დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაღის გამგე ციხეში
2012/11/19 12:15:24

როგორ დაუფასეს ამაგი ქუთაისელმა ჩინოვნიკებმა ნაციონალური ხელისუფლების მხარდამჭერ პედაგოგს

ეს ქალბატონი ქუთაისის №24 ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე მზია სანაძეა; ადამიანი, რომელიც 33 წლის მანძილზე უანგაროდ ზრდიდა თაობებს და, იმის ნაცვლად, რომ ხანდაზმულობისას საკუთარი ნამოღვაწარით ეამაყა, ნაციონალური ხელისუფლებისაგან გამეტებული (რომლის ერთ-ერთ მხარდამჭერსაც თავად წარმოადგენდა), არც მეტი - არც ნაკლები, ციხეში აღმოჩნდა! დღეს ის პროლეტარია, პატივგების სანაცვლოდ - სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და, სხვა შეჭირვებულთა მსგავსად, „მადლიერების სახლის“ ხიზანი და პრობაციონერია.

ყველაფერი კი იმ ავბედით დღეს თუ ღამეს დაიგეგმა, 2010 წლის მიწურულში, როცა თავისი ავანტიურისტული გამოხტომებით ცნობილმა ქუთაისელმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, ქართული ნაციონალური იდეოლოგიის გასამყარებლად, ბაღის გამგეების წმენდა მოეწყოთ...

- როცა ეს ინფორმაცია მერიის კედლებს გამოსცდა და ჩემს ყურამდის მოაღწია, ამბის მომტანს არ  დავუჯერე, - იხსენებს ქალბატონი მზია ჩვენთან საუბრისას, - იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, ვისაც ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული ნაციონალებისა სჯეროდა და როცა გიორგი თევდორაძე ქალაქის მერად აირჩიეს, სახალხოდ ვუთხარი კიდეც: ბატონო გიორგი, სკამი კი არ უნდა ამშვენებდეს ადამიანს, ადამიანი უნდა ამშვენებდეს სკამს-მეთქი. და მან მიიღო ეს კომპლიმენტი. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ის ქალაქის სანიმუშო მერი გახლდათ. გარეგნულად, თავადაც ცდილობდა, ასეთად ჩვენებოდა საზოგადოებას.

მართალია, ჩვენი ოჯახის გზა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ როცა მამაჩემს - ქალაქში ცნობილ ლექტორსა და პროფესორ კაცს, გივი სანაძეს, იმ ნაგინებმა საბჭოთა ხელისუფლებამ პედაგოგიური ღვაწლი და დამსახურება დაუფასა და ჭავჭავაძის გამზირზე ცხრაოთახიანი ბინა მისცეს საცხოვრებლად (შემდეგში - შენობის გარეთა კედელზე მემორიალური წარწერით: „ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება გივი სანაძე“), ვთვლიდი, რომ ხელისუფლება ოდესმე მისი შვილის ნამოღვაწარსაც დააფასებდა და დაინახავდა. იმიტომ, რომ 1986 წლიდან დაწყებული, მუდმივად პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი...

და ქალბატონმა მზიამ თავისი ამბავი გვიამბო.

 

ყველაფერი ასე დაიწყო...

2007 წლამდე ქალაქის №9 საბავშვო ბაღის დირექტორად ვითვლებოდი. ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ბაღი 2007 წელს გააუქმეს, - როგორც თავად ბრძანებდნენ, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით.

მართალია, ბავშვთა კონტინგენტი არ გახლდათ დიდი, 90 აღსაზრდელი გვყავდა, მაგრამ 90 ბავშვი გაცილებით იოლი მოსავლელია, ვიდრე ოთხასი და ხუთასი! თანაც, არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საბავშვო ბაღი შეიძლებოდა შეემცირებინათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფართის ნახევარი მაინც ეჭირათ დევნილებს.

მე, როგორც 20 წლის დამსახურებისა და სტაჟის მქონე პედაგოგსა და დირექტორს, მიცნობდა ქალაქის ძველი და ახალი ხელმძღვანელობა. მათაც შესანიშნავად იცოდნენ პრეზიდენტის განკარგულება იმის შესახებ, რომ პედაგოგს არ უნდა დაეტოვებინა სკოლა, თუ მან იცოდა ინგლისური ენა. მე ვარ ინგლისური ენის მცოდნე და წლების მანძილზე ჩემს პატარებს სრულიად უსასყიდლოდ, უფასოდ ვუტარებდი ინგლისური ენის გაკვეთილებს, ვუყალიბებდი მათ ჩვევებს. გარდა ამისა, ვარ ლოგოპედი და ასევე ხელფასის გარეშე ვასწავლიდი ჩემს აღსაზრდელებს მეტყველების კულტურას. მაგრამ ყველა ჩემი ღირსება და დამსახურება ერთი ხელის მოსმით იქნა დავიწყებული - მხოლოდ იმიტომ, რომ მერიის რომელიღაც ჩინოვნიკს მოეწონა ჩვენი საბავშვო ბაღის მოვლილი და ნაპატრონები ეზო-გარემო და იქ კერძო სკოლის გახსნა გადაწყვიტეს!..

როცა მათი გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე, მე იძულებული გავხდი, გამოვსულიყავი სიტყვით საკრებულოს სხდომაზე ბაღის გადასარჩენად. იქ ამიხსნეს, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბაღების დამსხვილება და თქვენ, ქალბატონო მზია, რომელიმე დიდი ბაღის გამგედ გაგიშვებთო. მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა.

ყოფილი ბაღის შენობის მცველებად ქცეულნი...

რამდენიმე თვის შემდეგ, იმის გამო, რომ წერილებს წერილებზე ვწერდი, იმ ბაღის შენობა, რომელიც გააუქმეს და სადაც ჩემი ცხოვრების 20 წელიწადი გავატარე, ვერ გაასხვისეს. იმიტომ, რომ მე და ჩემი მეუღლე - ელგუჯა ლეჟავა, რომელიც ასევე წლების მანძილზე გახლდათ სოფელ დიდი ჯიხაიშის სკოლის დირექტორი, მორიგეობით ვიცავდით. ვიცავდით იმიტომ, რომ შენობა და ეზო, რომელიც ჩვენი ოჯახის შრომითა და ხელშეწყობით ლამის წალკოტად ვაქციეთ, არ გაევერანებინათ. ჩვენი საკუთარი სახსრებით ვუვლიდით მას წლების მანძილზე. ეზოში გვქონდა გაშენებული ჟოლოს ტალავერი, ვენახი, 40 ძირი ნამყენი ვარდი, 40 ძირი დეკორატიული ბზა, ჭური ჩავაგდეთ იმიტირებულ მარანში და ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე საკუთარი ხელით აშენებდა და აკეთებდა. ამისათვის სახელმწიფოს ჩვენთვის სახსრები არასოდეს გამოუყვია. ამ შენობაში ვაწყობდით არაჩვეულებრივ ღონისძიებებს - პატარების გემოვნება ძველ ქართულ ფესვებზე რომ გაგვევითარებინა.

მაგრამ, როცა ცხინვალიდან დევნილების ახალი ნაკადი წამოვიდა, ?9 ბაღის შენობაში, რომელიც ჩემმა ოჯახმა განადგურებას და გაპარტახებას გადაარჩინა, ქალაქის ხელმძღვანელობის განკარგულებით, სპეცნაზის ძალით შემოიყვანეს დევნილი ოჯახები - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებდით შენობის დათმობას. გარეთ გამოგვიყარეს ინვენტარი, რომელიც იქ გვქონდა ცალკე დაცული და შენახული...

 

პანღური - ჩვენი თავდადებისთვის

არანაირად არ მცეს პატივი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის წევრი; ორჯერ გახლდით საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ნაცმოძრაობიდან, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის  მანძილზე   მიღებული   მაქვს „სახალხო განათლების“ წარჩინებულის სამკერდე ნიშანი; მონიჭებული მქონდა ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო პედაგოგის წოდება; სკოლაში ვიყავი ინგლისური ენის მასწავლებელთა მეთოდ-გაერთიანების ხელმძღვანელი; ვიყავი ინტერკლუბის თავმჯდომარე...

პრეზიდენტ რეიგანთან მე პირადად გავაგზავნე წერილი ქუთაისელი პედაგოგების სახელით და ვთხოვდით ინდიელთა ბელადის - პელტიერის გათავისუფლებას. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ნაცმოძრაობის ბელადთა ხელში თავად გავხდებოდი ინდიელთა ბელადის იღბლის მოზიარე...

იმ დროის შემდგომ, რაც მოვიარე ციხე და ანალიზი გავუკეთე ჩემს ცხოვრებას, ვფიქრობ: რატომ არ ვაკეთებდი მეც იმას? რატომ არ ვცხოვრობდი მეც იმ ცხოვრებით, რითაც იცხოვრეს სხვებმა; რითაც მაჯობეს, შეიძინეს ქონება, იშოვეს ფული და მოიხვეჭეს კეთილდღეობა? მე ხომ ჩემი პატიოსნებით გასაჭირის მეტი არაფერი შემიძენია...

 

„არამკითხე მოამბეო“... ციხეში!

№9 საბავშვო ბაღის გაუქმების შემდგომ ?24 ბაგა-ბაღის დირექტორად დამნიშნეს. შენობა დამხვდა სრულიად გაპარტახებული. სარემონტო სამუშაოებისათვის მერიამ გამოგვიყო 2 000 ლარი. ამ თანხით შენობის მოყვანა მუშა მდგომარეობამდე გახლდათ სრულიად შეუძლებელი. გადავწყვიტე, ბანკიდან გამომეტანა სესხი, რათა საბავშვო ბაღის რემონტი დროულად დასრულებულიყო.

სესხის გადახდა ახალი დაწყებული მქონდა, როცა მერიის კანცელარიის თანამშრომლებმა - რომან და მარინა გვეტაძეებმა მომიტანეს ამბავი, რომ მერიაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და საბავშვო ბაღების 10 დირექტორის ადგილი სჭირდებათ, რისთვისაც ძველი დირექტორების გათავისუფლებაა საჭირო.

ხელმეორედ რომ არ გავმხდარიყავი „კეთილმოსურნე“ ხელისუფლების ლოკალური წმენდის მსხვერპლი, გადავწყვიტე, მომეძებნა ხერხი, რითაც თავის გადარჩენას შევიძლებდი.

სკოლამდელი აღზრდის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერმა შემოგვთავაზა წინადადება, რომ ქალბატონი მარინა გვეტაძე შემოგვიტანდა საბავშვო ბაღისათვის განკუთვნილ პროდუქტებს...

დღემდე ვეძებ მიზეზებს და ვერ გამირკვევია - რატომ დამიჭირეს! ქალაქის ბაგა-ბაღების 20 თანამშრომელი 2010 წლის 24 ნოემბერს აგვიყვანეს, როგორც მაშინ აგვიხსნეს, მოწმეების სახით. გვითხრეს: თქვით, რა იცით მარინა ცირეკიძის შესახებ და გაგათავისუფლებთო. ჩვენ, ყველანი ერთად, იმ ღამესვე გადაგვიყვანეს თბილისში, მოდულის შენობაში.

რამდენადაც ვიცი, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პედაგოგი ქალების დატერორება საახალწლოდ ასეთი სახით. გვეუბნებოდნენ, თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე და სამ თვეში გაგათავისუფლებთო. საკრებულოს წევრის, მარინა ცირეკიძის დასახსნელად ქალაქის მერიის მესვეურებმა ყველაფერი იღონეს. მის გამო ატეხილ აჟიოტაჟს კი 20 პედაგოგისა და ბუღალტერის სახელი და მომავალი გადააყოლეს!

სამი თვის შემდეგ, როცა შინ დაბრუნებას ველოდებოდი, ერთ ღამეში ოციდან შვიდ ქალს ბრალი მოუხსნეს და, როგორც შემდგომ კულუარებში მითხრეს, - ფულით თავდახსნილი ერთ-ერთი ბუღალტერის მაგიერ დამტოვეს ციხეში!...

 

სახლის გაყიდვის სანაცვლოდ მოპოვებული თავისუფლება

დამჭერებიც, გამომძიებლებიც და ციხის დაცვაც - ყველანი პატივისცემით გვექცეოდნენ, მათზე ცუდის სათქმელად ენა არ მომიბრუნდება.

სამწლიანი პატიმრობა მომისაჯეს, სამი ციხე მოგვატარეს...

