაც გამოძიებისთვის არ იყო სასურველი იმ ვითარებაში (ბაჩო ახალაიას) იქ გადაყვანა. ამ საფრთხეებს მოვხსნით ამ დღეებში და შემდეგ, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნება გადაყვანაც და დატოვებაც. სულ ვამბობ, რომ ვიხელმძღვანელე არა ვიღაცის ზეწოლით, ან ყვირილით, არამედ - საღი აზრით. თუკი საღი აზრი მოითხოვს, რომ მატროსოვზე გადაყვანა უკეთესია, ბუნებრივია, გადავიყვანთ. ამაზე არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ - აცხადებს მინისტრი.

 სოზარ სუბარი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ „მატროსოვის ციხეში“ არსებული პრობლემები, ძირითადად, საპყრობილის იმ ძველ თანამშრომლებს უკავშირდება, რომლებიც, შესაძლოა, აგრესიულად იყვნენ განწყობილი ბაჩო ახალაიას მიმართ.

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მოთავსებული ბაჩო ახალაია  მოინახულეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა. ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ საპატიმროს იმ ნაწილში, სადაც ამჟამად ყოფილი მინისტრი იმყოფება, სხვა მსჯავრდებულები მართლაც არ არიან.  ზურიაშვილის თქმით, მესამე სართულის მარჯვენა დერეფანში მხოლოდ ბაჩო ახალაია იმყოფება და თავად პატიმარიც  ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მისი უსაფრთხოება გარანტირებულია.

„ბაჩო ახალაიას მიაჩნია, რომ ამჟამად მისი უფლებები დაცულია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს, შესაძლოა, ასე აღარ იყოს,“ - ამბობს ნინო ზურიაშვილი. მისივე ცნობით, ახალაია მის მოთავსებას იმ დაწესებულებაში, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები იმყოფებიან, ცინიზმად აფასებს, რადგან მიიჩნევს, რომ მთელი ცხოვრება სწორედ მათ ებრძოდა.

„ბაჩანა ახალაიას იზოლაცია მოხდა მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინტერესებს არანაირად არ უარყოფს თავად. იყო საუბარი, რომ „მატროსოვზე“ გადაეყვანათ, მაგრამ ის არ არის ჩაკეტილი ზონა, პატიმრები გარეთ არიან და შეიძლება მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ბაჩანა ახალაიას მიმართ,“ - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა.

მისივე თქმით, ერთია ახალაიას ფიგურის გამოყენება რეკლამის თვალსაზრისით,  ხმამაღალი განცხადებებისთვის,  მაგრამ მეორეა - უნდა კი მას ეს?! „ამ კუთხით ახალაია  ადეკვატურია და თვლის, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც გისოსებს გარეთ ხდება, მის საწინააღმდეგოდ მუშაობს ამჯერად,“ - ამბობს მინისტრის მრჩეველი.

ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, სასჯელაღსრულების №7 დაწესებულება ნამდვილად უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ე.წ. კანონიერი ქურდები სხედან, ვინაიდან მათ არავინ მიუშვებს ბაჩო ახალიასთან; არც თვითონ მივლენ მასთან, ეს გამორიცხულია. სამაგიეროდ, ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ საფრთხე მოდის ზუსტად იმავე ნაციონალებისგან. მით უმეტეს, რომ ნაციონალების მიერ განწირული არაერთი ადამიანი გვინახავს. აქედან გამომდინარე, ადვოკატი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ნაციონალები ახალაიასთან შესვლის შეუზღუდავ ლიმიტს ითხოვენ.

„მე თუ მკითხავთ, სოზარმა კატეგორიულად უნდა შეუზღუდოს ლიმიტი, მათ შორის - მონიტორინგის ჯგუფსაც; თითოეული ადამიანი უნდა იყოს აღრიცხვაზე, რადგან, არ არის გამორიცხული, ბაჩო ახალაია მართლა მოიშორონ ნაციონალებმა და მერე განაცხადონ, რომ ეს თურმე გააკეთა  „ქართულმა ოცნებამ“ ან ახალმა ხელისუფლებამ. ბევრი გვინახავს მათ მიერ მოცილებული ხალხი და ერთი კითხვა მაქვს ნაციონალებთან: ოქრუაშვილი რომ გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში, ეს რას ნიშნავდა? დაპატიმრების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი სწორედ მანდ ჰყავდათ გადაყვანილი. ნუთუ მაშინ არ ხდებოდა ზეწოლა? ირაკლი ოქრუაშვილი არ ებრძოდა ქურდებს? ეს ის ხალხი არ არის, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილს და კიდევ ვიღაცებს ციხის კარები გაუღეს, რომ მართლა რამე მომხდარიყო?!“ - ამბობს ლალი აფციაური for.ge-სთან საუბრის დროს.

„ამ ათასობით პატიმრისთვის ბაჩო ახალაია ხელმისაწვდომი რომც არ იყოს (და, რა თქმა უნდა, არ იქნება ხელმისაწვდომი), მარტო ხმაურით, მარტო პროტესტის გამოხატვით და თუნდაც აჟიოტაჟით შეუძლიათ ამ პატიმრებს, დეზორგანიზაცია შეიტანონ მთლიანი დაწესებულების ფუნქციონირებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ მისი უსაფრთხოებისა და იზოლაციისთვის... ნაციონალური მოძრაობიდან ვიღაცას უთქვამს, გამოდის, ქურდები სადაც არიან, ყველაზე დაცული ის ციხე ყოფილაო. დიახ, საპყრობილეში, სადაც ყველაზე მძიმე დამნაშავეებად მიჩნეული ქურდები სხედან, ყველაზე მეტი უსაფრთხოებაა დაცული,“ - თვლის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი გელა ნიკოლაიშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია