გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტის ვერსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი სპექტრი მუშაობდა.
კანონპროექტის შემუშავება 2008 წელს დაიწყო. თუმცა, პირველად ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრისაგან შევიდა პარლამენტში. 2009 წლის დასაწყისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და იურისტები. კანონპროექტი ჯერ კიდევ პირველ მოსმენამდე განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. კომიტეტის წევრებმა გენდერულ თანასწორობას მხარი დაუჭირეს. მათ აღნიშნეს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული დროებითი ღონისძიებებია გასატარებელი.
კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგაც შევიდა გარკვეული ცვლილებები. სავარაუდოდ, მისი მეორე და მესამე მოსმენა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება.
პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო უკვე გადაიქცა მუდმივმოქმედ ორგანოდ.
ეს საბჭო თავიდანვე იყო პირველი ინსტიტუციონალური მექანიზმი საქართველოში, რომელიც შეიქმნა გაეროს განვითარების ერთ-ერთი პროგრამის მხარდაჭერით. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი, მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო იკრიბება რეგულარულად და გენდერულ ჭრილში განიხილავს სხვადასხვა კანონპროექტებს. მათ შორის შრომის კოდექსს, კანონპროექტებს ტრეფიკინგის, ოჯახური ძალადობის, სტატისტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ. საბჭოს წევრების მოვალეობაა, რეგიონებში გასვლა და ადგილობრივ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებითან და მოსახლეობასთან შეხვედრა.
პირველი მოსმენით მიღებული კანონ-პროექტი ისევდაისევ იხვეწება, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად და, ძირითადად, გაეროს კონვენციას „ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“ ეყრდნობა.
კანონ-პროექტის მიზანი ასეა განმარტებული: „საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის მიღწევა, სათანადო პირობების შექმნა, ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სქესის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის თავიდან აცილება და აღმოფხვრა.
კანონპროექტით, სახელმწიფო პოლიტიკამ გენდერული თანასწორობის მისაღწევად უნდა მოახდინოს: სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; ამ კუთხით მიმართული სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სქესთა ნიშნით მოქალაქეთა დისკრიმინაციისკენ მიმართული ყველა სახის ინფორმაციის გავრცელებისგან საზოგადოების დაცვა; გენდერულ, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის მხარდაჭერა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
კანონის მიღება უკვე დიდი პროგრესია. ის იქნება პირველი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს და დააკანონებს გენდერულ თანასწორობას. აქამდე, მხოლოდ კონსტიტუცია ახორციელებდა ამას და ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ავალდებულებს საქართველოს ქალთა უფლებების დაცვას და გენდერული თანასწორობის მიღწევას. რაც შეეხება კანონის ნაკლს, , არ არის კარგად დამუშავებული კანონის აღმასრულებელი ინსტიტუციური მექანიზმი, არ არის გამოკვეთილი სანქციები კანონის დარღვევის შემთხვევაში. ასე რომ, ამ სახით კანონი მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და მისი აღსრულება გართულდება.
თუმცა, როგორც მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ზურა მჭედლიშვილი ამბობს, მთავარია შეიქმნას კანონი და ცვლილებების განხორციელება სხვა კანონებთან მიმართებაში ყოველთვის შეიძლება მოხდეს.