ჩემი ოჯახის წევრებთან საპროცესო გარიგება შედგა და 12 ათასი ლარის გადახდაზე შეთანხმდნენ. იმ სესხით, რომელიც დაჭერამდე რამდენიმე თვით ადრე ბანკიდან გამოვიტანე, საბავშვო ბაღს გავუკეთეთ რემონტი, დავამონტაჟეთ გათბობის სისტემები, ჩავსვით ფანჯრები, შემოვლესეთ გარედან კედლები. მეტის გაკეთება ვეღარ მოვასწარით. მე ვიცი ბაღის რამდენიმე დირექტორი, რომლებსაც ოჯახის უძვირფასესი ქონება, ოქრო ჰქონდათ ბანკებში ჩალომბარდებული, თავთავიანთი ბაღებისათვის რემონტები რომ ჩაეტარებინათ.

ჩემმა ოჯახმა გაუსტუმრებელ ვალებს ციხიდან ჩემს თავდასახსნელად გამოტანილი ვალიც დაადო და იმ 33 ათასი ლარის სანაცვლოდ, რომელიც ერთობლივად დაგვიგროვდა სამ ბანკში, მამის დანატოვარი სახლი (სადაც ოთხი ოჯახი ვცხოვრობდით) - გაგვიყიდეს და ყველანი ერთად ქუჩაში აღმოვჩნდით!

ოჯახის უძვირფასესი რელიკვია - მამაჩემის 3 ათასი წიგნისაგან შემდგარი უნიკალური ბიბლიოთეკა, თავისი პიანინოთი - სახლის წინ, ქუჩაში დაგვიყარეს. მეუღლის ერთ-ერთმა უახლოესმა ნათესავმა ჩვენი მდგომარეობის შესახებ შორიდან შეიტ-ყო, სოფლიდან ჩამოვიდა. ქალაქში დაკეტილი საკუთარი სახლის კარი გაგვიღო და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვცა.

ასე დავკარგეთ მამის დანატოვარი სახლი, სადაც ჩვენ წლების მანძილზე ვცხოვრობდით და მამის დანატოვარისათვის არაფერი შემიმატებია, უბრალო კოსმეტიკური რემონტიც არ გამიკეთებია კედლებისათვის, ტუალეტიც კი არ გვქონდა ხეირიანი. მე რომ სახელმწიფო ქონების მხარჯველი და მფლანგველი ვყოფილიყავი, ნუთუ საკუთარ თავს და ოჯახს ვერაფერს შევმატებდი? დაჭერამდე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის ნისიად გამოტანილი პროდუქციის თანხა კეჩის ბაზრობაზე დღესაც არ მაქვს გასტუმრებული! მე ბევრი ახალი თაობა მყავს გაზრდილი, ლექციებს ვკითხულობდი აგრარულ-ტექნოლოგიურ აკადემიაში და ჩემს შვილებსაც და აღსაზრდელებსაც მუდმივად ვუყვებოდი ამბავს ჩემი წინაპრებისას, რომლებიც სოფელ ბაშში ცხოვრობდნენ და მთელი სოფელი შემოდგომაზე მათ ეზოში ყრიდა მოსავალს შესანახად, - ამ ოჯახში არაფერი დაგვეკარგებაო. მე კიდევ, თავად კორუფციონერებმა და ბიუჯეტის მფლანგველებმა დამნაშავედ მცნეს და ჩვენ, ქუთაისელ პედაგოგ ქალებს, რუსთავის ციხის ახლადგარემონტებული საკნების პრეზენტაციის ბედნიერება გვარგუნეს.

მე თუ დანაშაული მქონდა ჩადენილი, დანაშაული მათაც ჩაიდინეს: იმიტომ, რომ სამ თვეში რომ გამოვსულიყავი, როგორადაც თავად გვპირდებოდნენ, ბანკის ახალ ვალებს არ ავიკიდებდით და მამის დანატოვარ სახლს არ დავკარგავდით.

ჩემი დანაშაული ის იყო, რომ ნაციონალური ხელისუფლების უღირს კადრებს ღირსეულ ადამიანებად ვთვლიდი, მათ კი ისე იოლად და მარტივად გამიმეტეს განადგურებისათვის, რომ თვალიც კი არ დაუხამხამებიათ. დღეს ვარ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, ჩემი ათსულიანი ოჯახით სხვის სახლს შეხიზნული, მადლიერების სახლის ბენეფიციარი და მთელი ჩემი ოჯახი მხოლოდ იმისათვის შრომობს, რომ სამი ბანკის ვალები ვიხადოთ. - ასრულებს თხრობას ქალბატონი მზია, რომელიც სკამის ქვეშ მალავს თავის გაცრეცილ ფეხსაცმელებს...

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია