დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ვაჩიბერაძე: „საკრებულოს წევრების თვალწინ ოთხი ახმახი მომვარდა და ცემა დამიწყო“
2012/05/07 11:44:26

ორმაისობას დაწყებული ჟურნალისტების ცემა-ტყეპა სამ მაისსაც გაგრძელდა. იმ სხდომის დროს, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში იმართებოდა და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ადგილობრივი  თვითმმართველობისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ, გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი ცემეს.

 

შეხვედრა დახურული იყო, თუმცა ირაკლი ვაჩიბერაძემ იქ შესვლა მოახერხა. როგორც თავად ირაკლი ჰყვება, პარტერში მჯდომი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამოიცნეს, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ გაეყვანათ და მინისტრის დაცვის წევრებს ეცემათ.

„როდესაც დავინახე, რომ  შემამჩნიეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მერიის პრესსამსახურის უფროსმა ქეთი დეისაძემ, დავაპირე პარტერიდან გამოსვლა, მაგრამ საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ ხელი წამავლო და გარეთ გამოაბრძანა. ფოიეში კი ოთხი ახმახი მომვარდა და ცემა დამიწყო. მირტყამდნენ თავში და პანღურებს მითავაზებდნენ. ქუთაისის საკრებულოს წევრები: კახა ნემსიწვერიძე და დავით გოგისვანიძე იქვე, ახლოს იდგნენ და ამ ყველაფერს ხედავდნენ. შველას ვთხოვდი, თუმცა მათ ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. ასევე ქეთი დეისაძეს ვთხოვე დახმარება: მიშველე, ხომ ხედავ, მირტყამენ-მეთქი და თვალი ამარიდა. წამართვეს დიქტოფონი და ტელეფონი. როცა დამიბრუნეს, მასალები წაშლილი იყო. როდესაც მივხვდი, რომ არ გაჩერდებოდნენ, ასთმა მოვიმიზეზე და დაცვის წევრებს ვუთხარი, რომ ცუდად გავხდებოდი. ეს, ალბათ, არ აწყობდათ და გარეთ გამომიყვანეს,“- ამბობს ირაკლი.

თეატრის გარეთ შეხვედრის დასრულებას სხვა ჟურნალისტებიც ელოდებოდნენ. როგორც ირაკლი გვიყვება, მას დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ფეხი დაუდო და წააქცია. ეს ფაქტი „მაესტროს“ ჟურნალისტმა ნანა თვალაბეიშვილმაც დაინახა და დაცვას ჰკითხა, ახლა მაინც რაღატომ სცემდა ჟურნალისტს. მან ნიშნისმოგებით უპასუხა: „მაგან სიარული არ იცოდეს, მე დამაბრალეთ ეგეცო“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი სააგენტო „ექსპრესნიუსთან“ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა; მან აღნიშნა, რომ არაფერი იცოდა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა დეტალურად გამოიკვლევდნენ. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ჟურნალისტი დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გამოიყვანეს და გარეთ, ალბათ, ადგილობრივებმა სცემესო.

ჟურნალისტის ცემის ფაქტით სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები დაინტერესდნენ და საქმის შესწავლა დაიწყეს.

3 მაისს, საღამოს 6 საათზე, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან და 2-3 მაისს ქუთაისელი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს  ახლადგახსნილ შადრევანთან. ჟურნალისტების მიერ შეკრული ჯაჭვი 5 წუთის განმავლობაში მდუმარედ გამოხატავდა პროტესტს.

მირიან ბერულავა, გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“: „ჩვენს კოლეგებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია. ისიც ისეთი ადამიანებისაგან, რომლებიც საჯარო სამსახურს წარმოადგენენ. მათი მოვალეობა საჯარო ინფორმაციისათვის ფიზიკური ძალის დაპირისპირება არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ასე ხელიხელჩაკიდებული, მდუმარედ ვაპროტესტებთ ამ ფაქტს, იმის ნიშნად, რომ გაიგოს ხელისუფლებამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ - ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენი მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება და არა - რომელიმე პარტიის მხარდაჭერა“.

თეა ზიბზიბაძე, „ახალი გაზეთის“ პასუხისმგებელი რედაქტორი: „ჩვენ სიმბოლურად გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება იმ ფაქტების მიმართ, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ქუთაისში ხდებოდა. ეს იყო მედიის მიმართ ზეწოლა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, როგორშიც გუშინ და დღეს ჩვენი კოლეგები იყვნენ. ეს არის ცემის, აპარატურის წართმევის და გადაღებული მასალის წაშლის ფაქტები. ეს ყოვლად დაუშვებელია. ამას დაემატა ის, რომ დღეს მერიაში დააწესეს შეზღუდვები და დაცვის თანხმობის გარეშე ჟურნალისტებს აღარ უშვებენ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს მომავალში“.

ზვიად ხუჯაძე, რადიო „ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი: „ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის და, მითუმეტეს, როდესაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ეშლება ხელი და მერე ხდება ამის გამო ადამიანის ცემა. ეს არის აბსოლუტურად უწყინარი პროფესია. როცა ადამიანები მიდიან და ფაქტებს აშუქებენ არ მესმის, რატომ უნდა შეუშალო ხელი ჟურნალისტებს, როდესაც, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მით უფრო - მერე კიდევ სცემო“.

გვანცა თოთაძე, რადიო „ძველი ქალაქი“: „ყოველგვარი ძალადობა - ეს იქნება სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ცემა-ტყეპა, რაიმე მასალის წართმევა და ა.შ. არის მიუღებელი, რადგან ჩვენ მეოთხე ხელისუფლება ვართ. ჩვენი მოვალეობაა ფაქტების გაშუქება და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს. ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. როგორც ჩვენ ვიცავთ კანონებს, ისე მოვუწოდებთ სხვებსაც, რომ დაიცვან კანონები. ნუ შევლახავთ ერთმანეთის უფლებებს“.

აქციაზე, რომელსაც სლოგანად ჰქონდა - „გაერთიანებული მედია - ძალადობის წინააღმდეგ“, სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა და მშვიდობიანად დასრულდა.

გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის ცემის ფაქტს უამრავი საინფორმაციო სააგენტო, გაზეთი, ინტერნეტგაზეთი და სხვა მედიასაშუალება გამოეხმაურა. მათ თანადგომა გამოხატეს ნაცემი ჟურნალისტის მიმართ. ზარი არ წყდებოდა რედაქციის ტელეფონზე, ჟურნალისტის მობილურზეც.

თავად ირაკლი ამბობს, რომ დიდი მხარდაჭერა იგრძნო კოლეგებიდან და ანალოგიურ შემთხვევაში, თავადაც ისევე, დაუდგება გვერდით სხვა ჟურნალისტებს, როგორც ისინი გამოხატავდნენ სოლიდარობას.

P.S. გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლას ასევე ადგილი ჰქონდა ფოთში, სადაც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს TSPRESS.GE-ს ჟურნალისტს. ასევე ზუგდიდში 4 მაისს „ლაივპრესისა“ და „ნეტგაზეთის“ რეპორტიორებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა კამერები წაართვეს და არ მისცეს უფლება, გადაემოწმებინათ ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ყველა ზემოთ დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოუწოდა მთავარ პროკურორს, რომ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები გაატაროს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია