დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოქროს საწმისის“ მეანაბრეები დღემდე უშედეგოდ ეძებენ სამართალს
2011/12/19 12:47:21

„ოქროს საწმისი“ ქუთათურებს მხოლოდ მითოლოგიური ხიბლით როდი გაახსენდებათ. ეს სახელი ერქვა იმ საქველმოქმედო ფონდსაც (შპს-ს), რომელიც 90-იან წლებში დააფუძნა აწ გარდაცვლილმა თემურ ლომთაძემ. მაშინ ასობით ქუთაისელმა გაყიდა სახლები, ავტომობილები, ძვირფასი ნივთები, რათა ფულად ექცია და ფონდში ჩაედო. მეანაბრეები, პროცენტის სახით, გარკვეული ხნის მანძილზე იღებდნენ სარგებელს და იმ საყოველთაო ძნელბედობის პერიოდში, ასე ვთქვათ, „სულს იბრუნებდნენ.“ მაგრამ, მოულოდნელად, შპს „ოქროს საწმისი“ გაკოტრდა... ქალაქს ახსოვს მაშინდელი ხმაური, მიტინგები, პერმანენტული აქციები, ახსოვს ხელისუფლების ცრუ დაპირებებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ის უზარმაზარი ტკივილი, რომელიც საზოგადოებამ მაშინ მიიღო, დღემდე მოუშუშებელია. ამჟამინდელ ხელისუფლებასაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ ორჭოფული პოზიცია უჭირავს.

 

რედაქციაში ღვაწლმოსილი იურისტი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, ბატონი ელგუჯა ნემსაძე გვეწვია, რომელმაც გვიამბო:

- ქუთაისს, იმერეთის რეგიონს და არა მარტო მის მცხოვრებლებს, ალბათ, ახსოვთ ზოგისთვის „სიკეთის სამსახურში მყოფი“, ზოგისთვის კი უბედურების მომტანი ფონდი „ოქროს საწმისი“.

პირადად მე გავწევრიანდი 1996 წლის 20 ოქტომბერს და ჩავდე გაყიდული მსუბუქი ავტომანქანის მთლიანი თანხა - 2300 აშშ დოლარი, რომელსაც 1997 წლის 10 აგვისტოს ორასი ლარი დავამატე ამავე ფონდის მოწოდებით  („დასაქმების, ავტომანქანის, ბინის, რადიოტელე-ვიდეო-აუდიო აპარატურის“ მოგების ხიბლით). ჩემმა მეუღლემ, ნინო ლექვთაძემ, 1997 წლის 3 სექტემბერს პროდუქტებზე 195 ლარი ჩადო.

1997 წლის ნოემბრიდან „ოქროს საწმისმა“ თავის შესაძლებლობები ამოწურა.

ქალაქს ემახსოვრება „ბჟოლებში“ მდებარე უნივერმაღში ხალხის დიდი რიგები, წიოკობა, გაუთავებელი კომისიების მუშაობა. აწ გარდაცვლილი (აცხონოს ღმერთმა!) დამფუძნებლის თემურ ლომთაძის და მისი მეუღლის ნანა არწივიძე-ლომთაძის დაპირებები კრედიტორებზე. „ბიზნეს-აკადემიკოსის“ საბედისწერო განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რამაც გამოიწვია მაშინდელი გუბერნატორის გაანჩხლებული საუბრები ლომთაძეების თაღლითობებსა და „პირამიდებზე“, მიმართვა მოსახლეობისადმი - გამოეტანათ თანხა, რაც შვეიცარიის ბანკებსაც გააკოტრებდა. შემდეგ გაუთავებელი სასამართლო პროცესები ქალაქის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. ბოლოს, რატომღაც, თერჯოლასა და ზესტაფონში გადატანილი პროცესები; დაჭერილი ნანა ლომთაძე - სახელმწიფო დავალიანებების გადაუხდელობის მოტივით და, მგონი, ერთწლიანი თუ წელიწადნახევრიანი პატიმრობით დამთავრებული... შემდეგ მის მიერ აღებული ვალდებულებები კრედიტორების წინაშე, „ხელის შეშლები“ და ა.შ. და ა.შ.

საზოგადოების ძალიან ბევრი წევრი, დაწყებული აკადემიკოსით თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებით, და დამთავრებული ჩვეულებრივი მოქალაქეებით, განსაკუთრებით - დევნილებით, ვინც ვერ შეძლო ძალითა და მოტყუებით კუთვნილი თანხის დაბრუნება - დაზარალდა!

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აწ არც თუ მთლად ახალი ხელისუფლება შეუდგა ამ მართლაც მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორებას. გაიყიდა „ოქროს საწმისის“ ქონების ნარჩენები, დაინიშნა გაკოტრების მმართველი, ბატონი დავით სარალიძე, რომელიც, ბოროტი ენებით, თვეში „ექვსას ლარს ღუნავს“ და „სრულებით არ ჩქარობს, თავი დაადგას ამ საქმეს“, რაც პირადად მე არ მჯერა, რადგან მმართველი, ალბათ, კანონიერ ხელფასს იღებს და თითსაც ვერ გაანძრევს „ზემოდან“ მითითებების გარეშე.

ბევრ „ოქროს საწმისელს“ არა აქვს შესაძლებლობა, ჩატარებულ ინტერნეტ-აუქციონებს თვალყური ადევნოს, ბევრმა სახლების, ბინების, თანხების დაკარგვას ვერ გაუძლო და „გაღმა, მარილზე გავიდა“ (აცხონოთ ღმერთმა იქაური სამართლის მოლოდინში!). ჩემს მიერ გაყიდულ მანქანას „ჩემს ფეხებს“ ვეძახდი (რადგან ორივე ფეხზე ოთხი მძიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი). ჩემი თხოვნაა, დაადგინოთ, რა სტადიაშია დღეს „ოქროს საწმისი“. მის ნარჩენ ქონებას კვლავ სახელმწიფოს შემოსავლების სამინისტრო წაიღებს „ბიუჯეტის შესავსებად“ და ხალხს, უკაცრავად პასუხია და,  „ჩემს ფეხებს“ დაუტოვებს, თუ თავანს მაინც დაგვიბრუნებს ჩვენივე თანხიდან?!

ბატონმა ელგუჯამ ბოლოს დასძინა:

- ვფიქრობ, ამ საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა კარს მომდგარ არჩევნებზეც ჰპოვებს ასახვას...

 

***

სრული ორი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით: შპს „ოქროს საწმისის“ გაკოტრების მმართველს, ბატონ დავით სარალიძეს შევხვედროდით. სატელეფონო საუბრისას მან კატეგორიული უარი გვითხრა ოფისში შეხვედრაზე - არა მაქვსო. შემდეგ ხან პასუხობდა ჩვენს სატელეფონო ზარს და გვპირდებოდა, რომ თავად გვეწვეოდა რედაქციაში, ხან საათობით გვითიშავდა ტელეფონს. ზუსტად სამჯერ რომ   შეგვპირდა   მობრძანებას  და  „კატა-თაგვობანას“  თამაში გაგვიმართა, იძულებული გავხდით, მესიჯით გაგვეფრთხილებინა: ბატონო დავით, დავწერთ, რომ გვემალებითო.

როგორც იყო, შეასრულა სიტყვა და „უოფისო მმართველი“ რედაქციაში გვეწვია. 

- ბატონო დავით, დღეს რა მოვალეობა გაქვთ შპს „ოქროს საწმისში“?

- 2010 წლის 12 აპრილს ზესტაფონის სასამართლოს მიერ „ოქროს საწმისის“ გაკოტრების მმართველად დავინიშნე. „ოქროს საწმისში“ საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ნებისმიერი მოქალაქე იყო გაწევრიანებული. მათ თანხები ჰქონდათ შეტანილი. სხვადასხვა წელს განსხვავებული პროცენტულობით იღებდნენ თანხის სახით სარგებელს, ასევე - სურსათის სახით.

მე, უბრალოდ გაკოტრების მმართველი ვარ.

- როგორც ვიცით, ასობით ქუთაისელმა ბინები, ავტომობილები, სხვადასხვა ნივთი გაყიდა და „ოქროს საწმისში“ თანხა შეიტანეს. როდესაც ორგანიზაცია გაკოტრდა, ამ ხალხმა, მათ შორის - ჩვენი გაზეთის მკითხველმა, ბატონმა ელგუჯა ნემსაძემ, ფაქტობრივად, დაზოგილი ქონება დაკარგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს. იგეგმება თუ არა დაზარალებული ადამიანებისთვის დაკარგული თანხების დაბრუნება?

- ვისიც გამახსენდება, გეტყვი კონკრეტულ მაგალითებს. ძალიან ბევრმა სახლები გაყიდა, მათ შორის - მაგალითად, დალი კობეშავიძემ. არ აქვს მნიშვნელობა, სახლი გაყიდა, თუ მანქანა. ამ ხალხმა მისი კუთვნილი თანხა, თავისი ნება-სურვილით შეიტანა ორგანიზაციაში - ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას, ჩემთან კი არ შემოუტანიათ თანხა. ანუ, მინდა მოხდეს გამიჯვნა. გადახდის უუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი არეგულირებს ამ თემას. იქ რომ ვიღაცამ თანხა შეიტანა, მე იმასთან არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ, მაქვს ვალდებულება გადახდის უუნარობის საქმის წარმოებიდან გამომდინარე, ყველა კრედიტორი აღიაროს სასამართლომ. მან ყველა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს, ყველა მამტკიცებელი საბუთი, რაც მას ხელთ აქვს. ანუ, არგუმენტი, რომ ის არის შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორი. შემდეგ სასამართლო მაძლევს სიას, რომ ეს ადამიანი, სახელი და გვარი, თქვენ ვინც თქვით, არის აღიარებული კრედიტორად. ამ ეტაპისთვის 1718 ადამიანია. მათ დაკარგეს, პირდაპირ ვთქვათ, ფული. მათ რომ თანხა დაკარგეს, მიმართეს სასამართლოს სხვადასხვა წლებში? 1997 წლიდან დაწყებულია სასამართლოში საქმის წარმოება. თავიდან ერქვა გაკოტრების საქმის წარმოება. ამჟამად ჰქვია გადახდის უუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონი. ანუ, გაკოტრების საქმე რომ დაიწყო, თავიდან ყველამ მიმართა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს დღესაც არ აქვს მიმართული.

დროს დააკვირდით: 1997 წლიდან დღემდე 15 წელი გავიდა. ზოგი გარდაიცვალა, ზოგი რას ამბობს, იცით: „მე იმდენი ვისარგებლე, აღარ მინდა, აღარ მიღირს ნერვების შლა“.

- მაინც, რა პროცედურა უნდა გაიარონ კრედიტორებმა?

- ყველას, ვინც არის კრედიტორი, ვისაც თანხა ჰქონდა შეტანილი, უნდა მიემართა სასამართლოსთვის. 1997 წლის მერე გეუბნები, 2010 წელსაც. მე, რომ დავინიშნე გაკოტრების მმართველად, მაშინაც დაიწყო ხალხმა საბუთების წარდგენა სასამართლოში და ჩატარდა ექვსი სასამართლო პროცესი.

- სასამართლო პროცესს შედეგი მოჰყვა?

- სასამართლო პროცესს მოყვა შედეგი, სასამართლომ მომცა სია კრედიტორების. ეს იყო 1717 ადამიანი. ათასშვიდასმეთვრამეტე ამ წუთისთვის არის სახელმწიფო. შპს „ოქროს საწმისს“ დავალიანება აქვს სახელმწიფოს წინაშე. 1997 წლიდან გაკოტრების ხუთი მმართველი გამოიცვალა. ჩემმა წინამორბედმა, რაც ქონება გადმომცა, მიღება-ჩაბარების აქტი იურდიულად გაფორმდა. მე რა ქონებაც ჩავიბარე, ამა წლის ოთხ ივლისს, რიგით მეორე ინტერნეტ-აუქციონი ჩატარდა და გასაყიდად იქ გავიტანეთ.

- კულუარებში საუბრობენ, რომ დღეს ამ საკითხს ხელისუფლება აკონტროლებს, რომ ხელფასი 700 ლარი გაქვთ...

- არა, ბატონო. მე ხელფასი 620 ლარი მერიცხება, ხელზე თვეში 496 ლარს ვიღებ. აუქციონის რეალიზებული თანხიდან ფულს არ ვღებულობ. აუქციონი ჩატარდა    იმისთვის,   რომ   ყოფილიყო მაქსიმალურად   გამჭვირვალე,  ყოფილიყო ნაკლები კითხვის ნიშანი. 1717 ადამიანია, უამრავი ოჯახის წევრები დგანან მათ უკან და ვინმეს არ გასჩენოდა დამატებითი კითხვები. რამდენად სამართლიანად ჩატარდა აუქციონი... ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილობით მივმართე, როგორც გაკოტრების მმართველმა, წარმოვადგინე ყველა ის დოკუმენტაცია, რაც იყო საჭირო მომსახურების სააგენტოსთვის და, შესაბამისად, ჩატარდა ინტერნეტ-აუქციონი, გვაინტერესებს, აუქციონზე „ოქროს საწმისის“ რომელი ქონება გაიყიდა? აუქციონში ვინც გაიმარჯვა, მიღებული სახსრები გადარიცხა სასამართლოს საერთო სადეპოზიტო ანგარიშზე. ანგარიშიდან თანხა არავის გაუტანია ერთი უბრალო მიზეზის გამო, ჯერ არ დაწყებულა თანხის განაწილება: აუქციონზე ყველა ქონება არ გაყიდულა, იყო ცხრა შენობა. აქედან ექვსი გაიყიდა.

- აუქციონზე „ოქროს საწმისის“ ქონება რომ გაიტანეთ, ინფორმაცია ჰქონდათ კრედიტორებს? რამდენად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი?

- როგორ არ ჰქონდათ ინფორმაცია, საიტზე www.auqcion.ge-ზე დადებული ქონება რამდენად გამჭვირვალეა... მაგ კითხვას ნუ დამისვამთ. ანუ, თქვენ ვებგვერდს აყენებთ კითხვის ქვეშ და ინსტიტუტის არსებობას!  აუქციონი რომ ტარდებოდა, არ გვქონდა ინფორმაციაო! მე გეუბნებით, მეტი გამჭვირვალობა რა შემოგთავაზოთ. ახლა ტელეფონზე, ასე რომ ვთქვათ, ყველას ვპასუხობ... ამჟამად, სამი ტელეფონით დავდივარ, ანუ, რას ვამბობ იცით, ინტერნეტ-აუქციონი არის ყველაზე გამჭვირვალე ფორმა. არ იცით, რომელი გვერდია?

- არა, არასდროს მინახავს...

- ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ვებგვერდია, სადაც აუქციონები ტარდება. კერძო აღმასრულებლებს გააქვთ ქონება, სხვადასხვა ავტომობილები და ათასი დაყადაღებული ქონება. როგორი რაღაცაა იცით, მაგაზე კითხვის ნიშნის დასმა, უკაცრავად და მიუღებელია. მეტი გამჭვირვალობისთვის, აუქციონის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, წარმოიდგინეთ ინტერნეტით 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ  ადამიანს  შეეძლო    შესულიყო  და  მიმდინარეობას  დაკვირვებოდა. მე შემიძლია მოგიტანოთ ფაქტები, ქუთაისში ყველაზე გავრცელებული მასობრივი საშუალება რა არის? საკაბელო ტელევიზიის ტიტრები არის საკმარისი? ის, რომ იყიდება www.auqcion.ge-ზე „ოქროს საწმისის“ გაკოტრების მასაში შესული საწმისის ქონება. მე ჩავთვალე პრიორიტეტულად, რომ საკაბელო ტელევიზიაზე გამეშვა, იმას უფრო უყურებდა ხალხი. ეს ქონება ინტერნეტში ერთი თვის მანძილზე იყო გამოტანილი.

- ინტერნეტი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელია...

- ერთი წუთით, მომისმინეთ, იცით როგორი რაღაცაა - მყიდველის კუთხით უდგებით ამ საკითხს, თუ გამყიდველის. კრედიტორები ამბობენ, ჩვენ გვინდოდა ყიდვა და მმართველმა ისე გაყიდა, არაფერი ვიცოდითო. „ჩვენ არ ვიცოდით“,  არის აბსურდი.

- ბატონო დავით, აუქციონზე,  „ოქროს საწმისის“ ნაწილი ვინ შეიძინა?

- სხვადასხვა ქონებას, სხვადასხვა მყიდველი ჰყავს. ზეპირად მათი სახელი და გვარი არ მახსოვს. გასაყიდად გატანილი შენობის სახელწოდება შემიძლია გაგიგოთ, ნებისმიერი ქონების მყიდველის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს საჯარო რეესტრის მონაცემებში არის გამჭვირვალედ.

- კრედიტორებს სრულად დაუბრუნდებათ თანხა?

- ამ ეტაპზე კრედიტორებს რა ოდენობით დაუბრუნდებათ თანხა, ამის თქმა შეუძლებელია. იმიტომ, რომ ნინოშვილის უნივერმაღის ყოფილი შენობა,  რომელიც არის ყველაზე ძვირადღირებული, ჯერ არ გაყიდულა. ყველა ქონება უნდა გაიყიდოს, ნინოშვილის უნივერმაღიც უნდა გაიყიდოს. აუქციონზე შემოსული თანხები სამართლის ერთიან სადეპოზიტო ანგარიშზე დაჯდება. რომ გაიყიდება ყველა ქონება, იქნება ფული. მერე დაიწყება ყველა კრედიტორზე პროპორციულად გადანაწილება. 1717 ადამიანზე უნდა გადანაწილდეს, მათ შორის მეთვრამეტე სახელმწიფოა. პროცენტულად დაფინანსდება, ზოგს 10, 20, 30 და 60 პროცენტი ერგება. სრული დაფარვა სამწუხაროდ ვერ მოხდება. ექვსი მილიონი ლარია ვალი, ამჟამად 318 ათასი დოლარი მაქვს. ნინოშვილის უნივერმაღი ძვირადღირებულია, მაგრამ ხუთ მილიონ ლარად ვერ გაიყიდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 487567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია