დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მგზავრების „ჭკუაზე“ წარამარა გაჩერებული ტრანსპორტი
2011/07/04 12:31:56

ვინ უნდა დაადგინოს, სად დავუქნიოთ ხელი „მარშრუტკას?“

მართალია, ჯერჯერობით, არც თუ მთლად ცხელი ზაფხული გვაქვს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, კერძოდ, ავტობუსები უკვე „სურნელოვანი“ გახდა. იქ ასულს ყველაზე მეტად დანიშნულების ადგილამდე დროულად მისვლის სურვილი გიპყრობთ, მაგრამ „ბოროტი“ მძღოლები თქვენს მონდომებას არაფრად აგდებენ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებენ, ოღონდ მგზავრი გამოჩნდეს და... თითოეულ ადამიანში კი, ალბათ, მხოლოდ 30 თეთრს ხედავენ.

ამ შემთხვევაში ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არაგეგმურ გაჩერებებზე უნდა გავამახვილოთ. ავიღოთ ?1 ავტობუსის სვლა-გეზი, წესით, 20-22-ჯერ უნდა შეჩერდეს მგზავრთა ჩამოსხმა-აყვანის მიზნით ერთი წრის დარტყმისას, მაგრამ გაჩერებათა რიცხვი თვითნებურადაა გაზრდილი. მაგალითად, რამდენჯერ შევსწრებივარ, როცა სახალხო ბანკის (ლომებიან სახლს რომ ეძახდნენ) წინ გაჩერებულ ?1 ავტობუსს მოძრაობა შეუფერხებია და მგზავრების უკმაყოფილებაც მრავლად მოუსმენია მძღოლს. როგორც ვიცით, ამ ადგილას გაჩერება  ოფიციალურად აკრძალულია. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა ხომ საერთოდ ქაოსურია და ყოველგვარ კანონიერებას მოკლებული. განსაკუთრებით პრობლემურია ?100, რომელსაც ჩქაროსნულის მხოლოდ სახელიღა აქვს შემორჩენილი. ისე კი, სოფლის ავტობუსი უფრო სწრაფად დადის, ვიდრე ზემოხსენებული „მარშრუტკა,“ რომელიც ყოველ 5 მეტრში აჩერებს, ოღონდაც კი გამჩერებელი გამოჩნდეს ვინმე. ამასთან ერთად, სრული დისკომფორტის შეგრძნება დაგეუფლებათ, როცა გაჩერებაზე ჩასასვლელად მთელი ბარიერების გადალახვა გიწევთ: ან ტანისამოსი არ შეგრჩებათ ფორმაში, ან ნაგვემი ჩამოაღწევთ მიწაზე, ვინაიდან მხოლოდ საქართველოში გვყავს სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც 40 კაცზეა გათვლილი. თუ მძღოლის დაჟინებული მოთხოვნით უკან გადავიწევით, 45-მდეც შეიძლება ავიდეთ. და ამგვარად, ფიზიკურთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ მორალურ ზიანსაც გვაყენებენ და დანიშნულების ადგილამდე მისვლას, მაგალითად, 10 წუთის ნაცვლად 20-25 წუთი უნდებით.

უკმაყოფილო მგზავრების მოსაზრებების მოსმენა ახლა მძღოლებთან ერთად მეც მომიხდა.

რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

ავთო მაჩიტაძე: „ყველაზე ცუდი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს საქართველოში. საშინელებაა, ყველგან რომ აჩერებენ, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან მეც დამირღვევია კანონი და იქ მითხოვია შეჩერება, სადაც ეს აკრძალული ყოფილა. ასე იმის გამო ვიქცევით, რომ არ არის წესრიგი. მივესალმები, თუკი მხოლოდ იქ გააჩერებენ, სადაც ეს ნებადართულია, ასე გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება მგზავრობას. კიდევ ერთი პრობლემაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა. რომ კანონი შემოვიდა ფეხზე დგომის შესახებ, პატრულმა იშოვა ფული და უკვე მაგას აღარ აქცევენ ყურადღებას, რაც ძალიან ცუდია: ხანდახან ხალხი გაჭყლეტამდე არის სამარშრუტო ტაქსებში.“

ირაკლი ვაჩიბერაძე:  „ხშირი გაჩერებები საზოგადოების მოთხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მაღიზიანებს.  სწორედ მარშრუტს ირჩევს საზოგადოება იმიტომ, რომ სადაც ეტყვი, იქ გიჩერებს. არის საზოგადოების გარკვეული ფენა, რომელსაც ეს ძალიან მოსწონს, მაგრამ მე, პირადად, მომხრე ვიქნები, თუ მარტო იქ გააჩერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც კანონითაა გათვალისწინებული.“

სალომე ნარმანია: „გაჩერება წარამარა რომ არის, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაში.  როცა მგზავრს უნდა დანიშნულების ადგილას გაჩერება, მძღოლები წუწუნებენ, მოხერხებულად გამოგლანძღავენ და, თუ მგზავრი ხელს დაუქნევს, ისეთ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება,  კი დაამუხრუჭებენ, რადგან ვერ დაკარგავენ სამგზავროს.“

ბეჟან ნიქაბაძე: „ეს უწესრიგობა განსაკუთრებით გამაღიზიანებელია 100 ნომრების შემთხვევაში, რომელშიც ვჯდები იმისთვის, რომ შედარებით სწრაფად მივიდე სადმე და ვიხდი 50 თეთრს. მაგრამ ხშირად იმის გამო  მაგვიანდება, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ 5 მეტრში აჩერებენ...  ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ იქ გააჩერებს, სადაც ნებადართულია, მეც მივეჩვევი წესრიგს და არც ასე ხშირად დამაგვიანდება ხოლმე.“ 

თავად მძღოლებისგან კი კომენტარის ჩაწერა ვერ შევძელი, ვინაიდან ყველამ უარი განაცხადა. 

ვინ უნდა მოაწესრიგოს არსებული მდგომარეობა, თუ არა ქალაქის ტრანსპორტის სამსახურმა, ან სამართალდამცავი ორგანოს, ამ შემთხვევაში - პატრულის წარმომადგენლებმა? თუმცა ძალიან იშვიათად, რომ ამ უწყებიდან საჭირო ინფორმაცია გამოიტანო, ამიტომ პირდაპირ ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელს, ვალერი კლდიაშვილს ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება:

„როდესაც ტენდერში იმარჯვებს რომელიმე გადამზიდავი ფირმა, მას ეძლევა ნებართვა, სადაც აღნიშნულია გეგმური გაჩერებების შესახებ. ამ კანონის დარღვევისა და იქ გაჩერების შემთხვევაში, სადაც ეს დაუშვებელია, ჩვენი სამსახური ფირმას აძლევს გაფრთხილებას, დაჯარიმებით კი უნდა დააჯარიმოს პატრულის წარმომადგენელმა. არასწორი პარკირებისთვის, როგორც ვიცი, 20-40 ლარია ჯარიმა და ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებიც დაუჯარიმებია სამართალდამცველებს. ჩვენ რაც გვევალებოდა, გავაკეთეთ, მოსაცდელები დავდგით, ნიშნები დავკიდეთ, კანონდამრღვევების დაჯარიმება უკვე პატრულის საქმეა. თანაც, რამდენჯერაც ჩვენ გაფრთხილება მივეცით მძღოლებს, იმდენჯერ მოქალაქეებისგან მივიღეთ უკმაყოფილება, რომ იქ ვერ ჩასხდნენ ტრანსპორტში, სადაც თავად ელოდნენ. მაგალითად, სახალხო ბანკიდან გამოსული პენსიონერები, რომლებსაც იქვე არ გაუჩერა ავტობუსმა, ჩვენთან მოსულან პრეტენზიით და ამის გამო ვეღარც ჩვენ მივმართავთ სადამსჯელო ღონისძიებებს,“ - განაცხადა ვალერი კლდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

როგორც ვხედავთ, მოჯადოებული წრე იქმნება, მგზავრები მძღოლებს ადანაშაულებენ, მძღოლები - მგზავრებს და ზუსტად ისეთი ამბავია, კლასიკურ თავსატეხში რომაა, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხიო. თუ თბილისში მიაგნეს ამ თავსატეხის პასუხს და ის „ყვითელი ავტობუსები“ მხოლოდ იქ აჩერებენ, სადაც კანონითაა განსაზღვრული, ჩვენთან რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს?

ეს კითხვა რომ დავუსვი ბატონ ვალერის, მიპასუხა, მოქალაქეების უკმაყოფილებას გამოიწვევს იგივეს ქუთაისში გადმოტანაო. შეიძლება, თავდაპირველად ასეც მოხდეს, მაგრამ არარეალურია ის ფაქტიც, რომ მძღოლებზე (რომლებმაც იქ არ გააჩერეს, სადაც ადამიანმა ანიშნა) გაბრაზებული მგზავრები ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებს სთხოვდნენ შველას. თანაც, თუ მგზავრს ეცოდინება, რომ „მის ჭკუაზე“ არ გააჩერებს ავტობუსი, იქ დაელოდება ტრანსპორტს, სადაც მოსაცდელია გაკეთებული.

თუკი ვისწრაფით დემოკრატიისაკენ, კანონის უზენაესობაც უნდა ვაღიაროთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია